ახლო აღმოსავლეთი

საუკუნის სამი ომი

0 კომენტარი

ავღანეთი, ერაყი, ლიბია

ამ საუკუნემ ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში სამი დიდი ომი იხილა. შედეგად – დასავლეთის მონაწილეობით, ტირანული რეჟიმები დაემხო. სადამ ჰუსეინი, ოსამა ბინ ლადენი და მუამარ კადაფი აღარ წარმოადგენენ საფრთხეს მსოფლიოსთვის, NATO-ს და აშშ-ის სამხედრო ძალები კი ცხელ წერტილებს ტოვებენ. თუმცა, დასავლეთის ტრიუმფზე საუბარი ნაადრევია – საფრთხეები კვლავ იჩენს თავს. სამივე ომს შორის არაერთი მსგავსება და განსხვავება არსებობს. თუ ავღანეთის და ერაყის შემთხვევაში, ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური ომის შემადგენელი ნაწილი იყო, ლიბიაში, დიქტატორის წინააღმდეგ, სამოქალაქო ომი ვიხილეთ. ავღანეთსა და ლიბიაში საომარ ოპერაციებს NATO უძღვებოდა, ერაყის შემთხვევაში მოკავშირეთა კოალიციას აშშ ედგა სათავეში. ავღანეთსა და ერაყში ომს მშვიდობა ჯერ არ მოუტანია, პოსტკადაფისეულ ლიბიაშიც არეულობაა. სახელმწიფოს შენების პროცესი ყველგან ჩანასახოვან სტადიაზეა.

დასავლეთის ჩართულობა

2001 წლის 20 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით ჩამოყალიბდა საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალები (ISAF). მისია ქაბულსა და მის გარშემო ტერიტორიაზე სტაბილურობის დამყარება იყო. 2003 წლის ოქტომბერში, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ISAF-ის მანდატი მთელ ავღანეთზე გავრცელდა და NATO-სგან ხელისუფლება გადაიბარა. დღეისათვის ამ სამხედრო კოალიციას წარმოადგენს მსოფლიოს 42 ქვეყანა და 120 ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობს. 

2003 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოზე, ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების საკითხზე დებატები გაიმართა. სამხედრო ინტერვენციას საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი შეეწინააღმდეგნენ. აშშ-მა, გაეროს მანდატის გარეშე, 30-მდე მოკავშირე სახელმწიფოს კოალიცია შექმნა, ერაყში შეიჭრა და სადამ ჰუსეინი ჩამოაგდო. კამპანიას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა არ დადასტურდა. ომმა დესტაბილიზაცია გამოიწვია. 

ლიბიის შემთხვევაში, გაეროს რეზოლუციამ სამხედრო ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი წარმოქმნა. თავდაპირველად ინტერვენციაში, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის 10 სახელმწიფო მონაწილეობდა, რომელთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. 2011 წლის მარტში, ოპერაციის მართვის პასუხისმგებლობა NATO-მ აიღო და წარმატებით დაასრულა.

ჯარების გასვლა

11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ დაწყებული სამხედრო ინტერვენცია ავღანეთში, ამერიკის ისტორიაში ყველაზე გრძელი ომია. მას 1750 ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა და 300 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. ბარაკ ობამამ ავღანეთის ომის დასრულების გეგმა წამოაყენა. მისი მიხედვით, წელს ავღანეთს 100 ათასი ჯარისკაციდან 33 ათასი დატოვებს. პროცესი საბოლოოდ 2014 წელს დასრულდება. უსაფრთხოებაზე კონტროლი ავღანეთის ეროვნულ არმიას გადაეცემა. ჯარების გასვლის მიუხედავად, ქვეყანაში 20 ათასამდე ამერიკელი ინსტრუქტორი დარჩება.

ერაყის ომმა 4,500 ამერიკელი ჯარისკაცი იმსხვერპლა და 1 ტრილიონ დოლარად შეფასდა. აშშ-ის შეჭრამ ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა. 2008 წლის შეთანხმებით პრეზიდენტ ბუშსა და ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქის შორის, აშშ ვალდებულებას იღებდა, 2011 წლის 31 დეკემბრამდე გაეყვანა ძალები. მცირე ხნის წინ, პრეზიდენტმა ობამამ წლის ბოლომდე სრული სამხედრო ძალების (39 ათასი ჯარისკაცი) ერაყიდან გაწვევა ბრძანა. მან ერაყის ომი დასრულებულად გამოაცხადა. 

2011 წლის 31 ოქტომბერს NATO-მ ლიბიაში 7-თვიანი საჰაერო კამპანია დაასრულა. გაეროს მანდატით აღჭურვილი მისია მჭიდროდ თანამშრომლობდა ამბოხებულ ძალებთან. ომი ლიბიაში აშშ-ს 7 მილიარდი დოლარი დაუჯდა და მისი მხრიდან არც მსხვერპლი მოჰყოლია. ამ მაგალითმა, მიმომხილველი ფარიდ ზაქარია აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ახალ ერაზე აალაპარაკა. ამგვარი სამხედრო ინტერვენცია გულისხმობს: ადგილობრივთა საომარ უნარიანობას, რეგიონულ ლეგიტიმურობას არაბული ლიგის თხოვნის სახით, საერთაშორისო ლეგიტიმურობას გაეროს რეზოლუციის სახით, პასუხისმგებლობის გაყოფას დიდ ძალებთან (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი). 

2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას ბარაკ ობამა აქცენტს საგარეო პოლიტიკის მიღწევებზე გააკეთებს და საშინაო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების გადაფარვას შეეცდება. ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გაყვანით ობამა მემარცხენედ განწყობილი ამომრჩევლის სრულ მობილიზებას ახდენს. ცხელი წერტილებიდან გამოსვლას თავად ამერიკელი უმაღლესი სამხედრო პირები არ იწონებენ. 

საფრთხეები

ობამას სტრატეგიას ავღანეთის ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სისუსტეები გააჩნია. აშშ-ის სამხედრო ძალების შემცვლელი ავღანეთის ეროვნული არმიის მზადყოფნა საეჭვოა. Washington Post-ის მონაცემებით, 2011 წლის პირველ ნახევარში 24 ათასი ჯარისკაცის დეზერტირობის ფაქტი აღინიშნა. მოსახლეობა ყარზაის მთავრობას, რომელიც ამ ჯარმა უნდა დაიცვას, მხარს არ უჭერს. 

თალიბანის წინააღმდეგობა დიდია. 2011 წლის აგვისტო, ომის დაწყებიდან, ამერიკული ძალებისთვის ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა – 66 ჯარისკაცი დაიღუპა. პრეზიდენტ ობამას მიერ სტრატეგიის გამოცხადების მეორე წელს, ძალადობა ავღანეთში 50%-ით გაიზარდა. პოტენციური საფრთხის შემცველია გასვლის კონკრეტულ თარიღად 2014 წლის დასახელება. თალიბანს ამით დამარცხების შეგრძნება არ უჩნდება და დიალოგზე საკუთარი პირობებით წამოსვლისკენ უბიძგებს 

ერაყის ომის შემდეგ ქვეყანაში წარმოქმნილი პოლიტიკური ვაკუუმი ირანმა შეავსო. სადამის დიქტატურა სუნიტებს შიიტებზე, ხოლო არაბებს ქურთებზე უპირატესად მიიჩნევდა. ამავე დროს, ერაყი საუდის არაბეთთან ერთად ირანის ყველაზე ძლიერ მეტოქეს წარმოადგენდა. აშშ-მა პოლიტიკური წესრიგი შეცვალა – შიიტები და ქურთები ხელისუფლებაში მოვიდნენ, სუნიტები კი მარგინალიზებული აღმოჩნდნენ. მთავარ შიიტურ პარტიებთან კავშირებით, ირანი ბაღდადის პოლიტიკას განსაზღვრავს. თეირანისთვის უკეთესი სუსტი შიიტური მთავრობის არსებობაა.  

ჯარების გაყვანით ერაყის პრემიერი ნური ალ-მალიქი ვაშინგტონისთვის მტრულ და თეირანისთვის კეთილგანწყობილ გარემოცვაში რჩება. ირანსა და საუდის არაბეთს შორის ვითარების ესკალაცია, ერაყში სამოქალაქო ომის განახლების საფრთხეს შეიცავს, დაძაბულობაა არმიის შიგნით სადამის ვეტერან ოფიცრებსა და შიიტური ძალების წარმომადგენლებს შორის, ამას ქვეყნის ჩრდილოეთში ქურთების პრობლემა ემატება.

ლიბიაში ამბოხებულ ძალებს ერთი მიზანი – კადაფის ჩამოგდება – აერთიანებდათ. დღეს, განსხვავებული ძალების დაპირისპირების საფრთხე აქტუალურია. ქვეყანა პოლიტიკურ ლიმბოში აღმოჩნდა, რისი შედეგიც დროებითი მთავრობის მოქმედი პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა გახდა. მაჰმუდ ჯიბრილმა განაცხადა, რომ ომი საზღვრებს გასცდა და ის ქაოსში გადაიზრდება. მისი სიტყვებით, ლიბია გახდება ბრძოლის ველი, სადაც ყველა უცხო ძალას ქვეყნის მიმართ საკუთარი განრიგი ექნება. ეროვნული არმიის შექმნას სასწრაფო პრიორიტეტი ენიჭება. 

სახელმწიფოს შენების პროცესი

 ავღანეთი და ერაყი არშემდგარ სახელმწიფოთა ინდექსში პირველ ათეულში შედიან. დემოკრატიული ინსტიტუტების შენების პროცესში საგრძნობი ნაბიჯები გადაიდგა. სადამის და თალიბანის რეჟიმისგან გათავისუფლებულ სახელმწიფოებს ჰყავთ არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება. თუმცა პრობლემები მიღწევებს აღემატება.

ერაყის მმართველობა უაღრესად არასტაბილურია. პროპორციული წარმომადგენლობის საპარლამენტო სისტემა, ძლიერი ცენტრალური მთავრობის თავიდან ასაცილებლად შემუშავდა. კოალიციის შექმნა ხელისუფლების გაყოფისას ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა. ამას პოლიტიკური პარტიების ეთნიკურად დაჯგუფება მოჰყვა. ერაყელი პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ უნდობლობით არიან განწყობილნი, რამაც კორუფცია და ნეპოტიზმი წარმოშვა. 

ავღანეთში თალიბანის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყოფილი მხედართმთავრები დღეს ხელისუფლებას წარმოადგენენ. პრეზიდენტ ყარზაის ადმინისტრაციამ ყველა მუჯაჰედზე ამნისტია გამოაცხადა. ამან კრიმინალები გააძლიერა. 

რევოლუციური ეიფორიის შემდეგ სახელმწიფოს შენების პროცესი ლიბიისათვის განსაკუთრებით რთული იქნება. დღევანდელ პროცესს ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება, ქვეყნისთვის ახალი, პოსტკადაფისეული ერა იწყება.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები