საქართველო დასავლეთში

პოლიტიკური რუკა ევროატლანტიკური მომავლისაკენ

ჯინ შაჰინი
ვაშინგტონისა და ევროპის პოლიტიკურ წრეებში საქართველოზე დებატის გასაახლებლად, ქვეყნის მიმართ დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკის შესაფასებლად და ყველა მხარისთვის რეკომენდაციების მოსამზადებლად, ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Atlantic Council-მა გასულ წელს სამუშაო ჯგუფი შექმნა. სამომავლო თანამშრომლობის გზაზე ორპარტიული კონსენსუსის მისაღწევად, მისიის თანათავმჯდომარეებად ამერიკელი სენატორები – დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი დაინიშნენ. სამუშაო ჯგუფში წამყვანი ანალიტიკოსები, ყოფილი პოლიტიკოსები და ბიზნესლიდერები იყვნენ ჩართული. ისინი მთელი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, ასევე ბიზნეს წრეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს. სამუშაო ჯგუფის საბოლოო ანგარიში – „საქართველო დასავლეთში: პოლიტიკური საგზაო რუკა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისაკენ” – გასულ კვირას გამოქვეყნდა. მასში საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა და გამოწვევებია გაანალიზებული. დოკუმენტში, ამერიკელი, ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსებისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად, არაერთი რეკომენდაციაა შეთავაზებული.

ანგარიშის მიხედვით, 90-იან წლებში, უმეტესობა სკეპტიკურად უყურებდა ბალტიის სახელმწიფოების NATO-სა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას. ამ ქვეყნების მცდელობებმა, დასავლეთისა და განსაკუთრებით აშშ-ის მიერ გატარებულმა მკაფიო და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, ეს, ერთი შეხედვით, რადიკალური იდეა, ბუნებრივ შედეგად აქცია. ამ სახელმწიფოებისთვის მტკივნეული რეფორმების მოტივატორი დასავლეთის თანმიმდევრული მხარდაჭერა გახდა, ხოლო რუსეთის წინააღმდეგობა თანდათან განეიტრალდა. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაც ავტორებს მსგავსად წარმოუდგენიათ. ქვეყანამ უნდა განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები, აშშ-მა და ევროპამ კი  არსებითი დახმარება გაუწიონ. საქართველოსადმი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რუსეთის ფაქტორით განპირობებულ რთულ პირობებში ხდება. ამას ამჟამინდელი პრემიერის, ვლადიმირ პუტინის, კვლავ გაპრეზიდენტების სურვილი და პერსპექტივა კიდევ უფრო ამძიმებს.

ლინდსი გრეჰემი

აქ აღნიშნულია, რომ მხოლოდ საქართველომ და არა მისმა რომელიმე მეზობელმა, უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი, ან აირჩიოს ალიანსები. ასევე ის, რომ ამჟამად საქართველოს დემოკრატიულობის რეიტინგები ჩამორჩება ბალტიის ქვეყნების, რუმინეთისა და ბულგარეთის იმ დროინდელ რეიტინგებს, როდესაც ისინი NATO-ს წევრები გახდნენ. ავტორების აზრით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია დიდი გზა იქნება ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი და საზოგადოების მოლოდინები ამის მიხედვით უნდა წარმართოს.

საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე მნიშვნელოვან ტესტად ავტორები 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებენ. მათი აზრით, საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში, აშშ-ის და ევროპის დახმარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერაზე უნდა მიიმართოს. მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების განვითარება და პარლამენტის გაძლიერება.
ავტორების აზრით, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დახმარებები ადამიანური რესურსების გასაძლიერებლად და უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს. გარდა ამისა, საჭიროა ინვესტიციების ჩადება საკუთარი როლის, როგორც ენერგოტრანზიტული ქვეყნის, გასაძლიერებლად. საქართველოს, საგადასახადო დავების სწრაფად მოგვარების გზით, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასაც ურჩევენ. ქვეყანას საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ადამიანური კავშირების დამყარების ხელშეწყობისკენაც მოუწოდებენ.

აშშ-ს ავტორები საქართველოს დემოკრატიზაციის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების პროცესის ხელშეწყობას ურჩევენ. ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს იმის ხაზგასმა, რომ აგვისტოს ომის შემდგომ სტატუს კვოსა და რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დარღვევას არ შეეგუება – კრემლს საქართველოს ოკუპაციაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ავტორთა აზრით, აუცილებელია, აშშ-მა მისივე დეკლარირებული ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ინსტიტუციონალური გახადოს. თეთრი სახლი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსია მიმდინარეობს, უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების დაშვების ინიციატივით უნდა გამოვიდეს. ეს რუსული საოკუპაციო ძალების ჩანაცვლებას გამოიწვევს. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ევროპელ პარტნიორებთან, რათა რუსეთს ცხადი ერთობლივი მესიჯი გაეგზავნოს –  ის, რომ არ შეეგუებიან მის ავტორიტარიზმს შინ და აგრესიას – გარეთ. ანგარიში აშშ-ს მოუწოდებს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას (EUMM) შეუერთდეს.

აშშ-სთვის მიწოდებულ რეკომენდაციებში, საქართველოს უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ავტორები მიიჩნევენ, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების სურვილს. ამ მიზნით NATO-ს 2012 წლის სამიტი ჩიკაგოში, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, ალიანსის მხრიდან საქართველოს ბლოკში გაწევრიანებაზე თანხმობის პრაქტიკული დადასტურებისთვის უნდა გამოიყენონ. ალიანსმა საჭიროა აღნიშნოს, რომ არსებული NATO-საქართველოს კომისია საქართველოსათვის NATO-ში გაწევრიანების მექანიზმია და თანამშრომლობის ინტენსიფიცირებული გეგმა დაამტკიცონ. გარდა ამისა, მათ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას სხვა მიმართულებებითაც უნდა შეუწყონ ხელი. აშშ-მა უნდა გააძლიეროს თავისი ფაქტორი საქართველოში, რომლის უსაფრთხოების სტრატეგია შეკავებაზეა დაფუძნებული. აშშ-ის ყოფნა საქართველოში უფრო მეტად დაეხმარება შეკავებას და, ასევე, გააძლიერებს უსაფრთხოების ფსიქოლოგიურ განცდას მოსახლეობაში. მაშინ, როცა საქართველოსთვის არ არსებობს უსაფრთხოების ფორმალური გარანტიები, ავტორები აშშ-ის სამოქმედო სამ მნიშვნელოვან მიმართულებას გამოყოფენ: 1) ქართული ჯარების გაწვრთნას  კოალიციური ოპერაციებისთვის; 2) NATO-ს პროგრამის – პარტნიორობა მშვიდობისთვის – საწვრთნელი ცენტრის მხარდაჭერას; 3) ახლო მომავალში, ავღანეთიდან სამხედო ძალებისა და ტექნიკის საქართველოს გავლით გადმოტანისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას. მომავალში, მისი ცენტრალურ აზიაზე მისაწვდომ რეგიონულ ცენტრად გამოყენება შეიძლება.

ხაზგასმულია სამხედრო სფეროში ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობაც – იგულისხმება საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის აღდგენა და სპეცდანიშნულების ძალების მომზადება. აღსანიშნავია, რომ იარაღის მიყიდვა უკვე ნაწილობრივ განახლდა. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა, 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ-მა ცოტა ხნის წინ საქართველოსთვის შეიარაღების კომერციულ მიყიდვას მხარი დაუჭირა. მან NATO-ს ქვეყნებს ასეთივე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. NATO-ს მოკავშირეებს ანგარიშშიც ურჩევენ, უპასუხონ საქართველოს ძალის გამოუყენებლობის პირობას ქვეყნის თავდაცვის გეგმის განვითარებაში დახმარებითა და თავდაცვითი იარაღის მიყიდვით.

ანგარიშში აშშ-ს ურჩევენ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოს პოზიციას დაუჭირონ მხარი. ამასთან, აწვდიან რეკომენდაციას, ქვეყანასთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად.

ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ ორგანიზაციამ ხაზი გაუსვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი გზა. ასევე მუდმივად მოსთხოვონ რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები – მათ შორის, დაუშვას მონიტორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლოს აშშ-სთან რუსეთისთვის ბიძგის მისაცემადაც, რომ ამ უკანასკნელმა ძალის გამოუყენებლობის პირობა დადოს.

ავტორები ევროპას საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასაც ურჩევენ. თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაწყებას წელსვე თვლიან საჭიროდ – თან იმგვარად, რომ ჰარმონიზაცია და საქართველოს განვითარების პრიორიტეტები დაბალანსდეს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგზაო რუკის დასახვის საჭიროება, უვიზო რეჟიმისკენ მიმავალ გზაზე, მნიშვნელოვან ფაქტორადაა გამოყოფილი.

კომენტარები