ირლანდია

მაიკლ ჰიგინსი ─ ირლანდიის ახალი პრეზიდენტი

0 კომენტარი

ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს, ირლანდიაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მასში კანდიდატთა რეკორდული რაოდენობა მონაწილეობდა: ქვეყნის მომავალი ლიდერის პოსტზე 7 ადამიანი იყრიდა კენჭს, მათ შორის – მომღერალი – ევროვიზიის ყოფილი მონაწილე, ტელეშოუს ვარსკვლავი და არატრადიციული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსი. 

არჩევნებში გამარჯვება მაიკლ დ. ჰიგინსს, 70 წლის პოეტსა და პოლიტიკოსს ერგო. ჰიგინსმა ხმათა 40% მოიპოვა და ირლანდიის მე-9 პრეზიდენტი გახდა. მისი ინაუგურაცია 11 ნოემბერს შედგება. პრეზიდენტის პოსტზე ირლანდიის მუშათა პარტიის კანდიდატი ძველი მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო, სადაც კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა.

წინასაარჩევნო გამოკითხვაში პრეზიდენტის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად 47 წლის შონ გალაჰერს ასახელებდნენ. ბიზნესმენმა პოპულარობა ეკონომიკურ რეალითი-შოუ „დრაკონის ბუნაგში” მონაწილეობით მოიპოვა. დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი იმდენად იყო დარწმუნებული თავის დამარცხებაში, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩატარებულ პირველ გამოკითხვაში უწინასწარმეტყველეს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს რეკლამებზეც კი არ უზრუნია. მიუხედავად იმისა, რომ რეალითი-შოუს ახალმა სეზონმა მისი პოპულარობა საგრძნობლად ასწია, საბოლოო ჯამში, ხმათა 28%-ით მეორე ადგილზე გავიდა და გამარჯვება ჰიგინსს დაუთმო.

რეიტინგში 14%-იანი მაჩვენებლით, მეორე ადგილს შინ ფეინის პარტიის 61 წლის წარმომადგენელი, ჩრდილოეთ ირლანდიის ვიცე-პრემიერი მარტინ მაკგინესი იკავებს. სწორედ მისი მონაწილეობის გამო ადევნებდნენ ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებს ასეთი ყურადღებით თვალს. პოლიტიკოსი წლების განმავლობაში ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA-ს) სამხედრო მეთაური იყო. იგი ორგანიზაციაში 1970 წელს გაწევრიანდა. 1973 წელს ის დააკავეს, გაასამართლეს და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს – ავტომანქანაში 100 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის გამო. ირლანდიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს არ სჯეროდათ მაკგინესის ლეგენდის. მათი აზრით, იგი წლების განმავლობაში რჩებოდა და რჩება IRA-ს ლიდერად და უამრავ ტერაქტზე ეკისრება პასუხისმგებლობა. 

ბოლო დრომდე, კიდევ ერთ ფავორიტად 67 წლის სენატორი დევიდ ნორისი სახელდებოდა – რომელმაც ხმამაღლა განაცხადა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ. მისი რეიტინგი აგვისტოს სკანდალის შემდეგ მკვეთრად დაეცა. მაშინ ირლანდიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ხელში ჩაუვარდათ სენატორის წერილი ისრაელის სასამართლოსადმი. მასში ის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა თავისი საყვარლისთვის, რომელსაც არასრულწლოვანთან კავშირი ედებოდა ბრალად. ეს არჩევნების შედეგებზე აისახა –  პოლიტიკოსმა ხმათა 6% აიღო.

საარჩევნებში ბიულეტენების სიაში არ იყო პარტია ფიანა ფეილის კანდიდატი, მაშინ როცა ქვეყნის წინა 5 არჩევნების შედეგად, სწორედ მისმა წარმომადგენლებმა დაიკავეს პრეზიდენტის პოსტი. ასეთი გადაწყვეტილება თებერვალში, საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დიდი წარუმატებლობის შემდეგ მიიღეს.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ ფინა გაილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 60 წლის გაბრიელ მიტჩელი – ევროპარლამენტის დეპუტატი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ენდი კენის უახლოესი მხარდამჭერი წარმოადგინა. ირლანდიელმა ჟურნალისტებმა ბატონი მიტჩელი „უფერულ” კანდიდატად შერაცხეს და დამარცხება უწინასწარმეტყველეს. მართლაც, მან სკანდალური მეტოქის – დევიდ ნორისის ბედი გაიზიარა და ხმათა მხოლოდ 6% აიღო.

ირლანდიის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ძირითადად ცერემონიალური დატვირთვა ეკისრება. თუმცა გააჩნია უფლებამოსილება, სახელმწიფო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიმართოს უზენაეს სასამართლოს კონსტიტუციური ბილების გადახედვის თაობაზე და ნდობადაკარგული პარლამენტი დაშლილად გამოაცხადოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები