საგადასახადო შეღავათები

საგადასახადო შეღავათები 45-60 წლის ადამიანების დასაქმებისთვის

ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც 45-დან 60 წლამდე ადამიანს დაასაქმებს, „გარკვეულ ფარგლებში გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინიციატივის მთავარი მიზანი უმუშევრობის შემცირება და კონკრეტულად ამ თაობის ადამიანების თვითრეალიზაციის შესაძლებლობების გაზრდაა: „80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ეს იყო დაკარგული თაობა. ამ თაობას დაკარგული ჰქონდა შანსი იმისა, რომ ცხოვრებაში წარმატებისთვის მიეღწია”. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს უმუშევრობის დონე 15-დან 45 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში საშუალოდ 25.2% იყო, ხოლო 45 წლიდან 65 წელზე უფროსი ასაკის კატეგორიაში – საშუალოდ 8.6%. ყველაზე მეტი უმუშევარი – 38.3% – 20-დან 24 წლამდეა. ყველაზე ნაკლები უმუშევარი – 0.7% – 65 წელზე უფროსია.

2007-2010 წლებში უმუშევრობა 45 წლამდე ასაკის კატეგორიაში, 45 წელზე უფროსი ასაკის კატეგორიასთან შედარებით, საშუალოდ, 16.6%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მთავრობა შეღავათებს მაინც მეორე ასაკობრივი კატეგორიისთვის აწესებს. ამის ერთ-ერთი ახსნა ისიც შეიძლება იყოს, რომ ბოლო კვლევებით, არჩევნებზე სწორედ 45-65 წლის ადამიანები აქტიურობენ.

ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიიდან თავისუფალი ბაზარი იმ ადამიანებს არჩევს, ვისაც ამ ბაზარზე მეტი წარმატების მიღწევის შესაძლებლობა აქვს. რომელიმე ასაკობრივი კატეგორიის ხელოვნურად წახალისება, დასაქმებულთა ბუნებრივ თანაფარდობას არღვევს. ამას, გრძელვადიანი პერსპექტივისას, მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოაქვს: რადგან ყველას დასაქმება შეუძლებელია, ხელოვნური წახალისების გამო დასაქმებული ადამიანები უფრო პროდუქტიულ, კვალიფიციურ კადრებს ჩაანაცვლებენ. შესაბამისად, არც დასაქმების მაჩვენებელი გაიზრდება. მეტიც, დასაქმების მაჩვენებელი ინიციატივით განსაზღვრულ ასაკობრივ კატეგორიაშიც შეიძლება არ გაიზარდოს: ბიზნესმა შეიძლება ამავე კატეგორიის ძველი თანამშრომლები დაითხოვოს, რადგან ახლების აყვანა დამატებით შეღავათთან იქნება დაკავშირებული.

მეორე მხრივ, თუ კადრი კვალიფიციურია, მისი დასაქმებისთვის, ასაკის მიუხედავად, ბიზნესს ყველაზე ნაკლებად სჭირდება რაიმე ტიპის წახალისება. ბიზნესის წარმატება და შემდგომი ზრდა კადრების სწორ შერჩევასა და მართვაზე პირდაპირ არის დამოკიდებული.

საბოლოოდ ყველა წაგებული რჩება: სამუშაოს ნებისმიერი სხვა ასაკის მაძიებელი – რომელსაც მოტივაცია აღარ აქვს, რადგან არათანაბარ და არაკონკურენტულ გარემოში ხვდება; სახელმწიფო – რომელიც კარგავს საშემოსავლო გადასახადისგან მისაღებ თანხას; ბიზნესს, სულ მცირე, დრო ეხარჯება, რადგან მხოლოდ ასაკობრივი ნიშნით არჩეული კადრი სამუშაოს თავს უფრო რთულად გაართმევს.

ბიზნესის ამ რისკს პრეზიდენტის ინიციატივაც ცნობს და კადრების გადამზადებაში დახმარებას ჰპირდება. სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის: მაგალითად, რა მასშტაბის იქნება საგადასახადო შეღავათი – საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება მთელი ბიზნესი, თუ მხოლოდ 45-60 წლის ასაკის ფიზიკური პირების ანაზღაურება, ან კონკრეტულად, როგორ მოხდება ამ შეღავათების ადმინისტრირება.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ინიციატივა ამ ეტაპზე, მხოლოდ ზეპირ დონეზე არსებობს – თუმცა მოგვიანებით სამინისტროში დამუშავდება.

კომენტარები