2012 წლის ბიუჯეტი

2012 წლის ბიუჯეტის პროექტი

0 კომენტარი

 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად შევიდა. ნაერთი ბიუჯეტი 7.673 მილიარდი ლარია, რაც 2011 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 323.3 მილიონი ლარით მეტია. ამ ზრდის უდიდესი წილი საბიუჯეტო სახსრებზე მოდის: 2011 წელთან შედარებით, ეს კომპონენტი 214.8 მილიონი ლარით, ხოლო გრანტები და კრედიტები – 108.5 მილიონი ლარით იზრდება. 

2010 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წელთან შედარებით, 6.4%-ით გაიზარდა. მატების უდიდესი წილი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებზე მოდის. ამ დარგებმა მთლიანი შიდა პროდუქტი 4.8%-ით გაზარდეს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევართა რაოდენობა 0.6%-ით შემცირდა – უმუშევრობის დონემ 16.3% შეადგინა. 

საქართველოს ეკონომიკის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომი განვითარების ანალიზის საფუძველზე, ქვეყნის მთავრობა რამდენიმე პროგნოზს აკეთებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საშუალოვადიან პერიოდში (2012-2015 წლებში) მშპ-ის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 6-7%-ის ფარგლებში იქნება. იმავე პერიოდში, კერძო ინვესტიციები სტაბილურად გაიზრდება და 2015 წლისთვის, სავარაუდოდ, მშპ-ის 30.1%-ს მიაღწევს. პარალელურად, 2013 წლიდან ასევე სტაბილურად შემცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2015 წლისთვის ფარდობითი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 3%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. მთავრობის პროგნოზული გათვლების მიხედვით, 2012-2015 წლებში სამომხმარებლო ფასების საშუალო წლიური ცვლილება 6-7%-ის ფარგლებში იმერყევებს.

2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ხარჯების 26.8% სოციალურ უზრუნველყოფას ხმარდება. 2011 წელთან შედარებით, მაჩვენებელი 71.2 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებში, ეს რიგით მეორე ყველაზე მსხვილი მატებაა. ხარჯებში ყველაზე მსხვილი ზრდა ვალის მომსახურებაზე მოდის: 2011 წელთან შედარებით, პროცენტის დაფარვას 89.7 მილიონი ლარით მეტი სჭირდება. 

სოციალური უზრუნველყოფისა და ვალის მომსახურების პროცენტის გარდა, 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა კიდევ ხუთი კომპონენტისგან შედგება: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება; სუბსიდიები; გრანტები და სხვა ხარჯები. ეს სულ მთლიანი ბიუჯეტის 79.9%-ს ანუ 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს. 2011 წელთან შედარებით, ხარჯები 164.9 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 

ეს ბიუჯეტის პირველი პროექტია, სადაც ხარჯები არა მხოლოდ პრიორიტეტების, არამედ პროგრამული დაფინანსების მიხედვითაც ნაწილდება. 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში 12 პრიორიტეტული სფეროა გამოყოფილი. სულ პრიორიტეტების საბიუჯეტო დაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის 78.1% ანუ 5.99 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ამ თანხის 29% ანუ 1.740 მილიარდი ლარი ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე დაიხარჯება. 

პრიორიტეტების დაფინანსების მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის გარდა, მსხვილი კომპონენტების ხუთეულში შედის: თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (1.518 მილიარდი ლარი); რეგიონალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი (1.262 მილიარდი ლარი); განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება (620.6 მილიონი ლარი) და ინსტიტუციონალური განვითარება და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერა (206.6 მილიონი ლარი). ბოლო კომპონენტი საარჩევნო სისტემისა და, ზოგადად, კანონმდებლობის დახვეწას და საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფას გულისხმობს. 

ყველაზე მეტი პროგრამა – 36 – განათლების, მეცნიერებისა და პროფესიული მომზადების კომპონენტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. დანარჩენი კომპონენტები საშუალოდ ორჯერ ნაკლებ პროგრამებს მოიცავს.

მხარჯავი დაწესებულებებიდან ყველაზე მეტი პროგრამული დაფინანსება, 1.722 მილიარდი ლარი ანუ მთლიანი ბიუჯეტის 22.4%, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს გამოყოფილი. აქედან 1.313 მილიარდი ლარი სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება.  

2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსავლები 6.606 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი ბიუჯეტის 86.1%-ია. ის ძირითადად გადასახადებისა და გრანტებისაგან შედგება. მათგან ბიუჯეტის შემოსავლების 92.3% ანუ 6.1 მილიარდი ლარი გადასახადებზე, ხოლო ყველაზე ნაკლები – 3.1% ანუ 206 მილიონი ლარი – გრანტებზე მოდის. 2011 წლის ბიუჯეტთან შედარებით, შემოსავლები 301.4 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად ორი ტიპის გადასახადზე – დღგ-სა და საყოველთაო გადასახადებზე საქონელსა და მომსახურებაზე – მოდის. ამ გადასახადებით, 2012 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიარდი ლარით მეტის მოზიდვაა გათვალისწინებული. 

ამ დროისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის 2011 წლის წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 64.3% შესრულებულია. 2011 წლის 8 თვეში შემოსავლების 64.6%, ხოლო გადასახადების 65.3% შესრულდა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები