NATO და საქართველო

NATO-ს სამიტის წინ დასავლეთში საქართველოს მხარდაჭერა ძლიერდება

კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა, რომელიც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელია, საქართველოს მიმართ ქვეყნის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, ადმინისტრაცია, რუსეთის წყენის ასარიდებლად, მოკავშირეს უგულებელყოფს. ტერნერმა ეს განცხადება Heritage Foundation-ში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მან რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის რისკებსა და წარუმატებლობაზე საუბრისას საქართველოს საკითხი ვრცლად მიმოიხილა. 

კონგრესმენმა თავდაპირველად NATO-ს ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს წვლილს გაუსვა ხაზი. „ჩვენი ქართველი მოკავშირეების 1000-ზე მეტი ჯარისკაცი იბრძვის აშშ-ისა და NATO-ს სამხედრო ძალების გვერდით ავღანეთში. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, NATO-ს არაწევრ  სახელმწიფოთაგან, საქართველოს  სამხედროების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი ჰყავს გაგზავნილი. ქვეყანამ არათანაზომადად დიდი მსხვერპლიც გაიღო”, – თქვა კონგრესმენმა. მან  ხაზი გაუსვა, რომ, ამის მიუხედავად, ამჟამინდელ ადმინისტრაციას, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის საკითხი, ფაქტობრივად, გაყინული აქვს. 

ტერნერმა  სიტუაცია აღწერა და დაფიქრება ითხოვა: „თუ შენ ხარ ქართველი ჯარისკაცი და ავღანეთში იბრძვი NATO-სთან ერთად, ჩვენ მოგყიდით ცეცხლსასროლ და სხვა მსგავსი სახეობის იარაღს. თუმცა, თუ შენ ხარ იგივე ქართველი ჯარისკაცი და საკუთარ სამშობლოს იცავ, ჩვენ არ მოგყიდით თავდაცვით შეიარაღებას. მოკავშირეს ასე არ უნდა მოექცე”. მან მოუწოდა ადმინისტრაციას, გარკვევით განუცხადოს საქართველოს, რომ თავდაცვით იარაღს მიყიდის. სხვათა შორის, 7 ოქტომბერს მაიკ ტერნერმა განაცხადა, რომ აშშ-მა ცოტა ხნის წინ საქართველოსთვის იარაღის კომერციული მიყიდვა გადაწყვიტა.

კონგრესმენმა გამოყო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხიც. მან ადმინისტრაციას მოუწოდა, ორგანიზაციის მომდევნო, 2012 წლის სამიტისთვის, სრულად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ქვეყანას. ალიანსმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს გაწევრიანების პროცესის ხელშესაწყობად. ტერნერმა აღნიშნა: „საქართველო იბრძვის NATO-სთან ერთად დღეს და NATO მოვალეა საქართველოს გზა გაუკვალოს წევრობისკენ”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კონგრესმენმა გამოყო, WTO-ში რუსეთის შესაძლო გაწევრიანებაა. მან გააკრიტიკა ადმინისტრაცია ამ საკითხში საქართველოს მარტო დატოვებისთვის. ამავე დროს, განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა არ უნდა დათანხმდეს ჯექსონ-ვენიკის შესწორების გაუქმებას – აშშ უნდა შეეწინააღმდეგოს რუსეთის მიღებას სავაჭრო ორგანიზაციაში. 

მაიკ ტერნერმა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე, ოქტომბრის დასაწყისშიც ისაუბრა. ბუქარესტში, NATO-ს საპარლამენტო სესიაზე გამოსვლისას, აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, NATO-ს მომდევნო სამიტზე საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებას დაუჭირა მხარი.

NATO-მ 2012 წლის სამიტი საქართველოს ბლოკში გაწევრიანებაზე თანხმობის პრაქტიკული დადასტურებისთვის რომ უნდა გამოიყენოს, ამისკენ ალიანსსა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს, ცოტა ხნის წინ ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც – „საქართველო დასავლეთში: პოლიტიკური საგზაო რუკა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისაკენ” – მოუწოდეს. ის საბჭოს სამუშაო ჯგუფმა მოამზადა, რომლის თანათავმჯდომარეები ამერიკელი სენატორები – დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი იყვნენ. მათი რეკომენდაციით, საჭიროა ალიანსმა აღნიშნოს, რომ არსებული NATO-საქართველოს კომისია საქართველოსათვის ალიანსში გაწევრიანების მექანიზმია და თანამშრომლობის ინტენსიფიცირებული გეგმა დაამტკიცოს.

NATO-ს მოკავშირეებს ანგარიშშიც ურჩევენ, საქართველოს ძალის გამოუყენებლობის პირობას ქვეყნის თავდაცვის გეგმის განვითარებაში დახმარებითა და თავდაცვითი იარაღის მიყიდვით უპასუხონ. 

კომენტარები