რობერტ ქოჩარიანი

კოჩარიანი დიდ პოლიტიკაში ბრუნდება

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ კოჩარიანს პოლიტიკაში დაბრუნება სურს. ამის თაობაზე მან სომხეთის ახალი ამბების სააგენტო Mediamax-თან 30 სექტემბრის ინტერვიუში განაცხადა. მას შემდეგ რაც 2008 წელს პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, პოლიტიკოსი საზოგადოების წინაშე ნაკლებად ჩანდა. ამჟამად ის უდიდესი რუსული კორპორაციის – სისტემის – საბჭოში მუშაობს. ეს კონგლომერატი 1993 წელს დაარსდა – ფლობს ენერგო, მაღალი ტექნოლოგიების, რადიო, კოსმოსური ტექნოლოგიების, მასმედიის, ტურიზმის, სამედიცინო, საბანკო სექტორებისა და სხვა სამომხმარებლო სერვისის აქციებს. აქციების 64.18% საბჭოს დირექტორატისაა, 19% ლონდონის ბირჟაზეა მიმართული, ხოლო დანარჩენი მენეჯერებსა და საბჭოს წევრებზე ნაწილდება. მათი სტრატეგიული მიზანი სააქციო ღირებულების მდგრადი ზრდის უზრუნველყოფაა.  

დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ ეს განცხადება სომხეთის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთანაა დაკავშირებული. ზოგის აზრით, კოჩარიანი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ეჯიბრება, რომელმაც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.  

გამოცდილი პოლიტიკოსი ინტრიგებს საჯარო ცხოვრებაში დაბრუნებისთანავე შეიტანს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მისი პოლიტიკაში გამოჩენა ეკონომიკასა და ქვეყნის პოლიტიკურ მიღწევებს გარკვეულ საფრთხეს შეუქმნის. უმეტესობა თვლის, რომ სომხეთის ეკონომიკური ვარდნა და აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება, კოჩარიანის მმართველობის შედეგია. თუმცა მსოფლიო ბანკმა, გაორმაგებული ეკონომიკური ზრდის ტემპების გამო, მას „კავკასიელი ვეფხვიც” კი უწოდა. მიუხედავად ამისა, 2009 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა სომხეთის ეკონომიკის 14%-იანი დაცემა გამოიწვია. 2010 წლის მონაცემებით კი, ზრდის ტემპები მხოლოდ 2.5%-ს, ხოლო უმუშევრობა 6.6%-ს შეადგენს. თავის მხრივ, კოჩარიანმა სომხეთის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად ის საკითხები ჩამოწერა, რომელიც, მისი აზრით, პოლიტიკაში დაბრუნებისთვის გამოადგება. 

პრეზიდენტ სარგსიანის რესპუბლიკური პარტიის წევრის, დეპუტატ რაფიკ პეტროსიანის აზრით, თუ კოჩარიანი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, სომხეთისთვის ორპარტიული მმართველი კოალიციის შექმნა სავალალო იქნება. ხოლო თუ კოჩარიანს სომხეთის კეთილდღეობის პარტია წინასწარი საპარლამენტო კანდიდატურის სიაში ჩასვამს, მაშინ კოალიცია დაინგრევა და პარტიებს შორის განსხვავება გამოიკვეთება. პოლიტიკური მეცნიერის, სომხეთის ეროვნული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორის მანველ სარგსიანის აზრით, კოჩარიანს შეუძლია საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოახდინოს. 

კოჩარიანის სასურველ კანდიდატად გახდომას ხელს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობაც უწყობს. კერძოდ, სომხეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ სარგსიანისა (კოჩარიანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი) და ტერ-პეტროსიანის (სომხეთის პირველი პოსტსაბჭოთა პრეზიდენტი, ამჟამად სომხეთის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი) პოლიტიკურ ფრთებს შორის დაპირისპირება, უშედეგო დიალოგები და საპროტესტო აქციები ხალხის ინტერესს აღარ იწვევს. EurasiaNet.org-ის მიერ არჩევნებში პოტენციურ მონაწილეთა შორის გამოკითხულთაგან, კოჩარიანი ზოგისთვის მოძალადე, ზოგისთვის კი მკაცრი ლიდერი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ საზოგადოება გულგრილია პოლიტიკური მოვლენების მიმართ. კოჩარიანს, პოლიტიკაში ადგილის ხელმეორედ დასამკვიდრებლად, დახმარება აუცილებლად ესაჭიროება. 
 

კომენტარები