ლუპიანა

ლუპიანმა მწერალმა ამბავი მოიტანა: ლევან ბუტკელი გამოჯანმრთელდა; მართალია, ცოტა გამოლენჩებულის შთაბეჭდლებას ტოვებს, მაგრამ აშკარად უკეთესადაა და დიდის ამბით დაუბრუნდა თავის საკანცელარიო საქმეს და ახლა შეიძლება მშვიდად მოკვდეს კაცი, იმ იმედით რომ ბუტკელის ნეკროლოგი განაღდებული ექნება. ლუპიანა მთელ დღეებს მწერების შესწავლასა და თვალიერებაში ატარებდა. დიდხანს დარდობდა ტარაკანას მარცხენა მეორე ფეხზე, ხოლო მაისის ხოჭოს ბზუილი საამურად ჩაესმოდა ტახტზე მითვლემილს და იმ ბაღს ახსენებდა, სადაც ბავშვობაში უყვარდა თამაში ტოლებთან. ღატაკი ცხოვრება ლუპიანასაც შეეხო და ერთი მისი ყოფილი სატრფო, რომელიც ძლივს მიათრევდა უზარმაზარ ჩემოდანს/უკანალს/ და შემთხვევით შემოხვდა პარნასკავშირისკენ მიმავალს, ძლივს შეიცნო და გალუპებული თვალით ჩააშტერდა ჯერ სახეში, მერე კი ჩემოდანიც დაუთვალიერა. უბედურებაა,გაიფიქრა, ამასთან რა მაწვენდა?! ქალიც იგივეს ფიქრობდა, ოღონდ ოდნავ განსხვავებულად, რას დამგვანებია ეს უბედური. გაახსენდა აღმუვლებული ლუპიანა და ჩაეცინა. ქალი პროზაიკოსად თვლიდა თავს, თუმცა, სამოცდაათი წლისას სამი უსუსური ნოველა ჰქონდა დაწერილი, მაგრამ რახან პარნასკავშირის წევრი იყო, ზნაჩიტ მწერალი იყო, რადგან იქ ასე იყო მიღებული. ისე კაცმა რომ თქვას ბუტკელს უფრო ეკუთვნოდა პარნასწევრობა ამდენი ნეკროლოგისა და ხატოვანი საიუბილეო მისალოცების ავტორს, ვიდრე ამ მოსულელო მწერლუკებს. ლუპიანამ ბუტკელს ურჩია ცალკე წიგნად გამოეცა ნეკროლოგები პირველ ტომად, ხოლო მეორეში შეეტანა საიუბილეო მისალოცები. მაშინ ბუტკელმა დაირცხვინა , მაგრამ იდეა მოეწონა და სპონსორის ძებნაც დაიწყო. ლუპიანამ რომ ეს გაიგო, უფრო წააქეზა: “ მიაწექი მაგ საქმეს უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებ, ამდენ მწერალს ერთად გააცოცხლებ და იმდენს კიდევ მიულოცავ.” ლუპიანა თან ამ თემაზე ფიქრობდა, თანაც ყოფილ სარტრფოს სტანდარტულად შესციცინებდა. გაზონზე ფრთამოტეხილი პეპელა აღმოაჩინა და ისედაც არასასურველ ქალს სასწრაფოდ გამოეთხოვა და გაზონისკენ გაეშურა. პიჯაკის წინა ჯიბიდან ლუპა დააძრო, სულ რომ თან დაჰქონდა ბოლო დროს და პეპლის თვალიერება დაიწყო. საწყალი, დარდობდა ლუპიანა. მერე პოლიციელი გამოჩნდა და გაზონიდან გამოსვლა უბრძანა: "თქვენ აზიანებთ ახლადდარგულ მცენარეებს მოქალაქევ, გადმოდით გაზონიდან!" "დაჭრილს ვეხმარებოდი, როგორ მიბედავთ" და მომაკვდავი პეპლისკენ გაიშვირა ხელი. “რა დაჭრილი, რი დაჭრილი, ნერგები დააზიანეთ და უნდა დაგაჯარიმოთ." ლუპიანამ შენიშნა პოლიციელს ცხვირზე გრძელი თმა ჩამოკონწიალებოდა, მოუბოდიშა, სტაცა ხელი და ელვისისწრაფით მოაძრო თმა, რომელიც, თუ ლუპიანას დავუჯერებთ, სიგრძით ათიოდე სანტიმეტრს აღემატებოდა. პოლიციელი გაოცებული შეჰყურებდა უცნობ დამნაშავეს, რომელმაც ახლა ყურზე სტაცა ხელი და თან გაიძახოდა, "ეს უფრო გრძელი უნდა იყოს!" პოლიციელმა, როგორც იქნა თავი დაიხსნა გიჟისგან, ასე თვლიდა იგი და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს, ლუპიანა დაედევნა. "ყურზე უფრო გრძელი თმა გაქვთ, ვიდრე ცხვირზე!" ამ სცენას შორიდან ადევნებდა თვალს მწელუკა ქალბატონი, სამი უსუსური ნოველის ავტორი, რომელმაც შესანიშნავად იცოდა ლუპიანას აკვიატება და მსგასი რამ თვითონაც გამოცდილი ჰქონდა.

ლუპიანას შეეძლო ახლადნაოპერაციებ კოლეგაზე ეთქვა: “აი, ამას გული დაუჟანგდა და სამი დღის წინათ გაუქლიბეს; თურმე სამი საათი ქლიბავდა ორი ექიმი, თან მორიგეობით. ერთი რომ დაიღლებოდა, მეორე ჩაენაცვლებოდა და ხეხავდნენ და ხეხავდნენ, სულ ხრჭიალი გასდიოდა დაჟანგულ გულს.” ლაპარაკს უცბად შეწყვეტდა, როცა რომელიმე ფეხ თუ ფრთამოტეხილ მწერს შენიშნავდა და ლამის მოთქვამდა მათი სიბრალულისგან და შინ მიჰყავდა პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. გამოგიტყდებით, რომ ლუპიანას ადამიანებზე მეტად მწერები უყვარდა და თვითონაც მწერივით ცხოვრობდა იმ სიტყვიერ ნაგვში, რაც გონებაში უფუთფუთებდა საძულველი ადამიანების დასაცინად, დასამცირებლად თუ გასაკილად.

როცა ვინმე შეხვდებოდა, დიდის ამბით მოიკითხავდა, თან სახეს უთვალიერებდა გულდასმით და უცებ, გაუფრთხილებლად ჩააფრინდებოდა გაოგნებულ თანამოსაუბრეს წამოზრდილი თმის, მუწუკის თუ ჩვეულებრივი ფერიმჭამელას მოსაშორებლად.

როგორც ახლახან შევიტყვე ტარაკანების დაწყვილებაზე ხუთასგვერდიანი წიგნი დაუწერია და თან დაუკვეხნია, “ახლა მაისის ხოჭოზე ვწერ ვრცელ რომანს”.

ერთხელ მთაწმინდის პანთეონში შევხვდით. 26 მაისის მზიანი, თბილი დღე იდგა, კოლეგებს ვესაუბრებოდი. უცებ მომვარდა და ხელკავით, ლამის ძალით გამიყვანა, “რაღაც უნდა გაჩვენო, წამომყევი.”საფლავებ შორის ორი თავისუფალი ადგილი მაჩვენა ერთი მომცრო, ხოლო მეორე ოდნავ დიდი და ყურში ჩამჩურჩულა: “აქ იმას დავმარხავ, რომ მოკვდება, ხოლო იმ პაწაწინა ადგილას იმ ცეროდენას.” ორი ძალიან კარგი პოეტი დამისახელა, რომელთაც ბრალს დებდა, რომ იგი რუსთაველის პრემიაზე გააშავეს. შურისძიებით უბრწყინავდა თვალები და წვრილად აღწერდა ჯერ ერთის და მერე კი შემდეგის დაკრძალვის დეტალებს. “აი, აქ, ჩაეტევა ის დედამოკლული”! მაშინ ორივე ცოცხალი იყო, ახლა ერთიღა დარჩა ცოცხლებში და იმის გასანადგურებლად წამების სიტყვიერ ვარიანტებს იგონებს და მთელი ეშხით ჩართულია თხრობაში.

გამოგიტყდებით რომ გვიან მივხვდი, თვითონ, ყოველგვარი მეტამორფოზის გარეშე ორ_ ფეხა ხოჭოდ ქცეულიყო და მწერის საცეცებივით მარჯვედ იყენებდა ზიზღით გაჟღენთილ სიტყვებს და ამავე საცეცებით ძვრებოდა მათ სხეულებში და თან იმდენად აქტიურად, საუბრისას ვეღარავის ამჩნევდა გარდა, საკუთარი წარმოსახვისა.

მოულოდნელად დავემშვიდობე და ვთხოვე, როცა ბუტკელი ნეკროლოგებისა და საუბილეო მისალოცი წერილების რჩეულს გამოსცემდა, აუცილებლად ეცნობებინა ჩემთვის, რომ არ გამომპარვოდა ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა და უამწიგნებოდ არ დავრჩენილიყავ.

გზად სიტყვა დამაწია: “ჩემი წიგნი არ გაინტერესებს მწერებზე?”. თანხმობის ნიშნად თავი უხალისოდ დავუქნიე და რაც პირზე მომადგა, ეს მარტივი კითხვითი წინადადება გახლდათ: “ რა უნდა ჩემგან ამ მეტარაკნეს?! მართლამაგრად გამიტარაკნა საქმე ამ ბითურმა!

 

 

 

კომენტარები