ბიზნესი და პოლიტიკა

ბიზნესმენი პოლიტიკაში

როგორც წესი, საზოგადოებისთვის ორი როლის კომბინაცია – წარმატებული ბიზნესმენი ქვეყნის მმართველის ამპლუაში – მომხიბვლელად ჟღერს. ეს გასაკვირი არ არის – მით უმეტეს, თუ ქვეყნის დღის წესრიგში ისეთი პრობლემები დგას, როგორიც, ვთქვათ, უმუშევრობის მაღალი დონეა. 
წარმატებულ ბიზნესმენთან კი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდა, სიმდიდრის დაგროვება და, შესაბამისად, მთელი საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა სამართლიანად ასოცირდება. 
სახელმწიფოს მართვა, გარკვეულწილად, მართლაც ჰგავს დიდი კორპორაციის მართვას. მაგალითად, კორპორაციის დირექტორი, მთავრობის ხელმძღვანელის მსგავსად, შეიმუშავებს მოქმედების სტრატეგიებს, ადგენს ბიუჯეტს, მართავს ბიუროკრატიას. სხვა თუ არაფერი, წარმატებულ ბიზნესმენს პოლიტიკოსისთვის სასურველი თვისებები აქვს – ენერგია, სიმტკიცე, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი და სხვა.
ხშირად, ეს ფაქტორები ადამიანებს უბიძგებს, ჩათვალონ, რომ წარმატებული ბიზნესმენის პოლიტიკოსად ტრანსფორმაცია გარდაუვალი წარმატებითვე დაგვირგვინდება – მისი მიღწევები კერძო სექტორში კი საჯარო სექტორში ტრიუმფის ეჭვშეუვალი გარანტია აღმოჩნდება.
მაგრამ შეუძლია თუ არა ბიზნესმენს მთავრობის მართვა ისევე ეფექტურად, როგორც ამას დიდ კორპორაციაში აკეთებს? 
ამ საკითხის გარშემო დებატი ყოველთვის აქტუალური იყო – მათ შორის, დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებშიც. ახლახან, ამ დისკუსიის ცენტრში ამერიკელი ბიზნესმაგნატი, დონალდ ტრამპი  მოექცა – მას შემდეგ, რაც აშშ-ის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. 
ფრენსის ფუკუიამა ერთ-ერთია, ვინც წარმატებული ბიზნესმენ-პოლიტიკოსის მითს ტრამპის მაგალითზე განიხილავს. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგისა და პუბლიცისტის აზრით, უნარები, რომლებიც აშშ-ის მსგავსი ქვეყნის პრეზიდენტობას სჭირდება, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ თვისებებისგან, რაც კორპორაციის ხელმძღვანელობისთვისაა აუცილებელი. ამას თავისი მიზეზები აქვს. 
ფუკუიამას აზრით, თანამედროვე ამერიკულ ბიზნესში, კორპორაციის მართვის მოდელი, ამერიკის დემოკრატიულ ტრადიციებზე უფრო, აღმოსავლეთ აზიის ავტორიტარულ წესრიგთანაა ახლოს:  დიდი კორპორაციის მმართველი ავტორიტარული ძალაუფლებით სარგებლობს, არ უწევს საკუთარი ძალაუფლების გაზიარება სხვა, თანაბრად ავტორიტეტულ ფიგურებთან. მას შეუძლია, სურვილისამებრ დაიქირაოს, გაათავისუფლოს, გაყიდოს ან შეიძინოს. თავად განსაზღვრავს კომპანიის პოლიტიკას, კორპორატიულ სტრუქტურას, ახდენს რესურსების გადანაწილებას.  დირექტორთა საბჭო კი, როგორც წესი, მხოლოდ ამ მოქმედებების რატიფიცირებას ახდენს. ასე კომპანიას სწრაფად მოქმედების საშუალება ეძლევა.
დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს მსგავსი ტიპის ძალაუფლებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ. მთავრობის „აღმასრულებელი დირექტორის” – პრეზიდენტის ძალაუფლებაც კი, კონსტიტუციური ჩარჩოებით, ბევრად შეზღუდულია: მუდმივად ხორციელდება მეთვალყურეობა ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან და შენარჩუნებულია ბალანსი პრევენციისთვის, დიდი ძალაუფლება  რომ  არ მოიპოვოს. მაგალითად, აშშ-ში პრეზიდენტი ძალაუფლებას კონგრესს უყოფს, ეს უკანასკნელი კი ხშირად სხვა პარტიის ხელშია. ბიზნესში ყველაფერი სხვაგვარადაა: პრეზიდენტის თითოეული ნაბიჯის კონტროლი გაუმართლებელ მიკრომენეჯმენტად აღიქმება, რომელიც გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას უშლის ხელს. მოკლედ, შეიძლება ითქვას, მთავრობა ბევრად უუნარო და მოუქნელია, ვიდრე ბიზნესკორპორაცია. შესაბამისად, არ არსებობს  გარანტია, რომ განსხვავებულ გარემოში მოქმედი ბიზნესმენი ანალოგიურ წარმატებას მიაღწევს, თუ მას ლიმიტირებულ ჩარჩოებში ჩასვამენ.
პოლიტიკაში ჩაბმული ბიზნესმენი სხვა, ბიზნესისთვის უჩვეულო სირთულეებსაც აწყდება: ხელისუფლებას ხშირად უწევს ლავირება ამომრჩევლების განსხვავებულ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავ დაკვეთებს შორის. მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვა ზოგს ადამიანის განუყოფელ უფლებად მიაჩნია, დანარჩენებს – ფულის უაზრო ფლანგვად. ასეთ პირობებში მთავრობას უწევს, ინტერესთა ჯგუფების ფართო და ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები დააკმაყოფილოს.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი: ბიზნესში არსებობს მკვეთრად გამოხატული, ხელშესახები შედეგი – კორპორაციის მოგება, რომლის გაზომვა დროის ნებისმიერ მონაკვეთში მარტივად შეიძლება.
ყველაფერი რთულდება, როცა საქმე მთავრობის ხელმძღვანელს ეხება. მისი მოქმედებათა შედეგების მკაფიოდ გამოყოფა და ზუსტი გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს მაშინ, როცა პოლიტიკოსს მუდმივად არჩევნების პირობებში უწევს მოქმედება. ბიზნესმენს მეტი ფუფუნება აქვს, ხანგრძლივ გეგმებზე იფიქროს და საკუთარი ინტუიციით იმოქმედოს. შეუძლია, თავი აარიდოს მედიას, არ აკონტროლოს თითოეული სიტყვა. არც მრავალრიცხოვანი ჯგუფების დარწმუნება და მათთან კომუნიკაცია უწევს. სხვა თუ არაფერი, ის კორპორაციის, მთავრობა კი – გადასახადების გადამხდელების ფულს მართავს. შესაბამისად, ბიზნესმენი დირექტორთა საბჭოს, ქვეყნის მმართველი კი ბევრად უფრო ფართო ჯგუფის – ამომრჩევლის წინაშეა პასუხისმგებელი. 
მოკლედ რომ ვთქვათ, ტრამპის საფირმო ფრაზის – „შენ გათავისუფლებული ხარ!” – ყვირილი  კონგრესზე, სკეპტიკურად განწყობილ მედიასთან ან საჯარო სექტორის მუშაკებთან, პრეზიდენტისთვის არც ისე მომგებიანია.
ამ ორ როლს შორის არსებული განსხვავებები რამდენიმე რისკს მოიცავს: ერთი, რომ ამომრჩეველს იმედი გაუცრუვდება, როდესაც მისი რჩეული უუნარო აღმოჩნდება, როგორც პოლიტიკოსი და მეორე – პოლიტიკურ მმართველობაში მოსვლის შემდეგ ეს უკანასკნელი შეეცდება, საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვების წინააღმდეგ გაილაშქროს. და თუ ამას შეძლებს, შესაძლოა, ერთ დღესაც მოქალაქეებმა  დემოკრატიული ქვეყნის ნაცვლად, აზიური ტიპის მმართველობის მქონე ქვეყანაში გაიღვიძონ.
განვითარებადი ქვეყნები რისკებისგან კიდევ უფრო ნაკლებად არიან დაცული, ვიდრე ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე დასავლეთის ქვეყნები. მსგავს სახელმწიფოებში, ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა პლუტოკრატია და პატრონ-კლიენტური ქსელებია. აქ მეტი საფრთხეა, დიდი კაპიტალის მქონე ადამიანების მმართველობაში მოსვლა, დანარჩენი საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე, მისი გარემოცვის ფინანსური ინტერესების სამსახურში ჩადგეს. უარეს შემთხვევაში, მსგავსი პროცესები ბანანის რესპუბლიკად ქცევით სრულდება, სადაც მთელი სიმდიდრე თავს ოლიგარქთა მცირე ჯგუფის ხელში მოიყრის. ეს უკანასკნელი კი ქვეყანას კომერციული საწარმოს მსგავსად, მონოპოლიების მეშვეობით მართავს – მოგება კონკრეტული ჯგუფის პირად საკუთრებად ითვლება, ვალები და პრობლემები კი – საზოგადოების პასუხისმგებლობაა.
ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნეს-გამოცდილება პოლიტიკოსისთვის გამოუსადეგარია. პირიქით, პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული პირებისთვის სასარგებლოა ადამიანების მოტივირების, ზოგადი მენეჯმენტის უნარები, ფულის ფლანგვისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და საჯარო სფეროს კერძო სექტორის პრინციპებით მართვა. კერძო სექტორიდან საჯაროში გადმოსულ ადამიანს შეუძლია, ბიუროკრატიის ლეთარგიულ ყოველდღიურობაში ახალი მიდგომები და სამეწარმეო დინამიზმი შეიტანოს. ბიზნესმენი არის ადამიანი, რომელსაც ყოველდღიური კონკურენციის რეჟიმში უწევს მოქმედება და პრეზიდენტის მსგავსად, გარანტირებული 5-წლიანი ან რაიმე სხვა ვადა არ აქვს. მან კარგად იცის, როგორ არის მოწყობილი სამყარო და შეუძლია, იდეა რეალობად აქციოს. ის არა რიტორიკაზე, არამედ შედეგზე არის ორიენტირებული.  ამიტომ,  არასწორი იქნება, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ბიზნესმენის საჯარო მოხელედ ტრანსფორმაცია საფუძველშივე  კრახისთვისაა განწირული. თუმცა  ბიზნეს-წარმატებას ვერც უცილობელ გარანტად მივიჩნევთ, თუ მას სხვა, პოლიტიკური უნარები არ ემატება. არსებობენ მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ნიჭიერები აღმოჩნდნენ არა მხოლოდ ბიზნესში და არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ ბიზნესში მიაღწიეს წარმატებას. 

კომენტარები