უმცირესობები საქართველოში

თანასწორობა?

ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე

საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

 

როცა პოლიტიკურ სივრცეში ახალი ძალა ჩნდება – ყველა თავისი გადმოსახედიდან და საკუთარი კრიტერიუმებით იწყებს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. დევნილები ყურს უგდებენ, თუ რას იტყვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე; ბიზნესის წარმომადგენლებს მისი საგადასახადო, თუ ახალი ბაზრების ათვისების პოლიტიკა აინტერესებთ...  ყველა, ვინც ადამიანის უფლებებისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე მუშაობს, კარგად აკვირდება – ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა ტაძრების ფონზე იწყებს პოზირებას, ნათლობის ჯვრით კეკლუცობს თუ თანასწორობაზე საუბრობს.

ამდენად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე, ნეტგაზეთის ჟურნალისტის კითხვა ძალიან საინტერესო იყო როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის, ისე ყველა რელიგიური ჯგუფისათვის. განსაკუთრებით კი მისი ნაკლებ რელიგიურობის შესახებ აგორებული მითების ფონზე. პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა მისი განცხადება: „მე მატერიალისტი ვარ და არ მწამს სიკვდილის მერე სიცოცხლის...“ ეს იყო თამამი განცხადება ახალი პოლიტიკური ფიგურისათვის. ამით, თითქოს, ყველანაირი რელიგიური მანიპულირების შანსი მოუჭრა საკუთარ თავსაც და სხვებსაც. მაგრამ მალევე, ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის ინტერვიუში, თითქოს ვერ გაუძლო ცდუნებას და სამების ტაძრის ფონზე მაინც დაიწყო პირად რელიგიურ ცხოვრებაზე, სანთლებსა და ჯვარზე ლაპარაკი.

ნეტგაზეთის კითხვას, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: მე მიმაჩნია, რომ სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები არიან ისეთივე წევრები ჩვენი საზოგადოების, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოსახლეობა და დამოკიდებულება მათ მიმართ იქნება ისეთივე, როგორიც ყველასთან“.

მოკლე და მოზომილი პასუხი იყო, მაგრამ, რაკი უარესების გამოცდილება არსებობს – სრულიად დამაკმაყოფილებელი. მით უფორო, რომ ამასვე ღაღადებს ჩვენი კონსტიტუციის მე-14 მუხლიც: „...ყველადამიანი კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანისფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა...“

მაგრამ, როგორც წესი, „დამაკმაყოფილებელი“ პასუხები არასოდეს გვაკმაყოფილებს. ბევრი შეკითხვა დარჩა ჰაერში გამოკიდებული და ვისურვებდი, რომ ჟურნალისტებს სწორედ ამაზე გაემახვილებინათ ყურადღება. ივანიშვილის სახელი ყოველთვის ასოცირდებოდა ქველმოქმედებასთან, მაგრამ ნაკლებადაა ცნობილი რამდენად უჭერდა მხარს იგი სამოქალაქო სექტორის განვითარებას. ამდენად ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე; როგორ ხედავს საგადასახადო კოდექსში არსებული დისკრიმინაციული მიდგომების (რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით) გამოსწორების გზებს; როგორ აპირებს რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობას.

მან შეიძლება გაბედოს და ხმამაღლა თქვას „მე აზერბაიჯანელი ვიქნები იმისათვის, ვისაც აზერბაიჯანელი ეზიზღება, სომეხი ვისაც სომეხი ეზიზღება“... მაგრამ, მაინტერესებს გაბედავს თუ არა თქვას – „მე იეღოველი ვიქნები მისთვის, ვისაც იეღოველი არ მიაჩნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქედ, მე ბაპტისტი ვიქნები მისთვის, ვისაც ბაპტისტი არ მიაჩნია ჩვენი ქვეყნის მოქალაქედ“... გაბედავს, იყოს არაპოპულარული და დეკლარირებული თანასწორობისათვის სერიოზული ნაბიჯები გადადგას? აპირებს ის სეკულარული სახელმწიფოს შენებას? და თუ აპირებს, როგორ ფიქრობს უკვე შორს წასული კლერიკალიზმის პროცესის შეჩერებას და შემობრუნებას?

 

 

 

 

 

 

კომენტარები