სილვიო ბერლუსკონი

ბერლუსკონი მიდის, იტალიის პრობლემები რჩება

0 კომენტარი

იტალიის  პრემიერ-მინისტრი, 75 წლის სილვიო ბერლუსკონი, თავისი 18-წლიანი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, 51-ჯერ გადაურჩა პარლამენტისგან უნდობლობის გამოცხადებას და პრემიერის პოსტის დაკარგვას. ახლა კი თავად აცხადებს, რომ მალე გადადგება. საქმე ის გახლავთ, რომ 8 ნოემბერს პარლამენტში ჩატარებული საბიუჯეტო კენჭისყრის დროს, როცა ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ბიუჯეტს იხილავდნენ, საკანონმდებლო ორგანოს 630 დეპუტატიდან მხოლოდ 308-მ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, დანარჩენმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. „ნათელია, რომ ხელისუფლებამ უმრავლესობა დაკარგა”, – განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა პიერ ლუიჯი ბერსანიმ და ბერლუსკონის გადადგომა მოსთხოვა. იტალიის პრემიერი სავარაუდოდ ამ კვირაში გადადგება, მას შემდეგ, რაც პარლამენტი განიხილავს ბერლუსკონის მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკურ რეფორმებს.

პრემიერის გადადგომას რომის ქუჩებში ათასობით ადამიანი ითხოვდა. ისინი ბრალს სდებდნენ ბერლუსკონის ქვეყნის იმიჯის შერცხვენაში არაერთი სექს-სკანდალის გამო, კორუფციასა და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების უუნარობაში. თუმცა პრემიერი ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდა გადადგომის შესაძლებლობას და იმედოვნებდა, რომ მოახერხებდა „განდგომილ” დეპუტატებთან მოლაპარაკებას და მათ კოალიციაში დაბრუნებას. ერთ-ერთ განცხადებაში ის ამბობს: „ის, ვინც ტოვებს უმრავლესობას, ღალატობს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქვეყანასაც”. 

ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს იტალიის ქმედებებს თვალს და შიშობს, ამ უკანასკნელმაც საბერძნეთის ბედი არ გაიზიაროს. ეს ევროზონის ქვეყნებისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან იტალია თავისი ეკონომიკით მესამეა რეგიონში. კანში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე, ევროპელმა ლიდერებმა იტალიის პრემიერს მოსთხოვეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის შესაბამისი ზომების მიღება. ეს ითვალისწინებს: მკაცრი შრომის კოდექსის შერბილებას, ქვეყნისთვის საპენსიო ტვირთის შემსუბუქებას და სახელმწიფო აქტივების პრივატიზებას. ბერლუსკონი შემოთავაზებულ პირობებს დათანხმდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა  ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად.  თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაპირებებით არ დაკმაყოფილებულა და ქვეყანაში დამკვირვებლები გააგზავნა. იტალია არის პირველი ქვეყანა დიდი რვიანის ქვეყნებიდან, რომელსაც ამგვარი ზედამხედველობის ჩატარება დასჭირდა. ბუნებრივია, ეს ფაქტი ბერლუსკონის ისედაც მერყევ სახელისუფლებო კოალიციას უფრო არყევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

მართალია, იტალიას ჯერ არ შეხებია საბერძნეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და ირლანდიის მსგავსი ევროს კრიზისი, თუმცა სირთულეები არანაკლებ მასშტაბურია. 

ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს უზარმაზარი სახელმწიფო ვალი და ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი. სექტემბერში, უმუშევრობის  კოეფიციენტი 8.3%-ზე ავიდა, რაც 2010 წლის ნოემბრიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 15-დან 24-წლამდე ახალგაზრდობის  დაახლოებით მესამედი უმუშევარია.    

ბოლო პერიოდის განმავლობაში იტალიის ეკონომიკა 0.3%-ით იზრდებობდა,  ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ ზიმბაბვესა და ჰაიტის ჰქონდა. სახელმწიფო ვალი მშპ-ის 120%-ს (1,9 ტრილიონი ევრო ანუ 2,6 ტრილიონი დოლარი) შეადგენს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ეკონომიკა ვერ შეძლებს საჭირო რესურსების გამომუშავებას ვალის დასაფარად.  

იტალიის მშპ 2010 წელს ევროზონის მშპ-ის 16.9% იყო. მაჩვენებელი თითქმის სამჯერ აღემატება საბერძნეთის (2.3%), პორტუგალიის (1.8%) და ირლანდიის (1.7%) მშპ-ების ჯამს. სახელმწიფო ვალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ევროკავშირს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და European Rescue Fund-ს არ აქვთ საკმარისი თანხები, რომ ისეთივე დახმარება გაუწიონ იტალიას, როგორიც სხვა უფრო პატარა ევროპულ ეკონომიკებს. ევროკრიზისმა აიძულა საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დაეწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, რამაც გრძელვადიან პერიოდში დადებითი შედეგი უნდა მოიტანოს. ხოლო რეფორმების გარეშე დარჩენილი, სტაგნირებული იტალია უზარმაზარი სახელმწიფო ვალით, ახლო მომავალში ევროზონის უდიდესი პრობლემა გახდება. 

„იტალია ყველაზე დაუცველი მხარეა კრიზისისა, არაკომპეტენტური და დისკრედიტებული მთავრობის გამო”, – აცხადებს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, პიერ ლუიჯი ბერსანი. ბერლუსკონი კი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ იტალიის ფინანსური კრიზისი გაზვიადებულადაა წარმოჩენილი და რომ რესტორნები „გადატენილია”, ხოლო საერთაშორისო ფრენებზე ადგილის ნახვა ძნელია. ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პრემიერმა ბერლუსკონიმ რეალობის შეგრძნების უნარი დაკარგა და კარგი იქნება, თუ თავისი ვილის ფანჯრიდან ცხვირს გამოყოფს. 

ბერლუსკონის ოპტიმიზმს უპირისპირდება იტალიის სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი ნაპოლიტანო. მისი თქმით, ქვეყანას ასეთი ინტენსიური კრიზისი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ არ განუცდია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის ერთ-ერთი გასაღები ნაპოლიტანოს ხელშია. მან სხვადასხვა პარტიებთან კონსულტაციების მეშვეობით უნდა გადაწყვიტოს, ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა, თუ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, გაურკვეველია ვინ შეიძლება მოიპოვოს პრემიერის პოსტი. მემარცხენე ოპოციზიციურ ფლანგზე არეულობაა, ცენტრისტული ძალები დაქსაქსული არიან, ხოლო თუ დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება, ბევრი ვარაუდობს, რომ ყოფილი ევროპის კონკურენციის კომისარი მა რიო მონტი  დაიკავებს პრემიერის თანამდებობას. ბერლუსკონი კი La Stampa-სთვის მიცემულ საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს, რომ არ აპირებს მომავალ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას. მისი თქმით, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ანჯელინო ალფანო  შეიძლება გახდეს მისი პარტიის საპრემიერო კანდიდატი და სავარაუდო არჩევნები შეიძლება თებერვლის დასაწყისში ჩატარდეს. ბერლუსკონის თქმით, ახლა თავს უფრო თავისუფლად გრძნობს და აპირებს, საფეხბურთო კლუბ მილანის პრეზიდენტობას  დაუბრუნდეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები