პოლიტიკა

ოსური ოცნების ისტორია

მიმდინარე წლის სექტემბერში ცხინვალის რეგიონში ოსური სახალხო ფრონტის საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბა, რომელმაც ვლადიმირ პუტინის მიერ დაფუძნებულ სახალხო ფრონტთან  გაერთიანების სურვილი გამოთქვა. ოსური ფრონტის შექმნის ინიციატორებმა – მმართველმა პარტია ედინსტვომ და პროსახელისუფლებო სახალხო პარტიამ, გაერთიანების მთავარ მიზნად სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში რაც შეიძლება სწრაფად შესვლა გამოაცხადეს. 
ოსური წყაროების ცნობით, ერთ დღეში ახალმა მოძრაობამ საკუთარ რიგებში 800 მოქალაქე მიიღო. ინიციატივის ავტორები მხარდამჭერთა რიცხვის გაფართოებას ვარაუდობდნენ. 
მოძრაობის ლიდერმა ტარზან კოკოითიმ განაცხადა, რომ ოსი ხალხის ოცნება „ჩვენს ჩრდილოელ ძმებთან ერთ სახელმწიფოში გაერთიანებაა”. 
ოსი ხალხის „საუკუნოვანმა ოცნებამ” მე-20 საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ, გარკვეული ცვლილება განიცადა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დაარსების შემდეგ, ოსმა კომუნისტებმა ორი ოსეთის გაერთიანების საკითხი დააყენეს. ოღონდ – საქართველოს შემადგენლობაში. 
საბჭოთა მაღალჩინოსნების მიმოწერიდან ირკვევა, რომ 1925 წლის მაისში იოსებ სტალინი ოსების დელეგაციას შეხვდა, რომელმაც მას საქართველოს შემადგენლობაში ერთიანი ოსეთის შექმნის იდეა გააცნო. „ამ საქმის ყურადღებით გაცნობამ დამარწმუნა, რომ შეიძლება დავთანხმდეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებას ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს
შემადგენლობაში”, – წერდა სტალინი ერთ-ერთ დეპეშაში.  
იმავდროულად, ჩრდილოეთ ოსეთში  გაერთიანების მოთხოვნით ყრილობები და შეკრებები იმართებოდა. ახალ ოსეთში, მაშინდელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გარდა, მოზდოკის რაიონიც უნდა შესულიყო, რომელიც მაშინ ვლადიკავკაზს არ ექვემდებარებოდა.  
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან მოქმედმა ერთიანმა მთავარმა პოლიტიკურმა სამმართველომ (ОГПУ), უმაღლესი  ხელისუფლებისათვის ეთნიკური ოსების განწყობების შესახებ რამდენიმე ვრცელი მოხსენება მოამზადა. ერთ-ერთ მოხსენებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ გაერთიანებისკენ სწრაფვას ჩრდილო ოსეთის მცირემიწიანობა განაპირობებს. გარდა ამისა, ОГПУ-ს მოხსენების თანახმად, ჩრდილო ოსეთში შეიქმნა ინტელიგენციის „ჭარბი” მასა, რომელიც ნაციონალისტური პოზიციიდან გამოდიოდა. სპეცსამსახურები უკმაყოფილებით აღნიშნავდნენ, რომ მაშინდელი ჩრდილოოსური საზოგადოების განათლებული ნაწილი წარმოშობით ბურჟუაზიული ფენიდან იყო და „ვიწრო ნაციონალისტური შეხედულებები” გააჩნდა. ოსების სწრაფვა ამიერკავკასიასთან (საქართველოსთან) გაერთიანებისკენ კი იმით იყო განპირობებული, რომ “დღევანდელი ოსური ინტელიგენციის აზრით, იქ უფრო მეტი თავისუფლების პერსპექტივა არსებობს ეროვნული განვითარების  მიმართულებით”.  
ამ გაფრთხილების მიუხედავად, სტალინს გაერთიანების იდეაზე ხელი არ აუღია. 25 მაისს რუსეთის ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ – ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა (ВЦИК) ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიურ რესპუბლიკად გაერთიანების საკითხი განიხილა. კომიტეტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და მდივან კისელიოვს ამ საკითხის ჩრდილო კავკასიის და საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება დაავალა. ამავე დროს, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ გადასვლის მოსამზადებლად თბილისში ჩრდილო ოსეთის წარმომადგენელი სიმონ ტამკოევიც ჩამოვიდა. 
28 ივნისს კომპარტიის საქართველოს საოლქო კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგო ორჯონიკიძემ სტალინს წერილობით აცნობა ოსური დელეგაციის ვიზიტის თაობაზე და შემდგომი დირექტივები ითხოვა. საპასუხო წერილში სტალინი ორჯონიკიძეს ატყობინებდა, რომ „პირადად არ არის ოსების გეგმის წინააღმდეგი”, თუმცა, ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო კომიტეტის წინააღმდეგობის გამო მერყეობს და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს. 
საბოლოო გადაწყვეტილება სტალინმა 1925 წლის აგვისტოში მიიღო. მან პოლიტბიუროს ვრცელი წერილი მისწერა. იგი აღნიშნავდა, რომ ოსების სწრაფვას ერთიანი რესპუბლიკის შექმნისა და საქართველოსთან გაერთიანებისკენ, შესაძლოა, ჩრდილო კავკასიის სხვა ნაციონალურ რესპუბლიკებში ანალოგიური მისწრაფებები მოჰყოლოდა. ამას კი, სტალინის აზრით, შესაძლოა, საკუთარი რესპუბლიკების შექმნაზე კაზაკების მოთხოვნა და „ნაციონალიზმის ყველაზე საშიში სახეობის” – რუსული ნაციონალიზმის ზრდა გამოეწვია. ამას დაემატებოდა ბაშკირეთისა და
თათრეთის მოთხოვნა რუსეთისგან გამოყოფის შესახებ. 
შესაბამისად, სტალინმა საქართველოს შემადგენლობაში ოსეთის გაერთიანების გეგმაზე უარი თქვა. შემდგომი წლების განმავლობაში ოსურ ინტელიგენციას არაერთი მცდელობა ჰქონდა, საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანების საკითხი დაეყენებინა. თუმცა, 1937 წელს დაწყებულმა მასობრივმა რეპრესიებმა ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი გაანადგურა და საკითხი დღის წესრიგიდან თავისთავად მოიხსნა. 
ექვსი ათეული წლის შემდეგ, სხვაობა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოში მცხოვრები ოსების მდგომარეობაში თვალსაჩინო გახდა. 
როგორც 1983 წელს, ჩრდილოეთ ოსეთის პარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი გალაზოვი აცხადებდა, „გულწრფელად მეცოდებიან ჩემი ეროვნების ახალგაზრდები... როდესაც ისინი საკუთარ სახლში თავს უხერხულად გრძნობენ ოსური კულტურის ელემენტარული არცოდნის გამო”. გალაზოვი ამბობდა, რომ პირველი სკოლა, რომელშიც სწავლება ოსურად მიმდინარეობდა, ჩრდილოეთ ოსეთში მხოლოდ 1982 წელს გაიხსნა. 
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ოსური ენისა და კულტურის განვითარების დონე ჩრდილოეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. როგორც 1989 წელს ოლქის პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი, ჩეხოევი აცხადებდა, სულ საქართველოს ტერიტორიაზე 97 ოსური სკოლა მოქმედებდა, მათ შორის 90 – სამხრეთ ოსეთში, დანარჩენები – თბილისში, ბორჯომში, ქარელსა და ლაგოდეხში. ცხინვალში პედაგოგიური ინსტიტუტი ფუნქციონირებდა. 1979 წლის აღწერის თანახმად, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები 65 ათასი ოსიდან მშობლიური ენა მხოლოდ 820-მა არ იცოდა. „ეს საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეთნიკური ჯგუფისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია”, –  აღნიშნავდა ჩეხოევი.  
ამის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდში, ცხინვალის ხელისუფლებამ და ადგილობრივმა ნაციონალისტებმა საქართველოდან გამოყოფისა და რუსეთთან გაერთიანების საკითხი დააყენეს.  
იუნესკოს მიერ 2009 წელს მომზადებული კვლევის თანახმად, ოსური ენა მსოფლიოს მომაკვდავი ენების რიცხვში შევიდა. ამავე კატეგორიას განეკუთვნება აფხაზური და თითქმის ყველა ჩრდილოკავკასიური ენა. სულ რუსეთის ფედერაციაში რისკის ქვეშ 136 ენა აღმოჩნდა.  

კომენტარები