საქართველო WTO-ში

WTO – რუსეთის „ღალატი” და „მარცხი”

შეთანხმება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ რუსეთისა და საქართველოს დელეგაციებმა 9 ნოემბერს გააფორმეს. თბილისი და მოსკოვი შვეიცარიის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდნენ, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთების გადაადგილების კონტროლსა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონულ სისტემას ითვალისწინებს. შვეიცარიის მიერ დაქირავებული დამკვირვებლები ზემო ლარსის და როკის გამშვებ პუნქტებზე უნდა განლაგდნენ.  

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიღწეულ შეთანხმებას „დიპლომატიური გამარჯვება” უწოდა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა კი ძალზე მწირი კომენტარები გააკეთეს – მხოლოდ აღნიშნეს, რომ შეთანხმება მიღწეულია.   

სამაგიეროდ, დოკუმენტი შეაფასეს რუსმა ექსპერტებმა – მათი დიდი ნაწილი თბილისისა და მოსკოვის შეთანხმებით უკმაყოფილო დარჩა. რუსი პოლიტოლოგის, სერგეი მარკედონოვის აზრით, თბილისმა შეძლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტებად წარმოჩენა – „მართლაც, თუ კრემლი მათ პოზიციას ანგარიშს არ უწევს, შესაბამისად, ისინი სერიოზულად აღარ უნდა აღიქვან”. როგორც მარკედონოვი აღნიშნავს, რუსეთმა გადაწყვეტილება სოხუმისა და ცხინვალის აზრის გაუთვალისწინებლად, თანაც, დემონსტრაციულად მიიღო, – ისე, რომ მათთან კონსულტაციები ფორმალურადაც არ გაუმართავს. ეს კი, მისი აზრით, „მოკავშირეთა” მიმართ უპატივცემულობის გამოვლინება გახდა. 

მოსკოვის გადაწყვეტილებას პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი უფრო რადიკალურად აფასებს. მისი აზრით, შემოთავაზებულ პირობებზე თანხმობით რუსეთმა პოზიციები დათმო. „ამიერიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აბსოლუტური და უდავო აღარ არის. ის ეჭვის ქვეშ დადგა და, იმავდროულად, აღიარებულია საქართველოს უფლება, ამ ტერიტორიებზე პრეტენზიები წამოაყენოს”, – აღნიშნავს ეპიფანცევი.

დსთ-ს ინსტიტუტის ექსპერტი, საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩი ფელიქს სტანევსკი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ მოსკოვი-თბილისის შეთანხმება „შეუძლებელია შეფასდეს  სხვაგვარად, თუ არა უკან დახევად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან”. მისი აზრით, კომპრომისულ წინადადებაზე თანხმობით რუსეთმა „ღირსება დაკარგა”. 

აღშფოთებას რუსულ გამოცემებსა და ბლოგებში მრავალი ავტორი გამოხატავს – რისთვის დაღვარეს სისხლი რუსმა ჯარისკაცებმა 2008 წელს? მოსკოვის დათმობას ღალატად და „სამარცხვინო დამარცხებად” აფასებენ. გამოითქვა ვარაუდები, რომ საერთაშორისო  მონიტორინგი საშუალებას მისცემს თბილისს მიიღოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე რუსულ კომპანიებსა თუ იქ შესულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომელთა წინააღმდეგ შესაძლოა საერთაშორისო ინსტანციებში საქმეები აღიძრას. 

მას შემდეგ, რაც შვეიცარიის წინადადების შინაარსი ცნობილი გახდა, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებმა განაცხადეს, რომ დამკვირვებლებს საკუთარ ტერიტორიაზე არ დაუშვებდნენ (რაც შეთანხმებით არც არის გათვალისწინებული). 

როგორც რადიო ეხო კავკაზას ეთერში აფხაზმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს შეთანხმება „ასე თუ ისე მაინც ეწინააღმდეგება იმ აქტს, რომელიც რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს განახორციელა, როდესაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა”. მისი თქმით, აფხაზურ საზოგადოებასა და ექსპერტებს ეს აშფოთებთ. „რამდენად შეუძლია რუსეთს ამა თუ იმ სიტუაციაში აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვაჭრობისთვის გამოიყენოს და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს? ეს საგანგაშო სიგნალია, რომელიც მსჯელობის საგანი გახდება”. 

WTO-ში რუსეთის გაწევრიანების პირობები სოხუმში მოქმედმა ოპოზიციურმა სახალხო ერთობის ფორუმმა მკაცრად დაგმო. ამ გაერთიანებას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მეთაურობს. ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის დაკნინების პრეცედენტი” უწოდა. პარტიამ გაკვირვება გამოთქვა „სტრატეგიული მოკავშირის” – რუსეთის ქმედებებით, „რომელმაც საქართველოსთან მოლაპარაკებები წამოიწყო აფხაზურ მხარესთან წინასწარი  მსჯელობის გარეშე იმ საკითხებზე, რომელიც აფხაზეთის სუვერენიტეტს პირდაპირ უკავშირდება”.  

ხაჯიმბას პარტიის განცხადებას 1992-93 წლების კონფლიქტის ვეტერანთა ორგანიზაცია – არუააც შეუერთდა. ოპოზიციონერები სოხუმის მოქმედ რეჟიმს მოუწოდებენ, მიიღოს „ქმედითი ზომები აფხაზეთის სუვერენიტეტის დასაცავად”.  

კომენტარები