ივანიშვილი პოლიტიკაში

"არ მაქვს მზა რეცეპტი, მაქვს პრინციპული პოზიცია"

ერთი თვეა, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე ამბიციური გეგმებით გამოჩნდა. ის არჩევნებში უმრავლესობით გამარჯვებას, მმართველობის სათავეში მოსვლას, ქვეყნის ძირითადი პრობლემების 2-3 წელიწადში გადაჭრასა და უკვე შემდეგ, საკუთარი მთავრობის ოპოზიციაში გადასვლას აპირებს. მის მიერ გავრცელებულმა რამდენიმე განცხადებამ და სამმა ინტერვიუმ, მხოლოდ ფრაგმენტული და ბუნდოვანი წარმოდგენა შექმნა იმაზე, თუ როგორ აპირებს ქვეყნის ძირითად გამოწვევებთან გამკლავებას. თან, ასე მცირე დროში. კონკრეტული გეგმები ივანიშვილს არ აქვს, ან არ გვიმხელს. ამბობს, რომ პრობლემურ საკითხებს შეისწავლის და შემდეგ ექსპერტებთან და საზოგადოებასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს. ამავდროულად, ახალბედა პოლიტიკოსი ისეთი დემოკრატიის აშენებას გვპირდება, რომლითაც ევროპასაც გააოცებს. მოლოდინი, რომ ბევრ ბუნდოვან გეგმას ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციაზე ნათელი მოეფინებოდა, არ გამართლდა. მან კვლავ კონკრეტიკის გარეშე მიმოიხილა სამომავლო გეგმები. თუმცა, რამდენიმე უდავოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

პირველი, რასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილი აპირებს, კონსტიტუციის შეცვლაა. მას არ განუმარტავს, კონკრეტულად რა პრეტენზია აქვს არსებულ კონსტიტუციასთან. მხოლოდ აღნიშნა, რომ ის, ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, უბის წიგნაკად აქციეს, და მასში ძირეული ცვლილებები უნდა შევიდეს. ივანიშვილი არ  განმარტავს, თუ რა ცვლილებებს გულისხმობს. მანამდე ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ კარგი კონსტიტუცია ისაა, რომელზეც საზოგადოება შეთანხმდება და არა ის, რომელსაც თავად დაწერს. 

მეორე პრიორიტეტად ივანიშვილი სასამართლოს დამოუკიდებლობას გამოყოფს და ამბობს, რომ „ნამდვილად დამოუკიდებელ” სასამართლოს შექმნის. თუმცა, კონკრეტული მიდგომა არც ამ სფეროში გააჩნია. „არ მაქვს მზა რეცეპტი, მაგრამ მაქვს პრინციპული პოზიცია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. საქართველოში მრავლად არიან კვალიფიციური იურისტები. ზოგ მათგანს უკვე შევხვდი. თავს უფლებას არ მივცემ, რომ გადავწყვიტო, რა მექანიზმებით უნდა განხორციელდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა”, – აცხადებდა ივანიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში. თუ როგორ წარმოუდგენია ბალანსი, მან იმავე ინტერვიუში ახსნა. კითხვაზე, თუ რა დააბალანსებს ძლიერ ცენტრს, უპასუხა – მხოლოდ მისი ადამიანობა, განვლილი ცხოვრება და ხელწერა.

ივანიშვილი არც იმ გუნდის წევრების ვინაობას გვიმხელს, ვისთან ერთადაც ცვლილებების გატარებას აპირებს. ამბობს, რომ მისი პარტია „ახალი სახეებით” დაკომპლექტდება. კრიტერიუმებად ერთგულებასა და თანამოაზრეობას აცხადებს. ივანიშვილი ალასანიას თავისუფალ დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან თანამშრომლობას აპირებს. ვინაიდან მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, პარტიას ვერ შექმნის და ვერც დააფინანსებს, ამიტომ, არ გამორიცხავს, რომ პარტიის შექმნა მისი მონაწილეობის გარეშეც მოხდეს. თუმცა, იმავე პრესკონფერენციაზე  ივანიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლად მივა არჩევნებამდე და დაამარცხებს მმართველ პარტიას. პრეზიდენტს კი, იმპიჩმენტით დაემუქრა.

საშინაო პრობლემური საკითხებიდან ივანიშვილი მედიის დამოუკიდებლობას, სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნასა და  დასაქმებასაც გამოყოფს. სამოქმედო გეგმის დეტალების გამხელას მომავალი პარტიის პროგრამაში გვპირდება. 

საგარეო ასპარეზზე უმთავრეს პრიორიტეტად ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობების „დალაგებას” აცხადებს, რის დაწყებასაც მყისიერად აპირებს. ამისთვის „განსაკუთრებული ფორმულები” არ აქვს. გამოსავლად ინტერესების თანხვედრის მიღწევას მიიჩნევს, ასეთად კი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს განიხილავს. ივანიშვილის თქმით, არსებული სიტუაცია რუსეთისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობაში ხელისშემშლელია და არც რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვისაა „საინტერესო”. მანამდე ივანიშვილმა თქვა – „რომ გითხრათ, რომ მაქვს კონკრეტული გეგმა – როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, თანაც, როგორ მოვახერხოთ ეს უახლოეს დროში – სწორი არ ვიქნები”.

Reuters-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის არადემოკრატიულობის ყველაზე ცუდი მაგალითი, პუტინი კი პოპულარული ლიდერია. მისი ვარაუდით, რუსეთის მომავალი მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებას დაიწყებს. პრესკონფერენციაზე მან უარყო ვარაუდი და თქვა, რომ ეს მხოლოდ მისი იმედია. ივანიშვილის აზრით, როგორი არადემოკრატიულიც უნდა იყოს რუსეთის მთავრობა, მასთან ურთიერთობის დალაგება ყველა შემთხვევაში უნდა შეძლონ. კითხვაზე კი, თუ რა შეიძლება დავუთმოთ კრემლს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არ დაზარალდეს, პასუხობს – „მართალი მოგახსენოთ, არ ვიცი, რა არის ისეთი, რაც შეგვიძლია, დავთმოთ. დამოუკიდებლობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი”. 

ივანიშვილმა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, თუმცა არ განუმარტავს – როგორ. მისი აზრით, “სააკაშვილმა მისი აბსოლუტურად არაადეკვატური, გაუაზრებელი, არადიპლომატიური განცხადებებით წყობილებიდან გამოიყვანა რუსეთის მთავრობა”, რასაც ბაზრის დაკეტვა მოჰყვა. 

რაც ივანიშვილმა დარწმუნებით იცის, ისაა, რომ აგვისტოს საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო, რის საბუთადაც ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია დაასახელა. მან პოზიტიურ მოვლენად შეაფასა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესაძლო გაწევრიანება. თუმცა, მისი აზრით – „საქართველომ პირადად, გარდა ახალი სიცრუისა, ამით არაფერი არ მიიღო – რაღაც მონიტორინგი, რომელიც ჩვენ მოგვახვიეს თავს, რუსეთი მგონი ორი წელიწადია თავად გვეხვეწება და ჩვენ ვამბობდით უარს”. აღსანიშნავია, რომ რუსეთი აქამდე კატეგორიულ უარს აცხადებდა მონიტორინგის საერთაშორისო ეგიდით წარმოებაზე – რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და ოსეთის მონაკვეთზე, რაც ქართული მხარის შეთავაზება იყო. 

ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ისიც განაცხადა, რომ 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გენერალი ლებედის წინასაარჩევნო კამპანიას კი არ აფინანსებდა, არამედ ბორის ელცინისას. მისი მოტივაცია იყო,   რომ მმართველობაში კომუნისტები არ დაბრუნებულიყვნენ. მიხაილ ხოდორკოვსკის საქმესთან დაკავშირებით, ივანიშვილმა თქვა, რომ ბიზნესმენმა ЮКОС-ი უკანონოდ შეიძინა და პრობლემურად მხოლოდ მისი შერჩევით დასჯა მიიჩნია. 

აღსანიშნავია, რომ Ведомости-სთვის 2005 წელს მიცემულ ინტერვიუში, ის სიამაყით ჰყვებოდა: მე ვაპიარებდი ლებედს, როცა ის იყო მიტოვებული პოლიტიკოსი. მე მაშინ შემიყვანეს ე.წ. семибанкирщина-ში. ელცინის წინასაარჩევნო შტაბის წევრები, რომელსაც ხელმძღვანელობდა ანატოლი ჩუბაისი, არ აღიქვამდნენ ლებედს სერიოზულად. ხოლო მე ბანკის ოფისში განვათავსე მისი წინასაარჩევნო შტაბი და ვაფინანსებდი მის პიარს. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ყველა მიხვდა, რომ მართალი ვიყავი: ელცინს ჰქონდა პატარა რეიტინგი, ლებედმა არჩევნებზე მისცა ხმა ელცინს და ამით მას გამარჯვება გაუნაღდა. მაშინ არავინ მითხრა მადლობა, ხოლო როცა ლებედი მოხსნეს (უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან), ყველას გაახსენდა, რომ ის მე მოვიყვანე და გამრიყეს. ეს იყო ერთადერთხელ, როცა მე ვმონაწილეობდი პოლიტიკაში. შემდეგ, როცა ლებედი კენჭს იყრიდა გუბერნატორად, მე ძველი ნაცნობობით დავეხმარე მას კადრებით, მაგრამ პირდაპირ არ ვაფინანსებდი და არ ვიყავი მასთან დაკავშირებული.

რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების” პარალელურად, ივანიშვილი აშშ-სთანაც და ევროკავშირთანაც ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს. NATO-სთან დაკავშირებით ივანიშვილის პოზიცია ბუნდოვანია. კითხვაზე, უნდა წავიდეს, თუ არა საქართველო ალიანსის მიმართულებით, მან პირდაპირი პასუხი არ გასცა. მისი აზრით, სააკაშვილმა შორს გადასწია NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა. მანამდე ინტერვიუში აცხადებდა, რომ NATO-სთან დაახლოებას ეცდება, თუმცა ამ მიმართულებით ვითარების სწრაფად შეცვლის იმედი არ აქვს. 

ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, მან უპასუხა, რომ ერაყსა და ავღანეთში ჩვენი ჯარების მონაწილეობით, აშშ-სთან და „ასეთ დიდ გაერთიანებასთან” „პატარა პარტნიორობა მოვახერხეთ” და რომ ამ მიმართულებით „საინტერესო პოზიცია გვიჭირავს”. ივანიშვილის თქმით, ის მომავალშიც ეცდება პარტნიორობის დამყარებას. თუმცა, უნდა დაემატონ, თუ შემცირდნენ სამხედროები, ამას ანალიზის შემდგომ გადაწყვეტს. 

ივანიშვილს სექსუალური, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ პოლიტიკაზეც ჰკითხეს. მან უპასუხა, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ყველას მიმართ დამოკიდებულება იქნება ერთგვაროვანი. 

პრესკონფერენციის შემდგომ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მედიასთან ურთიერთობას კვლავ გააგრძელებს. თუმცა, უცნობია, რა ფორმით. მანამდე ის შერჩევითი პრინციპით ხელმძღვანელობდა ჟურნალისტებთან და არც საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიმე თოქ-შოუში მონაწილეობას დათანხმდა. ჯერჯერობით კი, პოლიტიკაში ახლად გამოჩენილი მილიარდერის ირგვლივ კვლავ ბევრი კითხვა არსებობს. 

კომენტარები