ღვინოები

მსოფლიოს ღვინის კონკურსები

IWSC – ყველაზე გამოცდილი

ეს კონკურსი ალბათ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და სტაჟიანი კონკურსია, სადაც გამარჯვებული, ბრმა დეგუსტაციითა და ქიმიური ანალიზით ირკვევა ჯიშების, რეგიონების და წლების, ანუ ვინტაჟების მიხედვით განაწილებულ ნიმუშებს შორის. ტექნიკური ანალიზი ერთ-ერთი მთავარი ამოსავალია ოქროს მედლის, სახეობაში საუკეთესოს ოქროს მედლისა და სახეობაში საუკეთესოს ვერცხლის მედლის მისაღებად. ტექნიკურმა ანალიზმა გარანტია უნდა მისცეს მომხმარებელს, რომ გამარჯვებული ღვინო ნამდვილად შეესაბამება ჯილდოს და მყიდველამდეც ისეთივე ხარისხისამ უნდა მიაღწიოს, როგორიც კონკურსზე იყო.

IWSC 1969 წელს დაარსდა და თავისი არსით, ამ ტიპის პირველი კონკურსი იყო მთელ მსოფლიოში. შექმნის იდეა Club Oenologique-ის დამაარსებელს, ანტონ მასელს ეკუთვნის. კონკურსი 1978 წელს International Wine and Spirit Competition-ად იქცა. ამის შემდეგ მისი ხარისხი ყოველწლიურად იხვეწებოდა და სულ მალე ყველაზე გავლენიანი კონკურსი გახდა, რომელსაც ყველა ღვინით მოვაჭრე და მომხმარებელი დიდ ყურადღებას აქცევს. მისი მთავარი დანიშნულება საუკეთესო ხარისხის ღვინოების და სხვა სპირტიანი სასმელების წარმოჩენა და მყიდველისთვის მიწოდება გახდა. შეფასების პროცესი ორსაფეხურიანია, ბრმა დეგუსტაცია და დეტალური ტექნიკური ანალიზი (ქიმიური და მიკრობიოლოგიური, რომელიც კონკურსის შტაბბინაში ტარდება, სურეიში). ღვინის საუკეთესო კონდიციების შესანარჩუნებლად კონკურსის პირობები ითვალისწინებს შესაბამისი ტემპერატურის სარდაფებს, სრულად აღჭურვილ ლაბორატორიებს და სამ სადეგუსტაციო დარბაზს.

კონკურსი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება (წელს 7000-მდე ნიმუში იყო წარდგენილი), მარტიდან მოყოლებული – სექტემბრამდე და შედეგებს კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა დროს აცხადებენ, მაისში, ივნისსა და სექტემბერში. საერთო პრეზენტაცია კი ნოემბერში ტარდება.

IWSC-ს ვიცე-პრეზიდენტების ძალზე წარმომადგენლობითი ჯგუფი უმაგრებს ზურგს, სადაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მეღვინეები და ლეგენდარული ღვინის მეპატრონეები შედიან: ბარონესა ფილიპინა დე როტშილდი, მიგელ ტორესი, მარკიზი პიერო ანტინორი, რობერტ მონდავი, კენეტ გრემი და მრავალი სხვა.

კონკურსს მხარს უჭერენ მსოფლიოს საუკეთესო სპირტიანი სასმელების მწარმოებლები. რამდენიმე წლის წინ კონკურსის პრეზიდენტი ჯინა გალო იყო, ცნობილი ღვინის მწარმოებელი, კალიფორნიული ღვინის პიონერის, ხულიო გალოს შვილიშვილი, ვინც სახელი გაუთქვა სონომას მხარეს, წელს კი – პრინცი რობერტ ლუქსემბურგელი.

ტექნიკური ანალიზის და დეგუსტაციის უნიკალური შეხამება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მედლის მოპოვება მხოლოდ ძალზე ხარისხიან ღვინოს შეუძლია და ორგანიზატორები ამით პირდაპირ მიანიშნებენ დისტრიბუტორებს, რესტორატორებსა და მომხმარებელს, რომ გამარჯვებული ღვინოები ნამდვილად ღირსეულები არიან. საკონკურსო ნიმუშები დანომრილია, ღვინოები ეტიკეტების გარეშეა წარმოდგენილი, რათა გავლენა არ მოახდინოს ჟიურის გადაწყვეტილებაზე, შეფასების პროცესი კი უხმოდ მიმდინარეობს, კომენტარების გარეშე. შენიშვნებს იწერენ და ჯგუფის ხელმძღვანელი აგროვებს. კონკურსის მიმდინარეობისას ჟიურის წევრებს აკრძალული აქვთ სარდაფში შესვლა, სადაც კონკურსანტი ღვინოები ინახება. გარდა ამისა, თუკი რომელიმე რეგიონალურ ან სხვა კატეგორიაში ჟიური ვერ მიიღებს ერთიან გადაწყვეტილებას, ნიმუშები სხვა ექსპერტებისგან შემდგარ მეორე ჯგუფთან გადადის. ხოლო სახეობაში საუკეთესო ღვინოები კიდევ ერთხელ გადიან დეგუსტაციას ეროვნული და საერთაშორისო ტროფეების მოსაპოვებლად.

ქულათა ძირითადი სისტემა შემდეგნაირია: 90-100 – ოქრო (განსაკუთრებული, უმაღლესი ნიმუში, არაჩვეულებრივი ღვინო. ამათ შორის საუკეთესო იღებს სახეობაში საუკეთესოს წოდებას.), 80-89.9 – ვერცხლი (შესანიშნავი ხარისხი, ბრწყინვალე ნიმუში. სახეობაში საუკეთესოს წოდება აქაცაა), 75-79.9 – ბრინჯაო (კარგი ნიმუში).

კომენტარები