ახლო აღმოსავლეთი

უფსკრული პარტნიორებს შორის

ამერიკა და პაკისტანი

ოსამა ბინ ლადენის განადგურების ოპერაციის შემდეგ, ამერიკასა და პაკისტანს შორის ურთიერთობები დაიძაბა. პაკისტანელებმა ამერიკელების ქმედება საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად და შეურაცხყოფად მიიღეს. მათ ჯავრი ადგილობრივ ექიმზე იყარეს, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს ოპერაციის განხორციელებაში ეხმარებოდა – მას სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გაასამართლებენ.

პაკისტანის სატელევიზიო პროგრამებში ანტიამერიკულმა და ნაციონალისტურმა რიტორიკამ იმატა. თითქოს, წლების მანძილზე საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობის, პოლიტიკური პრობლემებისა თუ ამერიკელთა უპილოტო საფრენი აპარატების მიმართ დაგროვილმა წყენამ ერთიანად ამოხეთქა. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, პაკისტანელთა 80% ამერიკის მიმართ მტრულადაა განწყობილი. როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ქვეყანა ომისათვის მზადებაში მყოფ სამხედრო ბანაკს დაემსგავსა.

ამერიკის მიმართ პროტესტის გრძნობა არა მარტო ნაციონალისტურად განწყობილ მოსახლეობას, არამედ ლიბერალურ, პროდემოკრატიულ ძალებსაც გაუჩნდათ. ისინი შიშობენ, რომ აშშ მათ მიატოვებს. მოვლენათა პესიმისტური სცენარით განვითარების მინიშნება ავღანეთისა და ინდოეთის დაახლოებაა, რომელსაც თეთრი სახლი ხელს არ უშლის. პაკისტანელებისთვის ავღანეთში ინდოეთის ფეხის მოკიდება კოშმარული სიზმარია – ქვეყანა უპირველესი მეტოქით გარშემორტყმული აღმოჩნდება.

პაკისტანის სამოქალაქო ხელისუფლება სუსტია და ქვეყანას რეალურად სამხედროები მართავენ. შესაძლოა, როგორც მთავრობას, ისე სამხედროებს მოსახლეობის ადგილობრივი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა სურდეთ. თუმცა, ვაშინგტონთან ურთიერთობების უკიდურესი გამწვავება მათ ხელს არ უნდა აძლევდეთ.

ამერიკასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, პაკისტანელი სამხედროები ავღანელ ამბოხებულებს ეხმარებიან. ექსტრემისტების მხარდაჭერა მათ ვერც 800-მილიონიანი ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტამ გადააფიქრებინა. აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალთა ერთიანი შტაბის (უმაღლესი სამხედრო ორგანო) აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ადმირალმა მაიკ მალენმა, სექტემბერში სენატის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ავღანელ ამბოხებულთა ყველაზე გავლენიანი ჯგუფი, ჰაქანის ქსელი, პრაქტიკულად, პაკისტანის საიდუმლო სამსახურების გაგრძელებას წარმოადგენს.

პაკისტანელი სამხედრო მაღალჩინოსნები არ მალავენ, რომ არასტაბილური და დაქუცმაცებული ავღანეთი სურთ. ერთი მხრივ, ინდოეთს ხელი შეეშლება გავლენის განვრცობაში, 2014 წლიდან კი, ამერიკელთა გასვლის შემდეგ, პაკისტანელები ავღანეთის საკუთარი გავლენის სფეროდ ქცევის შანსს მიიღებენ. ამასთანავე, თუ აშშ-მა ავღანეთში მეტ-ნაკლებად სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა მოახერხა, შემდეგი ქვეყანა, შესაძლოა, პაკისტანი აღმოჩნდეს. ამ უკანასკნელის დემოკრატიზაცია კი, პირველ რიგში, სამხედროების ძალაუფლების შეზღუდვას გულისხმობს.

პაკისტანის სამოქალაქო ხელისუფლების მიერ სამხედროების გავლენის შეკვეცა ქაშმირის კონფლიქტის მოგვარებასა და შიდა სეპარატისტული კერების ჩაქრობას მოითხოვს, რაც, ამ ეტაპზე, შორეულ პერსპექტივად მოჩანს. ამას გარდა, მთავრობამ საკუთარი მოსახლეობაც უნდა დაარწმუნოს, რომ ამერიკის გარეშე, ეკონომიკურად სუსტი და პოლიტიკურად არასტაბილური პაკისტანი უკეთ ვერ იქნება.

ამერიკა პაკისტანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი (ექსპორტის მეხუთედზე მეტი ამერიკაზე მოდის) და ერთ-ერთი უმთავრესი ინვესტორია. ქვეყანას, მსოფლიოში, გადასახადებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პაკისტანს არ შეუძლია, პირველადი მოხმარების პროდუქტები საკმარისი რაოდენობით აწარმოოს და მათი იმპორტი უწევს. ქვეყნის ბიუჯეტის არაპროპორციულად დიდ წილს სამხედროები იღებენ. მათი დაფინანსება ხელშეუხებელია. ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში, არასამხედრო ბიუჯეტი კიდევ უფრო შეიკვეცება. საერთაშორისო ფინანსური დახმარების გარეშე კი პაკისტანს ისეთ ლოკალურ პრობლემებთან გამკლავებაც გაუჭირდება, როგორიც ყოველწლიური წყალდიდობებია.

კომენტარები