მესხეთი: პირველი 75 რეპატრიანტი

წელს, დევნილთა სამინისტრომ, 1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან იძულებით გადასახლებული მუსლიმი მოსახლეობიდან და მათი შთამომავლებიდან, რეპატრიანტის სტატუსი პირველ 75 ადამიანს მიანიჭა. მათგან საქართველოში საცხოვრებლად ჯერ არავინ დაბრუნებულა. სამინისტროში რეპატრიანტის სტატუსისა და საქართველოს მოქალაქეობის მაძიებელთა სულ 5841 განცხადებაა შესული (8900 პირზე). 

ვინაიდან დღეისთვის მათგან სტატუსი მხოლოდ 75 პირს მიენიჭა, დევნილთა სამინისტროს აპლიკაციების განხილვის გაჭიანურებისთვის აკრიტიკებენ. სამინისტრო თვლის, რომ ეს კრიტიკა საფუძველსაა მოკლებული. მათი თქმით, იმ პირებს, რომელთაც უხარვეზოდ ჰქონდათ აპლიკაციები წარმოდგენილი, უმოკლეს შესაძლებელ ვადაში მიენიჭათ სტატუსი. დანარჩენების საკითხს კი სხვაგვარად მიუდგებიან. მათგან ერთი ჯგუფი მხოლოდ გადასახლების საბუთს მოისაკლისებს. სხვებს კი კანონით გათვალისწინებული რამდენიმე საბუთი არ აქვთ. 

ვინაიდან დეპორტაციის საბუთი ობიექტური მიზეზების გამო შეიძლება დაეკარგათ, აპლიკანტების წარმომავლობის დასადგენად 2011 წლის სექტემბრის ბოლოს უხუცესთა საბჭო შეიქმნა. მას იძულებით გადასახლებულ მესხთა სამი წარმომადგენელი შეადგენს. საბჭო განიხილავს თითოეულ შემთხვევას და დასკვნას მოამზადებს. ის აუცილებლად უნდა მოიცავდეს დასაბუთებას, რა გზით დადგინდა წარმომავლობა. სამინისტროს ინფორმაციით, საბჭო აპლიკაციების დიდ რაოდენობას ეტაპობრივად განიხილავს და პირველი ეტაპის დასკვნას უახლოეს მომავალში წარადგენენ. 

ვისაც რამდენიმე საბუთი აკლდა, შეტყობინებები თავიანთ ენებზე უნდა ეთარგმნათ, რომ დოკუმენტაციის სრულად წარმოსადგენად კანონით გათვალისწინებული დამატებითი 4 თვე მისცემოდათ. სამინისტროში ამბობენ, რომ თარგმნის პროცესი ახლაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება. 4 თვის ათვლა კი მას შემდეგ დაიწყება, რაც აპლიკანტები  მათთვის განკუთვნილ შეტყობინებებს მიიღებენ. 

კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონი რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელს მეტისმეტად ბევრი დოკუმენტაციის წარმოდგენას სთხოვს, თან მათთვის მოუხერხებელ ენაზე – ქართულად ან ინგლისურად. სამინისტროს აზრით, ეს მკაცრი პირობა არ არის. მეტიც, ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაუშვეს, რომ აპლიკანტებს, შესაძლოა, დოკუმენტაციის ქართულად წარმოდგენა გასჭირვებოდათ. რაც შეეხება დოკუმენტების რაოდენობას, კანონის მიხედვით, თუ აპლიკანტი ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებდა რომელიმე საბუთის წარმოდგენას, მას შეეძლო ამაზე განეცხადებინა და მიზეზი მიეთითებინა. პროცედურების გასამარტივებლად, 2009 წელს კანონში ცვლილებები შევიდა. პირველი ცვლილება რეპატრიაციის სტატუსის მაძიებელს დამატებით 4 თვეს აძლევს აპლიკაციაში, ან თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზების გამოსასწორებლად. მეორე ცვლილების მიხედვით კი, მათ ჯანმრთელობის ცნობის წარდგენას არა აპლიკაციის შეტანისას, არამედ რეპატრიანტის სტატუსის მიღებიდან საქართველოში ჩამოსვლამდე 1 თვით ადრე სთხოვენ. 

სამინისტროს იმასაც საყვედურობენ, რომ თავის დროზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მესხები და მათი შთამომავლები სათანადოდ არ იყვნენ ინფორმირებულნი პროცედურების შესახებ. კრიტიკოსთა აზრით, დაბრუნება უფრო მეტ ადამიანს სურს. სამინისტროში ამბობენ, რომ მესხები სხვადასხვა საერთაშორისო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კარგად იყვნენ ინფორმირებულები. მაგალითად, აზერბაიჯანში ევროპის უმცირესობათა ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მესხებს სპეციალური ტრენინგი ჩაუტარეს. მათთვის კი, ვინც კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ მიმართა შესაბამის ორგანოებს რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად, საქართველოში დასაბრუნებლად და  მოქალაქეობის მისაღებად ფანჯარა არ დაკეტილა. რეპატრიანტის სტატუსი მათ ამის გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობას აძლევდა. თუმცა, დანარჩენებს შეუძლიათ,  მოქალაქეობა ქვეყნის ორგანული კანონის – საქართველოს მოქალაქეობის შესახებ – მიხედვით მიიღონ. 

დეპორტირებულ მესხებს განცხადებების შესატანად 2 წელი ჰქონდათ. საქართველომ 2007 წელს მიიღო კანონი მათი რეპატრიაციის შესახებ. კანონში გაწერილი სამართლებრივი მექანიზმებით შეიქმნა ჩარჩო, რომელიც მესხებს რეპატრიანტის სტატუსისა და შემდეგ უკვე მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობას აძლევს. აპლიკაციების მიღება 2008 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. ის 2009 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შემდგომ ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. 9000-მდე მსურველიდან ნახევარზე მეტი აზერბაიჯანიდანაა, დანარჩენები ყირგიზეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან არიან. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 300 000-450 000-მდე დეპორტირებული მესხი და მათი შთამომავალი ცხოვრობს.   

კომენტარები