რაგბი

ოლ ბლექსის მეორე მწვერვალი

ვილიამ ვებ ელისის სახელობის მსოფლიო თასი მეორედ მოიგო ახალი ზელანდიის ნაკრებმა: ფინალში ოლ ბლექსმა საფრანგეთს 8:7 აჯობა. ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთმა გუნდმაც ვერ მოახერხა გადამწყვეტ მატჩში 10 ან მეტი ქულის დაგროვება.

ახალი ზელანდია მეორედ ავიდა სარაგბო მწვერვალზე. 1987 წელს, როცა რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) უილიამ ვებ ელისის სახელობის თასი პირველად გაათამაშა, ზელანდიელებმა ასევე ფრანგებს სძლიეს – 29:9.

„არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა შენ სპორტში მთავარ ჯილდოს იგებ. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემმა გუნდმა მსოფლიო თასის მოპოვება შეძლო – წარმატება თქვენ გეძღვნებათ და ეს ყველაფერი ამ ბიჭების დამსახურებაა!” – ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ ქრაისთჩერჩის ჰელი პარკში შეკრებილ ათასობით გულშემატკივარს მიმართა. წლის დასაწყისში ქალაქი მიწისძვრამ დაანგრია, მსოფლიო თასის მომგებმა ნაკრებმა კი ასე უთანაგრძნო ქრაისთჩერჩელ ქომაგებს.

„მიუხედავად იმისა, რომ აქ ვერ ვითამაშეთ, ჩვენ, მთელი გუნდი ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას”, – ეს უკვე ზელანდიელთა კაპიტნის რიჩი მაკქოას სიტყვებია. 30 წლის მორაგბემ ტურნირის მსვლელობისას მეასედ მოირგო ნაკრების კვართი და პირველი ზელანდიელი გახდა, 100 კეპს რომ უწია. ის ასევე ერთადერთია, რომელსაც ერთზე მეტჯერ მოუგია მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის ტიტული – 2006, 2009 და 2010 წლებში.

ოლ ბლექსმა ყველა, შვიდივე მატჩი მოიგო: ჯგუფში ტონგა (41:10), იაპონია (83:7), საფრანგეთი (37:17) და კანადა (79:15) დაამარცხა, მეოთხედფინალში არგენტინას აჯობა (33:10), ნახევარფინალში მეზობელ ავსტრალიას სძლია (20:6), გადამწყვეტ მატჩში კი კიდევ ერთხელ მოუგო ლე ბლოს.

ამ გამარჯვებით ზელანდიელები ავსტრალიელებს და სამხრეთაფრიკელებს გაუტოლდნენ: მსოფლიო თასი ყველას ორ-ორჯერ აქვს მოგებული. სამი სამხრეთული ერის ჰეგემონია მხოლოდ ინგლისმა დაარღვია 2003 წელს.

რაგბის საერთაშორისო საბჭომ ფინალის მეორე დღეს ოკლენდში რჩეულები დაასახელა: წლის მოთამაშის ტიტული საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, მესამეხაზელმა ტიერი დუსოტუარმა მოიპოვა, წლის მწვრთნელად ოლ ბლექსის თავკაცი გრემ ჰენრი აღიარეს – მეხუთედ, ოლ ბლექსმა კი ასევე მეხუთედ მოიპოვა წლის გუნდის სახელი.

უილიამ ვებ ელისის თასის მორიგ, მერვე გათამაშებას 2015 წელს ინგლისი უმასპინძლებს

კომენტარები