ოლ ბლექსი

დენ კარტერის ტესტი

იდენ პარკთან ორი პოლისმენი ბავშვებს ეთამაშება. პატარებმა პოლისმენებს ალყა შემოარტყეს, წრეს კრავენ. ორს სკეიტბორდი აქვს წამოღებული. ოლ ბლექსის სკეიტები. 9 წლის მელისამ სკეიტს ფეხი წამოკრა, დაეცა. სველ ბალახზე გადაგორდა, ბიჭებმა წამოაყენეს. მელისას პოლისმენი უახლოვდება, ეცინება, აჩეჩილი თმისკენ ხელი მიაქვს, სკეიტს ფეხით იღებს. მელისა, რენდი, ჯონათანი, რეიბერნი, სტანინა, კოლინი, რიჩი, ელიზა, მარა, დუეინი, კიდევ ერთი კოლინი – ბანდა არ ხუმრობს, რაღაც არაბავშვურისთვის ემზადება. ბობი როდრიგესის თემაა. პატარები ცელქობენ და იდენ პარკთან ჯესიკა ალბაც ზედმეტი იქნებოდა. იდენ პარკთან როდრიგესიც ზედმეტია. იდენ პარკი სიმშვიდე და აგრესიაა. იდენ პარკზე ოლ ბლექსი თამაშობს. ბავშვები ჰაკას იწყებენ. მელისა და ერთ-ერთი კოლინი ოდნავ წინ გამოდიან, ბუთხუზა ხელის გულებზე იდაყვებს ირტყამენ. წამოიღო.

ვიღაცა ჯონ კირვენია, ვიღაცას ენდრიუ მერთენსი მოსწონს, სხვა ცელქ ელემენტებს თავისი ფავორიტები ჰყავთ – რიჩი მაკქოა, დაგ ჰაულეტი, ჯონა ლომუ, იან კირკპატრიკი, ფრედ ალენი. ახალ ზელანდიაში ბავშვს ძილის წინ ოლ ბლექსზე ზღაპრებს უყვებიან. იმ ზღაპრებში კონკია ლელოს დებს და პიტერ პენი არეკნით ტესტს იგებს. ბავშვები ჰაკას ამთავრებენ. იდენ პარკთან სიმშვიდეა. პატარებს ოლ ბლექიც უყურებს. ოდნავ მოშორებით იდგა, პოლისმენებს ანიშნა, არ დამინახოთ, ჰაკა დაამთავრებინეთ და მერე დავიწყოთო. მოსულა? მოსულა. იდენ პარკთან ოლ ბლექმა პატარებთან ერთად უნდა წაივარჯიშოს. ჰაკა მორჩა, ბავშვები ბალახზე გადაგორდნენ. ოლ ბლექი პატარებთან მიდის, ეცინება, პერანგზე ზედა ღილს იხსნის. ბავშვები აღარ ცელქობენ. ჯერ სტუმარს აკვირდებიან და ყველაფერი უცბად იცვლება. ისინი უკვე სტუმრები არიან და ის, ახალი ტიპი იდენ პარკის ბოსია. ის სულ ბოსია. ის დენ კარტერია.

იდენ პარკზე ოლ ბლექსიც ტესტამდე ერთი დღით ადრე შედის. ბალახმა უნდა დაისვენოს, მალე ტესტი იწყება. დენ კარტერს ოლ ბლექსში, ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრებში 83 კეპი აქვს აკრეფილი. დღეს ბავშვებს წაეთამაშება და მსოფლიო თასის წინ კიდევ რამდენიმე პატარა გულს გაზრდის. მალე მსოფლიო თასი იწყება. ზელანდია სულ ფავორიტია და პირველი დიდი გარჩევის მერე, ფინალს ვერ იგებს. პირველი დიდი გარჩევა 24 წლის წინ იყო. ოლ ბლექსი იცვლებოდა, ლეგენდებს ლეგენდები ცვლიდნენ და მსოფლიო თასს სხვა იგებდა. ჯონა ლომუმ ბევრი წლის წინ, ქეიფ თაუნის ნიულენდსზე ოთხი ლელო დადო და ზელანდიამ ინგლისი დამარხა. ლომუმ ერთი ლელო მაიკ ქეთთან ერთად დადო. ფინალში, იოჰანესბურგის ელის პარკზე ჯეოლ სტრანსკიმ ექსტრა დროში სამხრეთ აფრიკას მოაგებინა. ნელსონ მანდელამ მოიგო, ლომუმ ვერ მოიგო.

დენ კარტერი ამ გენერაციის მეათე ნომერია. ამ გენერაციის მეათე ნომერია სარაგბო ანბანში და პირველი ტიპია ყველაფერში. ზოგი ამბობს, რომ კარტერზე სერიოზული კაცი ახალ ზელანდიას არ ჰყოლია. სადავო, მაგრამ გასარჩევი და საინტერესო თემაა. კარტერიც საინტერესოა. ბავშვებთან მისტერ ოლ ბლექი ცელქობს, პატარების ხმაურით ისვენებს, ლელოებს ადებინებს, არეკნით ტესტის მოგებას ამუღამებინებს. დენ კარტერი ლეგენდაა.

კარტერს რაგბის ამბებში ბევრი სადოქტორო აქვს დაცული, პროფესორია, რაგბიში მეჯიქ ჯონსონის პასით და უეინ გრეცკის ინტელექტით ერთობა. დენ კარტერის 29 წლიდან, 24 თორმეტთვიანი სეზონი რაგბის დაეთმო. 5 წლის დენმა რაგბი უბნის ბიჭებთან ერთად გაიცნო, ხელი ჩამოართვა, მოეწონა. რაგბის სიმშვიდე და თავაზიანობა კარტერზეც გადავიდა. დენი რაგბი გახდა.

რაღაც მომენტში კარტერიც იღლებოდა. იმ მომენტში ზელანდიაც დგება, გენიოსის ბრეიქს ელოდება. კარტერი ისვენებს და რაგბის ისტორიაში ყველაზე ბევრქულიანი კრიმინალი ხსნის პენალს. ის პენალი იდენ პარკთან მერთენსმა აჩუქა. იმ პენალში ბევრი ქულა და მოგონება ჩავიდა. დენ კარტერის, ახალი ზელანდიის, რაგბის, დიდი მუშტის და უფრო დიდი გულის მოგონებები. დენ კარტერი რაგბიში ისვენებს.

ოლ ბლექსმა მსოფლიო თასი მისტერ კარტერთან ერთად დაიწყო. ცოტა ირბინა და ბევრით მოუგო ტონგას (41:10). იაპონიასთან კარტერმა დაისვენა. ჰამილტონში, ვაიკატო სთედიუმზე უბნელი კივი ჩაისვა კალთაში, იქვე ხულიგან ტუატარასს ჩიფსები დაუყარა და ძმაკაცების მასტერკლასს შეხედა. დენი მეათე ნომერზე კოლინ სლეიდმა შეცვალა. სლეიდი კარგი ბიჭია. დენი – კარტერია. ზელანდიამ 13 ლელო დადო, ერთი ლელო დაკუნთულ სამურაებსაც აჩუქა და 83:7 დასვა. საფრანგეთი უკვე სერიოზულია. საფრანგეთთან კარტერი საჭიროა. დენმა ასაღები აიღო, ოლ ბლექსმა ტესტი 37:17 მოიგო. კარტერთან ერთად ზელანდია სხვა ლიგაა. უკარტეროდ ოლ ბლექსი საფრანგეთია. ანუ, ოლ ბლექსზე სუსტი.

დენს საფრანგეთთან ოლ ბლექსში ოთხმოცდამეხუთე ტესტი აქვს. 50 ტესტში კარტერი ვიცე-კაპიტანია. ოლ ბლექსის კაპიტანი ბოლო წლებში სულ რიჩი მაკქოაა. კანადასთან ტესტამდე გადაწყდა, რომ დენი პირველად იქნებოდა მაკქოა, კაპიტანი. განსაკუთრებული დღე მოდის. განსაკუთრებული ტესტის დაწყებამდე, კარტერმა ტრავმა მიიღო. ოლ ბლექსმა რაღაც დიდი დაკარგა. დენ კარტერმაც. კანადა 79:15 დაიშალა. მსოფლიო თასის მოსაგებად კიდევ სამი ტესტია მოსაგები. ოლ ბლექსმა უნდა მოიგოს. ოლ ბლექსისთვის, პატარა ბუდეში გამთბარი კივისთვის, ყველა პატარა ზელანდიელისთვის. ოლ ბლექსმა დენ კარტერისთვის უნდა მოიგოს.

ზელანდიამ მოიგო. არგენტინასთან მხრები გაშალა, გაბრაზებულმა აკრიფა და 33:10 წამოიღო. არგენტინას ხუან მარტინ ერნანდესი არ ჰყავს. ზელანდიას – კარტერი. უბნის გარჩევებში, დაშლილი ღობის უკან ზელანდიამ ავსტრალია დაშალა (20:6) და ისევ ფრანგებზე გავიდა. ზელანდიამ უკარტეროდ გაძლო. ფინალში უბიუჯეტო რაგბი წავიდა. დარენ არონოვსკიმ მეორე რეკვიემისთვის თემა მიიღო. ზელანდიამ 8:7 მოიგო.

საუთბრიჯში 720 მოსახლეა. 260 სახლი. საუთბრიჯი კენთერბერი ფლეინზის ნაწილია, ახალი ზელანდიის სამხრეთით. ქრაისთჩერჩამდე 45 კილომეტრია დასაფარი. 1875 წლის 13 ივლისს ქრაისთჩერჩიდან საუთბრიჯამდე რკინიგზა გაიყვანეს. საუთბრიჯიდან ქრაისთჩერჩში დენ კარტერი დადის. იქ ძმაკაცებთან ერთად რაგბის სკოლა აქვს გახსნილი. უვლის ორ კივის. თამაშობს რაგბის. ყველაზე მაგრად თამაშობს.

რაგბის ისტორიაში ყველაზე ბევრი, 1 250 ქულა (29 ლელო, 224 გარდასახვა, 215 ზუსტი საჯარიმო, 4 არეკნი).

ოლ ბლექსისთვის მიცემული 85 კეპი.

სამჯერ ნაოპერაციები მარჯვენა მუხლი.

დენ კარტერი კარგი ბიჭია.

იდენ პარკთან ბავშვები აღარ ცელქობენ. დაღლილები არიან. მერე, შეიძლება ოლ ბლექსის და ზელანდიაში გოგონების რაგბიბანდის, ბლექ ჰერნსის ჯოკრები გახდნენ. და გაიხსენებენ, რომ რაგბი ვიღაცის გამო დაიწყეს. ჯონა ლომუს, რიჩი მაკქოას, დენ კარტერის გამო.

იდენ პარკზე ოლ ბლექსი ტესტამდე ერთი დღით ადრე შედის. ბალახმა უნდა დაისვენოს, მალე ტესტი იწყება. დენ კარტერის ტესტი.

კომენტარები