სმარტფონები

სმარტფონების ომი

გასულ კვირას სტივ ჯობსის ოფიციალური ბიოგრაფია გამოიცა, რომელიც მრავალ საინტერესო დეტალთან ერთად, ერთ სკანდალურ ინფორმაციას შეიცავს. თუ წიგნის ავტორს, სტივ ჯობსის პირად ბიოგრაფს, უოლტერ ისააკსონს ვენდობით, აწ გარდაცვლილი CEO ორგანულად ვერ იტანდა კომპანია Google-ს და ოპერაციულ სისტემა Android-ს მისი კომპანიისგან მოპარულ პროდუქტს უწოდებდა. ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ვაშლის მოყვარულების სექტასა და მწვანე კაცუნების საზოგადოებას შორის, რაც საბოლოოდ სმარტფონების ომში გადაიზარდა.

კონკურენტმა მხარეებმა ბრძოლაში მძიმე არტილერია: ხელოვნური ინტელექტი და ქლაუდ-ქომფიუთინგი ჩართეს. Apple-მა iPhone 4S გამოუშვა, რომლის მთავარი „კოზირი” პერსონალური ასისტენტი SIRI გახლავთ. Google-მა კი Samsung-თან ერთად Galaxy Nexus-ის გამოსვლის შესახებ განაცხადა. მისი ოპერაციული სისტემა Android-ის განახლებული, 4.0 ვერსიით იქნება აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ თვისობრივად ეს ორი სმარტფონი უფრო და უფრო ემსგავსება ერთმანეთს, გნებავთ გარეგნულად და გნებავთ ინტერფეისის დონეზე, თუმცა საბოლოო ტოლობის ნიშნის დასმა მათ შორის არამც და არამც არ შეიძლება.

ჩვეულებრივი მომხმარებლები, რომლებიც არც ერთი ბანაკის მიმდევრები არიან, კვლავაც არჩევანის წინაშე დადგნენ, ვინაიდან მათთვის ორი ყველაზე საუკეთესო ტელეფონიდან ერთ-ერთის არჩევა ძალზედ რთული ამოცანაა. თუმცა არსებობს ობიექტური მახასიათებლები, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა. ასე მაგალითად: როგორც პრაქტიკა და სტატისტიკა აჩვენებს, დავარდნისას Nexus-ი უფროა დაცულია, ვიდრე iPhone. Nexus-ს უფრო უკეთესი და დიდი ეკრანი აქვს, რაც 720×1280 პიქსელიანი რეზოლუციით და 4.65 დუიმით არის განპირობებული. მის კონკურენტს 640×960 პიქსელი და 3.5 დუიმი აქვს. სამაგიეროდ, ფოტოკამერა iPhone-ისა სჯობს: 8 მეგაპიქსელი აშკარად უფრო მეტია, ვიდრე Nexus-ის 5 მეგაპიქსელი. მთავარი ფაქტორი კი, რომლითაც iPhone ყოველთვის სჯობდა Android-იან ტელეფონებს – ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა – ამ შემთხვევაში არც ისეთი დიდი უპირატესობა აღმოჩნდა, როგორც ამას Apple-ის შტაბბინაში მოელოდნენ.

გარდა გარეგნული და ტექნიკური მახასიათებლებისა, ორივე ტელეფონი შესაბამისი ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსიითაა აღჭურვილი. iPhone 4S-ის შემთხვევაში პერსონალური ასისტენტი, SIRI-ია აღსანიშნავი, რომელთანაც ხმოვანი კომუნიკაციაა შესაძლებელი, ანუ თქვენ შეგიძლიათ უკარნახოთ რა გააკეთოს ტელეფონმა და ხმოვანი ბრძანებების საშუალებით სრულად მართოთ: გააგზავნოთ ტექსტური შეტყობინება, მოინახულოთ ინტერნეტში სასურველი ინფორმაცია, დარეკოთ და უპასუხოთ ზარს და ა.შ. Google-მა აქცენტი ვიზუალურ ინფორმაციაზე გააკეთა და მთავარი ფსონი Google Goggles-ზე დადო. მისი საშუალებით შეგიძლიათ სურათი გადაუღოთ თქვენთვის უცნობ ენაზე დაწერილ ტექსტს და უმალვე თარგმანი მიიღოთ. ასევე Galaxy Nexus-ში დაამატეს სიახლე – ტელეფონი ცნობს მფლობელის სახეს, რაც Google-ის ინჟინრებმა იმაში გამოიყენეს, რომ თუკი უწინ ტელეფონზე ნაირ-ნაირი პაროლების დადება გიწევდათ, რათა სხვას არ ჩაერთო ის, ამიერიდან თქვენი კოდური ინფორმაცია თქვენი სახე იქნება. თუ ამას კონფიგურაციაში მიუთითებთ, ტელეფონის unlock-ს სხვა პიროვნება ვერაფრით შეძლებს, თქვენ კი არანაირი პაროლის აკრეფა არ მოგიწევთ.

Google-ში ირწმუნებიან, რომ მათი ახალი სმარტფონი იქნება მოწყობილობა, რომელსაც მისი მფლობელები არათუ მოიხმარენ, არამედ შეიყვარებენ კიდეც. ანდროიდები ამბობენ, რომ მათ საყვარელ ტელეფონს გააჩნია სული! Apple-ის უპატრონოდ დარჩენილი ინჟინრები კი ახალ გზებს ეძებენ, რათა როგორმე გამოვიდნენ სტივ ჯობსის ჩრდილიდან. დაპირისპირება მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა და მომხმარებლებიც დიდი არჩევანის წინაშე დადგნენ, ვინაიდან მათ კვლავაც ვერ გაურკვევიათ პასუხი რიტორიკულ შეკითხვაზე: iPhone თუ Android?!

 

კომენტარები