საქართველო NATO-ში

რასმუსენი: საქართველო უფრო დაუახლოვდა ალიანსს

ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს უჭირს  თქმა  როდის შეიძლება გახდეს საქართველო ალიანსის წევრი.  მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  რომ საქართველო ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ნატო-ც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „ალიანსი სრულიად უჭერს მხარს საქართველოს რეფორმებს და თქვენს მისწრაფებას, შეუერთდეთ ალიანსს. ჩვენ, 2008 წელს, ბუქარესტში შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი , ეს გადაწყვეტილება  ძალაშია, რაც  ნიშნავს, რომ ნატოს მხრიდან განაცხადი გაკეთებულია“,  - განაცხადა რასმუსენმა.  მისი თქმით,  ნატო-საქართველოს კომისიის  ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად. „ნატო მხარს უჭერდა საქართველოს, ნატო ეხმარებოდა საქართველოს  რეფორმების განხორციელებაში და ახლა ვამბობ, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდა ალიანსს. ჩვენი ყოველწლიური შეფასება ნათლად მიუთითებს, რომ საქართველომ ნამდვილად ბევრი რეფორმა განახორციელა ,  პროგრესი  სახეზეა, თუმცა, ცხადია გარკვეული სამუშაო ჯერ კიდევ გასატარებელია", - განაცხადა რასმუსენმა. მანვე განმარტა,  რომ გაწევრიანების პერსპექტივა სწორედ გატარებულ რეფორმებზე იქნება დამოკიდებული.

ანდერს ფოგ რასმუსენმა  პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე განაცხადა, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანას არ აქვს უფლება ალიანსის გაფართოებას ვეტო დაადოს , რომ  შემდგომი გაფართოების საკითხი მხოლოდ ნატო-მ უნდა გადაწყვიტოს. „ღია კარის პოლიტიკა ერთ ფუნდამენტურ პრინციპზეა დაფუძნებული:  ყველა სუვერენულ ერს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს, გახდეს თუ არა ალიანსის წევრი. მინდა ხაზი გავუსვა , რომ ჩვენი ღია კარის პოლიტიკა არ არის მიმართული ვინმეს და კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ. პირიქით, გვინდა რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობა გვქონდეს. გასული წლის ნოემბერში შევთანხმდით კიდეც, რომ რიგ საკითხებთან მიმართებაში პარტნიორობას შევინარჩუნებდით. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ალიანსის კარს ღიას ვტოვებთ", - აღნიშნა რასმუსენმა.  მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში და თქვა, რომ   ნატო და საქართველო უკვე ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ”თქვენ მეორე არაწევრი ქვეყანა ხართ, რომელსაც ავღანეთის ოპერაციაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს. ეს არის ფასდაუდებელი წვლილი და საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ ალიანსის მიმართ გარკვეული ვალდებულება გაქვთ ნაკისრი", - განმარტა გენერალურმა მდივანმა.

საქართველოში განსახორციელებელ რეფორმებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს  მომავალ  არჩევნებს ენიჭება და დიდი ყურადღება უნდა მიექცეს  საარჩევნო რეფორმებს.  ნატოს გენერალური მდივნის სიტყვებით :” 2012 -2013 წლების არჩევნები ნამდვილად იქნება საქართველოს დემოკრატიის გამოცდა”.რასმუსენის  შეფასებით, საქართველო განვითარების სწორ გზას ადგას და უკვე „გრძელი გზა გაიარა“,    თუმცა  "საბოლოო დანიშნულებისთვის" ჯერ არ მიუღწევია. „საქართველოს სრული, მომწიფებული, თანამედროვე დემოკრატია სურს. ჩვენი განაცხადი არის ის, რომ ამ დემოკრატიის გაძლიერება განაგრძოთ", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების განმტკიცებისკენ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები