ვუდი, ნიუ იორკი, პარიზი

„ფილმი პარიზში უნდა გადამეღო, ეს დამფინანსებლების ერთადერთი მოთხოვნა იყო. ამ ქალაქზე ნამუშევრის შექმნის იდეა არ მქონდა. დავიწყე ფიქრი და ცოტა ხანში მივხვდი, რომ რომანტიკული კომედიის გადაღება მინდოდა, რადგან პარიზი ჩემთვის ყოველთვის რომანტიკასთან ასოცირდებოდა. სათაურიც მოვიფიქრე „შუაღამე პარიზში”, – განაცხადა ვუდი ალენმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ეს რეჟისორის ბოლო ნამუშევარია – ვუდი ალენისათვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი, დიალოგებით, ფენტეზის მცირე დოზით და რომანტიკული, სასაცილო ისტორიით.

ფილმი იწყება ურბანული კადრებით და ფრაზით – პარიზი ყველაზე მშვენიერი ქალაქია. მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. არა, შეიძლება საფრანგეთის დედაქალაქი მართლაც ულამაზესი ქალაქია, მაგრამ ამის მოსმენა ვუდი ალენის პერსონაჟისგან სიცრუედ მოგეჩვენებათ. რეჟისორი ხომ მთელი თავისი არსებით ნიუ იორკს ეტრფის და ამის მტკიცებულებად „ენი ჰოლის” და „მანჰეტენის” ხსენებაც კმარა.

ალენ სტიუარტ კონინგსბერგი, რომელსაც მთელი მსოფლიო ვუდი ალენის სახელით იცნობს, 1935 წელს ნიუ იორკში დაიბადა. ებრაელი ბიჭის ბავშვობას ბედნიერი ნამდვილად არ ეთქმოდა, მისი მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ და დედასთან ცუდი ურთიერთობაც კი ჰქონდა. ნიუ იორკი, ებრაელები და ურთიერთობის სირთულეები – ეს მომავალი რეჟისორის ფილმების დასაყრდენი გახდა. ვუდი ალენის ნამუშევრების უმეტესობა, მისი ბიოგრაფიის ილუსტრაციას ჰგავს. მთავარ პერსონაჟებს ადრეულ წლებში რეჟისორი თითქმის ყოველთვის თვითონ თამაშობდა, ახლა კი სხვა მსახიობებს ათამაშებს „ვუდი ალენს”. ოუენ უილსონი ფილმში „შუაღამე პარიზში” მთავარ როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი ჯილ პენდერი არ არის ისეთი ექსცენტრიკული, როგორიც ვუდის ძველი პროტაგონისტები. ის ჰოლივუდის სცენარისტია, რომელიც პარიზში მომავალ მეუღლესთან და მის მშობლებთან ერთად ჩამოვიდა. ამ ქალაქში საკუთარ თავს, თავგადასავლებს, ნამდვილ გრძნობებს ეძებს. მიაჩნია, რომ ცუდ ეპოქაში დაიბადა და მისი ადგილი მეოცე საუკუნის ოციანი წლების პარიზშია. „დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, მშვენიერი ეპოქის პარიზში წავიდოდი, ლანჩს მივირთმევდი და უკან დავბრუნდებოდი. ეს დიდებული მოგზაურობა იქნებოდა. სიამოვნებით ვესტუმრებოდი 20-იანი წლების პარიზს”, – ეს ვუდი ალენის სიტყვებია და ოცნებებს ეკრანზე აცოცხლებს. უყვარს რეალობისა და ფანტაზიის შერწყმა და ეს არაერთ ფილმში („სკანდალი”, „ზელიგი”) გაუკეთებია.

ჯილ პენდერის პერსონაჟი შუაღამეს, პარიზის ქუჩაში დგას. უცებ მანქანა ჩერდება, საიდანაც მას უცნობი ადამიანები უხმობენ, ისიც ჯდება და 20-იანი წლების პარიზში ხვდება. დროში, სადაც სკოტ ფიცჯერალდი, ერნესტ ჰემინგუეი, კოულ პორტერი, პიკასო, სალვადორ დალი, ლუის ბუნუელი, გერტრუდა სტაინი და სხვა ცნობილი ხელოვანი ხალხი ელოდება; ადამიანები, რომლებსაც უილსონის პერსონაჟი ლამის აღმერთებს. სულ ცოტა ხანში, ბედნიერების მაძიებელი პენდერი ხვდება, რომ ეს ყველაფერი ფუჭია – არ არსებობს ეპოქა, რომლითაც ადამიანი კმაყოფილი იქნება, ყველგან ყველაფერი ერთნაირად ხდება. უბრალოდ, ყველა მისტირის წარსულს და ჰგონია, რომ იქ, სადღაც, უკეთესია.

ვუდი ალენი არაფერს მისტირის.

მისი უმთავრესი მუზა და გატაცება დაიან კიტონი იყო. ქალი, რომელთანაც ვუდი ალენს ერთწლიანი რომანი ჰქონდა. დაიან კიტონი ვუდი ალენის უდიდესი სიყვარულია, ეს რეჟისორმა თავისი საუკეთესო ნამუშევრის, „ენი ჰოლის” შექმნით დაამტკიცა, რომელიც სწორედ მას მიუძღვნა. ვუდი დღესაც სიამოვნებით ითამაშებდა მთავარ როლს და პარტნიორად კიტონს აიყვანდა, მაგრამ, მისი აზრით, მაყურებლისთვის არამიმზიდველია სამოც წელს გადაცილებული ხალხის რომანტიკული ისტორიის ეკრანზე ყურება. ახლა ვუდი ალენი მეუღლე სუნი პრევინთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მია ფეროუს აყვანილი შვილია. ვუდიმ და მიამ 12 წელი იცხოვრეს ერთად და სწორედ ამიტომ, ეს ქორწინება მისი ცხოვრების ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური ფაქტი გახდა.

ვუდი ალენი დღესაც რიგითი ადამიანივით ცხოვრობს. თავის უდიდეს სიმდიდრედ მანქანასა და მძღოლს მიიჩნევს. დღემდე ინგმარ ბერგმანს აღმერთებს, სახლში კვლავაც მარტა გრეჰემის პოსტერი უკიდია, ისევ ნიუ იორკ ნიქსი უყვარს და კლარნეტზე თავის ჯაზბენდთან ერთად უკრავს. ვუდი ალენი არასოდეს გამოირჩეოდა ეპატაჟით, მისი სურათები არ ყოფილა სკანდალური ან ძალადობრივი სცენებით დახუნძლული. ნამუშევრები მუდამ იუმორითაა გაჯერებული. არასოდეს უყურებს საკუთარ ფილმებს, არც კრიტიკოსთა რეცენზიებს კითხულობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ახალ პროექტზე იწყებს ფიქრს და ასე გრძელდება 30 წელზე მეტია.

მიაჩნია, რომ მარტინ სკორსეზემ, რობერტ ოლტმანმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ თანამედროვე რეჟისორებზე უდიდესი გავლენა იქონიეს, თვითონ კი ნაკლებად შეცვალა ვინმეს კინოხედვა. ძალიან გაუკვირდება, ვინმეს კედელზე თავისი პოსტერი რომ ნახოს. ლონდონის, ბარსელონას, პარიზის შემდეგ ახლა ფილმს რომში იღებს, მაგრამ მუდამ ნიუ იორკელ სათვალიან ექსცენტრიკულ ტიპად დარჩება.

„შუაღამე პარიზში” ბოლო წლებში რეჟისორის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, მის საუკეთესო ტრადიციებში გადაღებული ფილმია. ვუდი ალენი ის იშვიათი რეჟისორია, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს. არავის შეუძლია მასავით გადაიღოს სურათი. ამ ადამიანმა კინოში ახალი ჟანრი შექმნა. ჟანრი – სახელად ვუდი ალენი.

კომენტარები