ეკონომიკური ზრდა

EBRD ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

EBRD-მ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის 2011 და 2012 წლების პროგნოზი გამოაქვეყნა. პროგნოზის მიხედვით, 29 განვითარებადი სახელმწიფოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 2011 და 2012 წლებში, შესაბამისად, 4.5% და 3.2% იქნება. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები EBRD-მ ივლისის თვის პროგნოზთან შედარებით, შესაბამისად, 0.3%-ით და 1.2%-ით შეამცირა. ამის მთავარი მიზეზი განვითარებად ქვეყნებზე ევროზონის კრიზისის მეტ-ნაკლები ხარისხით გავლენაა.

EBRD-ის მიერ პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისთვის (სადაც საქართველოც შედის) 2011 წელს 3.8%, მომავალ წელს კი – 3.2%-ია. ევროზონის კრიზისის გამო, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკური ზრდის საშუალო პროგნოზული მაჩვენებლები ოქტომბერში, ივლისის თვესთან შედარებით, 2011 წლისთვის – 0.8%-ით, ხოლო 2012 წლისთვის – 0.7 %-ით შემცირდა. ორივე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე, შესაბამისად, 1.2%-ით და 0.8%-ით მეტია. 

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში, საქართველოს გარდა, EBRD-ს კიდევ ხუთი ქვეყანა – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა შეჰყავს. 2011 წლის პროგნოზის მიხედვით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა – 6% – მოლდოვას ექნება; 2012 წელს კი სამ ქვეყანას – საქართველოს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას – თითოეულს 4%.

შარშანდელთან შედარებით, EBRD 2011-2012 წლებში, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისთვის საშუალოდ 1.6%-ით ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. ამის მთავარი მიზეზი ევროზონის კრიზისია. EBRD-ის შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში ევროზონის კრიზისს ყველაზე ნაკლები გავლენა – მშპ-ის 11% – საქართველოზე ექნება. ამავე რეგიონში ყველა სხვა ქვეყანა – უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი და მოლდოვა – ევროზონის კრიზისის გამო, საქართველოსთან შედარებით, საშუალოდ, თითქმის ორჯერ უფრო დაზარალდება. ამავე გავლენას იქონიებს ევროზონის კრიზისი საქართველოს კიდევ ორ უშუალო მეზობელზე – თურქეთსა და რუსეთზე. ამ ორი ქვეყნისთვის EBRD 2011 და 2012 წლებში საშუალოდ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.

ევროზონის კრიზისის გავლენის შეფასებისას, EBRD ითვალისწინებს ევროზონის სახელმწიფოების წილს ქვეყნის ექსპორტში, საგარეო ვალსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. შემდეგ ითვლის მათ შეწონილ წილს მშპ-ში. ამ სამი კომპონენტიდან, EBRD-ის შეფასებით, ევროზონის კრიზისს ყველაზე დიდი გავლენა – მშპ-ს 7% – პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე

ექნება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კომპონენტი საქართველოს უშუალო მეზობლებშიც – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი – ევროზონის კრიზისის გავლენისთვის ყველაზე ღიაა. გამონაკლისი აზერბაიჯანი და თურქეთია, სადაც ევროზონის კრიზისის გამო ყველაზე მეტად, შესაბამისად, ექსპორტის და საგარეო ვალის კომპონენტები ზარალდება. ეს უკანასკნელი კომპონენტი ყველაზე პრობლემური აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის უმეტეს ქვეყნებშია: ამ კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მშპ-ს 25% – უკრაინას აქვს. 

EBRD-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ 2008-2009 წლების ტყუპ – უსაფრთხოებისა და ფინანსურ – კრიზისს თავი წარმატებით გაართვა. 2011 წლის პირველ ნახევარში, ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების ფინანსური პაკეტი თითქმის ამოწურულია და საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ჰაერივით სჭირდება. 

კომენტარები