ევროპის ოქროს ბუცი

კრიშტიანუს ოქროს ბუცები

„ეს ჯილდო რეალის ყველა ფეხბურთელის დამსახურებაა! მათ გარეშე ოქროს ბუცს ვერ მოვიგებდი”, – განაცხადა 2010-11 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ბომბარდირმა კრიშტიანუ რონალდუმ სანტიაგო ბერნაბეუს საკონფერენციო დარბაზში. ცოტა ხანში პორტუგალიელი მინდორზე გავიდა და თანაკლუბელებთან ერთად საბრალო ოსასუნას შავი დღე აყარა (7:1), ოქროს ბუცით დამშვენებულმა პირენეელმა კი მადრიდულ კარიერაში მეთორმეტე ჰეთთრიქი და სამეფო კლუბის თეთრი მაისურით გატანილი 101-ე, 102-ე და 103-ე გოლები მიითვალა.

გასულ სეზონში რეალის პორტუგალიელმა ლიდერმა პრიმერადივიზიონში 40 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიგო და რადგან მისი მჯობნი არც ევროპაში  აღმოჩნდა, ოქროს ბუციც ჩაიბარა.

ევროპის სპორტული გამოცემების კავშირის – ESM – ინიციატივით და ადიდასის მხარდაჭერით 1997 წელს აღდგენილი პრიზი კრიშტიანუ რონალდუმ მეორედ აღმართა. ის პირველია, რომელმაც ოქროს ბუცი სხვადასხვა ჩემპიონატში ასპარეზობისას მოიგო: 2008 წელს, როცა პირველად ჩაიბარა ბომბარდირთა ჯილდო, მას გოლები ინგლისის პრემიერლიგაში, მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით გაჰქონდა.

ოქროს ბუცის გადაცემის ცერემონიალი 6 ნოემბერს მოეწყო: კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ და ლეგენდარულმა პორტუგალიელმა გოლეადორმა ეუსებიომ დააჯილდოვეს.

„ის ახალგაზრდაა, ბრწყინვალე მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, როცა რეალიდან წავა, აქ გატარებულ წლებს რონალდუს ეპოქას დაარქმევენ. მიხარია, რომ კრიშტიანუ რეალის ფეხბურთელია! მჯერა, მადრიდში მას უდიდესი წარმატებები ელის”, – ალფრედო დი სტეფანო ორჯერ აღიარეს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ, თუმცა 50-იანი წლების უდიდესმა ვარსკვლავმა ოქროს ბუცის მოგება იმ უბრალო მიზეზით ვერ მოახერხა, რომ მაშინ ეს პრიზი არ თამაშდებოდა.

თანაგუნდელებს და რეალის მესვეურებს კრიშტიანუ რონალდუმ მადლობა ორიგინალურად გადაუხადა: პლანეტის უძვირფასესმა მოთამაშემ ყველას ოქროს ბუცის ზუსტი, ბროლისგან დამზადებული ასლი გადასცა.

რონალდუ მსოფლიოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის მხოლოდ მეორე წევრია, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო: 1990 წელს ლა ლიგას და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი მექსიკელი უგო სანჩესი გახდა 38 გოლით.

ესპანეთის ბოლო ჩემპიონატში პორტუგალიელმა სწორედ სანჩესის (1989-90) და ტელმო სარას (ბილბაოს ატლეტიკი, 1950-51) რეკორდი – სეზონში 38 გოლი – გააუმჯობესა.

კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია ლა ლიგას ისტორიაში, ერთ ჩემპიონატში 40 გოლის გატანა რომ შეძლო. გაზეთი მარკა, რომელიც ბომბარდირებს აჯილდოებს, რეალის ლიდერს 41 გოლს უთვლის, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ქვეყნის პროფესიული ფეხბურთის ლიგა და უეფა მარკას მონაცემებს არ იზიარებს. მათი თქმით, 2010 წლის 18 სექტემბერს, სოსიედადთან მატჩში გოლი რონალდუმ კი არა, რეალის მეორე პორტუგალიელმა – პეპემ შეაგდო...

დღეს უკვე ნათელია, რომ 2009 წლის ზაფხულში მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სწორი ნაბიჯი გადადგა – მან პორტუგალიელის სანაცვლოდ 94 მილიონი ევრო გაიღო. იმ წლის 29 აგვისტოს შემდეგ, როცა რონალდუმ პირველად ითამაშა დედაქალაქურ კლუბში, 106 ოფიციალურ მატჩში 103 გოლი გაიტანა! ასეთი შედეგიანობით  სამეფო გუნდის ვერც ერთი ფეხბურთელი დაიკვეხნის.

და თუ პორტუგალიელმა ასე თამაში განაგრძო – თითო სეზონში 50 და მეტი გოლი გაიტანა, რამდენიმე წელიწადში რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, რაულის რეკორდსაც შეუტევს. ლეგენდარული შვიდიანი მადრიდს 323 გოლით დაემშვიდობა.

სხვათა შორის, რეალის და რონალდუს გაყრამდე ჯერ ძალიან ადრეა: 26 წლის პორტუგალიელს ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ოქროს ბუცის ისტორია

ჯილდოს ისტორია პოპულარულ ფრანგულ გამოცემა ფრანს ფუტბოლს უკავშირდება, რომელმაც 1967-68 წლების სეზონის წინ, ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელის დაჯილდოება გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, ფრანგთა ინიციატივით და ადიდასის ფინანსური მხარდაჭერით დაარსებული ოქროს ბუცის პრესტიჟი ნელ-ნელა დაეცა – სხვადასხვა ქვეყნებში, მეტწილად აღმოსავლეთ ევროპაში, ფეხბურთელები და მათი კლუბები ყველაფერს აკეთებდნენ მთავარი პრიზის მოსაგებად.

ზემოთქმულის დასტურად რუმინელი თავდამსხმელი როდიონ კამატარუ და ბუქარესტის დინამოც კმარა: 1987 წლის გაზაფხულზე კამატარუმ ჩემპიონატის ბოლო 6 ტურში „საოცრად შედეგიანად” ითამაშა და 20 გოლი(!) გაიტანა. შესაბამისად, ოქროს ბუციც მოიგო. დღეს იმ სეზონის ლაურეატად ავსტრიელი ტონი პოლსტერია მოხსენიებული – ვენის აუსტრიას შემადგენლობაში მან 39 გოლი ისე  შეაგდო, რომ ეჭვი არავის გასჩენია. საქმე ისაა, რომ კამატარუს დაჯილდოების და ავსტრიელთა პროტესტის შემდეგ, ფრანგული გამოცემის რედაქციამ რუმინელის საქმის შესწავლა დაიწყო. უამრავი დოკუმენტის მოძიების შემდეგ დადგინდა, რომ ბუქარესტელმა გოლეადორმა გარიგებულ მატჩებში გაიტანა გოლები. კამატარუს ოქროს ბუცი ჩამოერთვა და ტონი პოლსტერი დაჯილდოვდა.

1991 წელს ფრანგებმა ევროპის საუკეთესო ბომბარდირად ბელგრადის ცრვენა ზვეზდას თავდამსხმელი დარკო პანჩევი აღიარეს, ორიოდ თვეში კი პრიზის გათამაშება შეწყვიტეს. პანჩევმა კუთვნილი ჯილდო მხოლოდ 2006 წელს ჩაიბარა: უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართული მიშელ პლატინი მაკედონიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა, ცრვენა ზვეზდას ექსფორვარდი კი იმ დროს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ და სწორედ ლეგენდარული ფრანგისგან მიიღო 15 წლით ადრე მოგებული პრიზი.

1992-96 წლებში ოქროს ბურთი არ თამაშდებოდა, არადა, 1995-96 წლების სეზონში ზესტაფონის მარგვეთის თავდამსხმელმა ზვიად ენდელაძემ ევროპელ გოლეადორთაგან ყველაზე მეტი, 40 გოლი გაიტანა! ჯილდოს არაოფიციალურ ლაურეატთა შორის ენდელაძე მოხსენიებულია.

მისგან განსხვავებით, წლის ბომბარდირთა ჩამონათვალში არ არიან ლანჩხუთის გურიას ფორვარდი ოთარ კორღალიძე და წყალტუბოს სამგურალის თავდამსხმელი მერაბ მეგრელაძე.

1991-92 წლების სეზონში კორღალიძემ საქართველოს ჩემპიონატში 40 გოლი გაიტანა, რაც ევროპაში საუკეთესო შედეგი იყო. შედარებისთვის, იმ სეზონში კონტინენტის საუკეთესო ბომბარდირი გლაზგო რეინჯერსის შოტლანდიელი თავდამსხმელი ალისტერ მაკკოისტი გახდა 34 გოლით. იმ დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-უეფას წევრი არ იყო და შესაბამისად, არაწევრი ქვეყნის ბომბარდირი – ოთარ კორღალიძე 40 გოლით – სტატისტიკოსთა მონაცემებში გათვალისწინებული არ არის.

სხვა სიტუაციაა მერაბ მეგრელაძის შემთხვევაში. 1992-93 წლების სეზონში ვეტერანმა ფეხბურთელმა წყალტუბოს სამგურალის მაისურით 41 გოლი გაიტანა (უმაღლესი ლიგის რეკორდი), რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელი იყო მთელ კონტინენტზე, მაგრამ სეზონის ბომბარდირად ისევ მაკკოისტი დასახელდა 34 გოლით. 1993 წელს სფფ უკვე იყო ფიფას და უეფას წევრი, მაგრამ არ გააჩნდა კოეფიციენტი და შესაბამისად, მეგრელაძის მიღწევაც არ გაითვალისწინეს.

1996-97 წლების სეზონში ევროპის სპორტულ გამოცემათა კავშირმა – ESM –  ადიდასთან ერთად ოქროს ბუცი აღადგინა, თუმცა გათამაშების წესები შეცვალა: უეფას ქვეყნების კოეფიციენტების მიხედვით, საუკეთესო 8 (ახლა 5) ლიგაში გატანილი თითოეული გოლი 2 ქულად, მე-9-21-ე ადგილებზე (დღეს 6-22) მყოფ ჩემპიონატებში გოლი 1,5 ქულად, დანარჩენ ქვეყნებში კი გოლი ქულად შეფასდა.

ამ ცვლილების შემდეგ ოქროს ბუცს მხოლოდ ტოპ-ჩემპიონატების ბომბარდირები იგებენ, მაგრამ „ორქულიან” გოლეადორებს ორჯერ „ქულანახევრიანი” პირველობების თავდამსხმელებმა აჯობეს: 2001 წელს შვედმა ჰენრიკ ლარსონმა გაიმარჯვა, ერთი წლით გვიან კი ლისაბონის სპორტინგის ბრაზილიელმა ფორვარდმა მარიო ჟარდელმა. 

 

ოქროს ბუცის მფლობელები

1968 ეუსებიო (ლისაბონის ბენფიკა; პორტუგალია) 42

1969 პეტარ ჟეკოვი (სოფიის ცსკა; ბულგარეთი) 36

1970 გერდ მიულერი (მიუნხენის ბაიერნი; გფრ) 38

1971 იოსიპ სკობლარი (მარსელის ოლიმპიკი; იუგოსლავია) 44

1972 გერდ მიულერი (მიუნხენის ბაიერნი; გფრ) 40

1973 ეუსებიო (ლისაბონის ბენფიკა; პორტუგალია) 40

1974 ექტორ იასალდე (ლისაბონის სპორტინგი; არგენტინა) 46

1975 დუდუ ჯორჯესკუ (ბუქარესტის დინამო; რუმინეთი) 33

1976 სოტირის კაიაფასი (ნიქოზიის ომონია; კვიპროსი) 39

1977 დუდუ ჯორჯესკუ (ბუქარესტის დინამო; რუმინეთი) 47

1978 ჰანს კრანკლი (ვენის რაპიდი; ავსტრია) 41

1979 კეეს კისტი (ალკმაარის აზ 67; ჰოლანდია) 34

1980 ერვინ ვანდენბერგი (ლიერსი; ბელგია) 39

1981 გეორგი სლავკოვი (პლოვდივის ბოტევი; ბულგარეთი) 31

1982 ვიმ კიფტი (ამსტერდამის აიაქსი, ჰოლანდია) 32

1983 ფერნანდუ გომეში (პორტუ; პორტუგალია) 36

1984 იან რაში (ლივერპული; უელსი) 32

1985 ფერნანდუ გომეში (პორტუ; პორტუგალია) 39

1986 მარკო ვან ბასტენი (ამსტერდამის აიაქსი; ჰოლანდია) 37

1987 ტონი პოლსტერი (ვენის აუსტრია; ავსტრია) 39

1988 თანჯუ ჩოლაქი (სტამბოლის გალათასარაი; თურქეთი) 39

1989 დორინ მატეუტი (ბუქარესტის დინამო; რუმინეთი) 43

1990 უგო სანჩესი (მადრიდის რეალი; მექსიკა) 38

ხრისტო სტოიჩკოვი (სოფიის ცსკა; ბულგარეთი) 38

1991 დარკო პანჩევი (ბელგრადის ცრვენა ზვეზდა; იუგოსლავია) 34

 

არაოფიციალური გათამაშება

1992 ალისტერ მაკკოისტი (გლაზგო რეინჯერსი; შოტლანდია) 34

1993 ალისტერ მაკკოისტი (გლაზგო რეინჯერსი; შოტლანდია) 34

1994 დევიდ ტეილორი (პორსმედოგი; უელსი) 43

1995 არსენ ავეტისიანი (ერევნის ჰომენტმენი; სომხეთი) 39

1996 ზვიად ენდელაძე (ზესტაფონის მარგვეთი; საქართველო) 40

 

ESM-ის ოქროს ბუცი

1997 რონალდო (ბარსელონა; ბრაზილია) 34 გოლი, 68 ქულა

1998 ნიკოს მახლასი (არნემის ვიტესი; საბერძნეთი) 34/68

1999 მარიო ჟარდელი (პორტუ; ბრაზილია) 36/72

2000 კევინ ფილიპსი (სანდერლენდი; ინგლისი) 30/60

2001 ჰენრიკ ლარსონი (გლაზგოს სელტიკი; შვედეთი) 35/52,5

2002 მარიო ჟარდელი (ლისაბონის სპორტინგი; ბრაზილია) 42/63

2003 როი მაკაი (ლა კორუნიის დეპორტივო; ჰოლანდია) 29/58

2004 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი; საფრანგეთი) 30/60

2005 ტიერი ანრი (ლონდონის არსენალი; საფრანგეთი) 25/50

დიეგო ფორლანი (ვილიარეალი; ურუგვაი) 25/50

2006 ლუკა ტონი (ფლორენციის ფიორენტინა; იტალია) 31/62

2007 ფრანჩესკო ტოტი (რომა; იტალია) 26/52

2008 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია) 31/62

2009 დიეგო ფორლანი (მადრიდის ატლეტიკო; ურუგვაი) 32/64

2010 ლეო მესი (ბარსელონა; არგენტინა) 34/68

2011 კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის რეალი; პორტუგალია) 40/80

კომენტარები