ჩოგბურთი

30 უკვე მძიმეა

როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი სტაბილურად ვერ იგებენ. როჯერი და სერენა სტაბილურები არ არიან, ფედერერმა და უილიამსმა წელს დიდი სლემის პროცესში ჯეკპოტი ვერ მოხსნეს. ფედერერმა პირველად, 2002 წლის ამბების მერე. სერენას ბოლო უსლემო სეზონი ხუთი წლის წინ იყო.

როჯერმა როლან გაროზე დაშალა ნოვაკ ჯოკოვიჩი და ფინალში ვერ ირბინა. რაფაელ ნადალი დარბოდა, როჯერი იდგა და ელოდებოდა, ყველაფერი რომ მორჩენილიყო. ფედერერმა სერბი US Open-ზე ორჯერ დააჩოქა და სეანსი ბოლომდე ვერ მიიყვანა. ჯოკოვიჩმა მოიგო. სერენამ დიდ ფინალამდე წელს ერთხელ გაქაჩა. ნიუ იორკში სემ სტოსურს ორი უმოტივაციო სეტი დაუტოვა და ისვენებს. სერენა ბოლო დროს თითქმის სულ ისვენებს. ნაოპერაციებ მუხლს, მაჯას, ხერხემალს ასვენებს და სულ ტკივა. როჯერი 30 წლის არის. სერენაც.

ჩოგბურთში ყველას თავისი, განსხვავებული სიბერე აქვს.

ბილ ტილდენმა ამერიკელებს ჩოგბურთი უფრო ახლოს გააცნო, დაუმეგობრა. ტილდენი სულ იგებდა. 40 წლის ტილდენი საჩოგბურთო წრეებში ისევ ის დარტ ვეიდერი იყო, როგორც 20 წლის ბილი. პანჩო გონსალესი ჩოგბურთით ერთობოდა და არ იღლებოდა. 41 წლის გონსალესმა უიმბლდონის პირველ წრეში, ორდღიანი ეპიკი ჩარლი პასარელს 22:24, 1:6, 16:14, 6:3, 11:9 მოუგო. როდ ლეივერმა 1969-ში მეორედ დაირტყა დიდი სლემი, ანუ ერთ სეზონში ოთხივე დიდი ტურნირი მოიგო. ლეივერი 31 წლის იყო. ჯიმი კონორსმა 20 წლის წინ US Open-ზე ნახევარფინალამდე გაისეირნა. ჩოგბურთის ბობ დილანი მაშინ 39 წლის გახლდათ.

სხვებმაც გაქაჩეს. 30 წლის შესრულდნენ და მერე გაქაჩეს.

ბილი ჯინ კინგი: მოიგო US Open და უიმბლდონი.

მარტინა ნავრატილოვა: ორი უიმბლდონი, ერთი US Open. 48 წლამდე ითამაშა.

კრის ევერტი: ორი როლან გარო.

მარგარეტ კორტი: Australian Open-ი, US Open-ი და როლან გარო. ერთ სეზონში. 1973. კორტი კორტზე 31 წლის ასაკში გადიოდა.

ორი ბრიტანელი ჰიპი, ენ ჰეიდონ ჯოუნსი და ვირჯინია უეიდი: ორივემ უიმბლდონზე შეასრულა. ორივე 31 წლის იყო.

პიტ სამპრასი: US Open-ი.

როი ემერსონი: როლან გარო.

ჯონი ნიუკომბი: Australian Open-ი.

არტურ ეში: უიმბლდონი.

ყველა ლეგენდა ლეგენდარულად ვერ ბერდებოდა. ივან ლენდლმა, ჯონ მაკინროიმ, ბორის ბეკერმა, სტეფან ედბერგმა, ბიორნ ბორგმა და შტეფი გრაფმა ბოლო მეიჯორი 30 წლამდე მოიგეს. ჯიმ კურიე ჩოგბურთისთვის 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანამდე იყო რეიტინგის პირველი ნომერი და ორ-ორჯერ ავსტრალიის და საფრანგეთის სლემი მოიგო.

ფრანჩესკა სკიავონემ და ნა ლიმ სლემი 29 წლის ასაკში (ორივემ – როლან გარო) მოიგეს და სერენა თითქმის არ თამაშობს. გადის კორტზე, იღლება, ნაოპერაციებ მუხლზე საფენებს ადებენ და უილიამსი ორ ან მეტთვიან არდადეგებზე გადის. შემდეგ სეზონში როჯერი და სერენა უიმბლდონისთვის მოემზადებიან. სხვა საფარზე ბოლომდე (ალბათ) ვეღარ მივლენ. სამწუხაროდ.

კომენტარები