სსრკ ისტორია

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

ეპიზოდი მეორე: ამბოხის მცდელობა

როცა მივხვდით, საბჭოთა ჯარში სამწლიან სამსახურს თავს ვერ დავაღწევდით, შევწყვიტეთ დაუმორჩილებლობა. მანამდე ქართველი წვევამდელები, სამთვიანი კარანტინის ბოლო დღეებში, უარს ვაცხადებდით ფიცის მიღებაზე. ჩვენი მოთხოვნა დაახლოებით ასე ჟღერდა: ფიცს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, თუ გენერალიტეტი ცალკე შექმნიდა ქართულ სამხედრო ნაწილს, თუ არა _ დაუმორჩილებლობას გავაგრძელებდით მანამ, სანამ ხელისუფლება ჩვენს სამართლიან მოთხოვნას არ დაჰყაბულდებოდა. მეამბოხე, ფიცმიუღებელ წვევამდელებში სამიტინგო განწყობილება სუფევდა. ყაზარმაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ორსართულიანი `კოიკები~ იყო ჩამწკრივებული, ზოგი თივით გატენილ ლეიბზე წამოკოტრიალებულიყო, ზოგი _ "ლენინსკაია კომნატაში". ასე ერქვა იმ ოთახს, რომლის კედლებზეც ათასგვარი სულელური პლაკატი იყო გაკრული და სადაც ერთ ფერზე შეღებილ, გაკრიალებულ მაგიდებთან ოჯახს მოწყვეტილი ბიჭები შინ გასაგზავნ წერილებს წერდნენ ან ჭადრაკს თამაშობდნენ და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ელოდნენ. გაფიცულებს თანდათან გულგატეხილობა დაეტყოთ. მომავალი ჯარისკაცები ჯგუფ-ჯგუფად სადღაც მიჰყავდათ და გარკვეული დროის შემდეგ ფერდაკარგულები უკან ბრუნდებოდნენ. უიმედობამ სწრაფად დარია ხელი ბევრ მათგანს. გაჯიუტებულებს, თავის სიტყვაზე დარჩენილებს შეშინებულები, შემკრთალები ეუბნებოდნენ: ფიცს თუ არ მივიღებდით, დაპატიმრებით გვემუქრებოდნენ.

ჩვენი ამბოხების ბოლო დღეს ერთი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი მოგვიგზავნეს. მოგვესალმა, დამტვრეული ქართულით გამოგველაპარაკა და "ლენინსკაია კომნატაში"  "დავაი, საბერიომსაო". შევიკრიბეთ. ქართულად მეტყველება უჭირდა, ის კი გაგვაგებინა: თავს ნუ დეიღუპავთო! ეს "დეიღუპავთ' ისე მშობლიურად ჟღერდა, რომ კინაღამ ცრემლი მომადგა თვალზე. მეიხდით დოლგს და მერე პაიდიოტე სახლში, რამ შეგაშინათო. ჩვენ, ქართველები, მუჟესტვენი ნაროდი ვართ და თქვენ რა დაგემართათო. ვითომ რა დაშავდება, ქართული სამხედრო ნაწილი რომ ჩამოყალიბდეს და იქ ვიმსახუროთ-მეთქი, უკან არ ვიხევდი და ამ რუს-ქართველა ვიცე-პოლკოვნიკის პროპაგანდის გაბათილებას ვცდილობდი, თუმცა ვგრძნობდი, რომ ჩვენი საქმე ხელიდან იყო წასული და უმრავლესობის უიმედობა მეც გადამდებოდა.

_ ძმაო, _ მომმართა ვიცე-პოლკოვნიკმა, _ უსპაკოისია, პადუმაი, გატრაკებით ნიჩევო ნე ვიიდეტ, ხუჟე ბუდეტ. უტრომ, ვოსემ ჩასოვ, ვუცდი თქვენს ატვეტს, _ ან ციხე, ან სლუჟბაო.

იმ ღამეს მაგრად დავთვერით. ბუთიკომ საიდანღაც რამდენიმე ბოთლი არაყი გაჩითა. დავითაშვილმა, ქუთაისელმა ებრაელმა, ორი `ბუხანკა~ პური იშოვა. გავედით ყაზარმიდან მოშორებით, რომელიღაც საწყობის უკან და მაგრად შევუბერეთ. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და სისხლში ამღერებული ალკოჰოლი გულს უფრო გვიჩუყებდა, თვალს გვიწყლიანებდა: ვგრძნობდი, რომ სამი წლით ვკარგავდი ისედაც დაკარგულ სამშობლოს და ჩვენი პატრიოტული გამოხდომა სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ რუს ოფიცრებს...

წყურვილმა გამომაღვიძა. არც კი მახსოვდა, როგორ აღმოვჩნდი თივით გატენილ ლეიბზე. საწოლიდან ჩამოვძვერი და წყლის დასალევად გავეშურე. ჯერ კიდევ ბნელოდა, საათს რომ დავხედე, შვიდს რამდენიმე წუთი აკლდა. შვიდზე წვევამდელებს "პოდიომ"-ის ძახილით ფეხზე წამოყრიდნენ და დაიწყებოდა რაღაც ახალი, ჩემთვის მიუღებელი და საძულველი ცხოვრება.

ყველაფერი ისე მოაყომარეს, როგორც უნდოდათ. ზოგმა ეგრეთ წოდებული ფიცი დაიზუთხა, ზოგმა შეგნებულად არ ისწავლა და წაკითხვის ნება ითხოვა. ასე იყო თუ ისე, გაზეპირებული თუ ბლუკუნ-ბლუკუნით წაკითხული ფიცი მიგვაღებინეს და ჯარისკაცობა დიდი ამბით მოგვილოცეს. დივიზიის სასულე ორკესტრი დიდხანს უკრავდა მარშებს. ამ "დღესასწაულის" აღსანიშნავად სადილად, წვნიანთან ერთად, კატლეტები მოგვართვეს და იმ კატლეტებში, რა თქმა უნდა, პური ბევრად აღემატებოდა ხორცს, ისევე როგორც ჩვენს გულში ტკივილი და გაურკვევლობის შეგრძნება ნაძალადევი დღესასწაულის განწყობას.

ქართველი ჯარისკაცების ერთად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა, მალე დაგვშალეს, სხვადასხვა ნაწილში გადაგვიყვანეს და ქართული სამხედრო შენაერთის განუხორციელებელი იდეა მწარე მოგონებად დაგვრჩა. საარტილერიო "დივიზიონში" რამდენიმე ქართველი აღმოვჩნდით. ეგრეთ წოდებულ "ზელიონებს" (ახალწვეულებს) "სტარიკები" ამრეზით გვიყურებდნენ, ჩვენს დაჩაგვრას პირველივე დღიდან შეეცადნენ. ვიღაც ეფრეიტორი _ გვარად გოლიში, სასადილოში რომ ჩვენს მაგიდასთან მოხვდა, მას მერე, რაც მესამეწლიანები, ანუ `სტარიკები~ წვნიანს გადაიღებდნენ, ვეებერთელა თუჯის ქვაბში ჩააფურთხებდა, თვითონ გემრიელად შეექცეოდა საკუთარი ფურთხით გაზავებულ, წყალწყალა ბორშჩს, ჩვენ კი ზიზღით შევყურებდით მის ღორივით გასივებულ სიფათს და ხმელა პურს ვილოღნებოდით. ასე გაგრძელდა სამი დღე. ნახევრად მშივრებს ლამის სული ამოგვხადეს სამწყობრო ვარჯიშებით, პოლიტმეცადინეობებით და ა.შ. დილაადრიან ყაზარმიდან ტუალეტისკენ ოთხ რიგად დამწკრივებულებს წინ მიგვიძღოდა გამოთაყვანებულსიფათიანი ზემდეგი ზოლოტარიოვი და ორი-სამი ნაბიჯი არც კი გვქონდა გადადგმული, რომ დასჭყივლებდა: "'ზაპევაი!" ძირითადად "სტარიკები" მღეროდნენ, ჩვენ მხოლოდ ტუჩებს ვაცმაცუნებდით, თითქოს ვმღეროდით:

"მარუსია, რაზ, დვა, ტრი კალინა,

ჩორნაია მაია დევჩინა" და ა.შ.

ამღერებული "დივიზიონი" მალე მიადგებოდა საპირფარეშოს და მორიგ ბრძანებას ელოდა. ოციოდე წუთი გვეძლეოდა, ყველაფერი უნდა მოგვესწრო, ისიც, ისიც, პირის დაბანაც, სიგარეტის გაბოლებაც და ისევ გაგვამწკრივებდნენ, ისევ სიმღერით გაგვიყენებდნენ გზას სასადილოსაკენ. ჩემს სასოწარკვეთას საზღვარი არ ჰქონდა. ვიბოღმებოდი და ვიბოღმებოდი. კიდევ ერთხელ ჩააფურთხა გოლიშმა ახლა უკვე ფაფით სავსე ქვაბში, რა თქმა უნდა მას მერე, რაც `სტარიკებმა~ თავისი წილი შეჭამანდი გადაიღეს და რამდენიმე ახალწვეული ისევ მშივრები დავრჩით. წამოვდექი, ცხელ ქვაბს გადავწვდი. რადგან თითები მეწვოდა, მექანიკურად მოძრაობაც ავაჩქარე და ათუხთუხებული ქვაბი გოლიშს თავზე დავახურე. იღრიალა, მაგრამ რა იღრიალა. ქვაბი მეჟიროვმა მოაცილა ელვის სისწრაფით, ჭურჭლის სამრეცხაოსკენ გააქანა, ალბათ, წყლით რომ თავ-პირი ჩამოერეცხა, თან უღრენდა:

_ აბა, რას ფიქრობდი, შე ბოზო, გიტირეს ყოფა?!

სასადილოში ყველა გაისუსა, მხოლოდ სიჩუმის სუნთქვა და ჯარისკაცების უნებლიე მოძრაობათა შრიალი ისმოდა. ჩხუბის სუნი დატრიალდა. მე და ჩემმა ძმაკაცებმა ქამრები შევიხსენით, ვახომ მეპურეს დანა წაართვა, "ნაცმენებიც" მხარში ამოგვიდგნენ. `სტარიკებმა~ სწრაფად იყნოსეს, რომ არაფერი გამოუვიდოდათ და დაბოღმილები იბღვირებოდნენ, თვალებს აცეცებდნენ. მორიგე ოფიცერი სიტუაციის განმუხტვას ენერგიულად შეეცადა. ლეიტენანტი კუდრიავცევი დამნაშავეს ეძებდა. გადაფითრებული, ბრაზმორეული, გამყინავი ხმით ეკითხებოდა ხან ვის, ხან ვის:

_ კტო ეტო სდელალ?

არავინ გამცა. სახეაწითლებული გოლიში, თმაზე რომ ჯერ კიდევ შერჩენოდა ფაფის კვალი, ზუსტად ისე, როგორც ხმელ ბალახზე სანახევროდ გამდნარი თოვლი, გაკიოდა:

_ ეს "ზელიონი" იყო, ეს, ეს, _ და ხელს ჩემკენ იშვერდა.

გაგვიყვანეს, ყაზარმის წინ ჩაგვამწკრივეს. ასმეთაურიც, კაპიტანი გრომოვი, სად იყო, სად არა, თითქოს მიწიდან ამოძვრა თუ ციდან ჩამოვარდა, იქვე გაჩნდა და მიბრძანა, სამი ნაბიჯი წინ! გადავდგი უხალისოდ, უაზროდ. მერე მორიგი ბრძანება გაისმა:

_ კრუგომ!

პირით ასეულისკენ შევბრუნდი. მესამე ბრძანება ჩემთვის ბუნდოვნად ჟღერდა, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ჰაუპტვახტში ხუთი დღე-ღამე მარტო ჯდომა. გარნიზონის საპატიმროში მანქანით წამიყვანეს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები