ნიკარაგუის არჩევნები

მუდამ ორტეგა

 6 ნოემბრის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ნიკარაგუის პოლიტიკური ცხოვრება არ შეუცვლია. მოქმედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა დანიელ ორტეგამ ხმათა დიდი უმრავლესობით (62.7%) კონსერვატორი ჟურნალისტი ფაბიო გადეა დაამარცხა. მისმა პარტიამ, სანდინისტას ეროვნულმა ფრონტმა 92-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 58 ადგილი მიიღო და საკანონმდებლო ორგანოს თითქმის 2/3 შეავსო. 

საპრეზიდენტო პოსტზე ორტეგას ოპონენტები 80 წლის გადეა და ყოფილი პრეზიდენტი არნოლდო ალემანი იყვნენ. გადეას ეროვნული პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე და მემარცხენე-ცენტრისტული ძალები, მათ შორის, დამოუკიდებელი ლიბერალური პარტია და სანდინისტას აღორძინების მოძრაობა ემხრობოდა. საპარლამენტო არჩევნებში მათ ხმათა 31% აიღეს და, შესაბამისად, ეროვნულ ასამბლეაში 29 წარმომადგენელი ეყოლებათ. კორუფციულ სკანდალში გახვეული ყოფილი პრეზიდენტი არნოლდო ალემანი, რომელიც მსოფლიო კორუმპირებულ პირთა ათეულის წევრია, არჩევნებში კონსტიტუციურ-ლიბერალურ პარტიას წარმოადგენდა. საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ხმათა მხოლოდ 5% მიიღო, რაც 5 სადეპუტატო მანდატს გულისხმობს. 

ოპონენტების განცხადებით, ორტეგამ არჩევნების მოსაგებად თავისი საპრეზიდენტო ძალაუფლება უკანონოდ გამოიყენა. 2009 წელს, მის მიერ დანიშნულმა უზენაესი სასამართლოს წევრების მოვალეობის შემსრულებლებმა, პრეზიდენტის ზედიზედ ორი ვადით არჩევის აკრძალვა გააუქმეს. ამით, ორტეგას საპრეზიდენტო პოსტზე საკუთარი კანდიდატურის ხელახლა დასასახელებლად ხელ-ფეხი გაეხსნა. 

ხმათა დიდი უმრავლესობით გამარჯვება ოდიოზური ლიდერის პირადი ტრიუმფია. ორტეგამ პოლიტიკური კარიერა 1979 წელს, სომოზას ოჯახის დიქტატურის დამხობით დაიწყო. ის პრეზიდენტად სამოქალაქო ომის ზენიტის პერიოდში, 1984 წელს აირჩიეს. 1990 წლიდან ორტეგამ, 16 წლით ოპოზიციაში გადაინაცვლა.  

ამ პერიოდის განმავლობაში ყოფილი რევოლუციონერი მოულოდნელად ათეისტიდან ქრისტიანად გარდაისახა. ამას გარდა, მან რადიკალური რიტორიკა შეცვალა და თავი სოციალ-დემოკრატად წარმოაჩინა: საუბრობდა სიღარიბის დაძლევის აუცილებლობაზე, ჯანდაცვისა და განათლების რეფორმებზე. შედეგად, 2006 წელს ორტეგა კვლავ  ხელისუფლებაში დაბრუნდა. 

პრეზიდენტი ორტეგა ეკონომიკური გაუმჯობესების პროგრამას ჩაუდგა სათავეში. ამან, ერთი შეხედვით, დადებითი შედეგი გამოიღო: დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ნიკარაგუის მოსახლეობის 57% ცხოვრობს, მაშინ როცა 2005 წელს ეს მაჩვენებელი 65.5%-ს შეადგენდა. მისი მომხრეები გაუმჯობესების მიზეზად კერძო ბიზნესისათვის თავისუფლების მინიჭებას ასახელებენ, რომელიც სიღარიბის დაძლევას ისახავდა მიზნად. ოპონენტები კი აცხადებენ, რომ კერძო ბიზნესი მხოლოდ იმ პირობითაა თავისუფალი, თუ იგი ორტეგას კლანურ ინტერესებს წარმოადგენს.  

ორტეგამ მომხრეები 5.8-მილიონიანი ერის ახალგაზრდა და ღარიბ ფენებში იპოვა. ეს ფენა მოსახლეობის 40%-ს შეადგენს, მათი დღიური გამომუშავება დღეში არაუმეტეს 2 დოლარია. ამ ადამიანების გულის მოსაგებად, დანიელ ორტეგა ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის ფინანსურ დახმარებას იყენებს. საქმე ისაა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ჩავესი მას 10 მილიონ ბარელ საწვავს აძლევს. შემოსავალი 500 მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს თანხა პირდაპირ ორტეგასთან მიედინება და არა ეროვნულ ბიუჯეტში. ამ თანხებით ორტეგამ ჯანმრთელობისა და განათლების პროგრამები გააუმჯობესა, უზრუნველყო მცირე ბიზნესი სესხებით და ფერმერებს დაეხმარა. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ ნიკარაგუისათვის გადახდილი ქრთამიც, სავარაუდოდ, იმავე მიზანს მოხმარდა. შედეგად, 2010 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ნიკარაგუის ეკონომიკა 4.5%-ით გაიზარდა; წელს კი მისი 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ამ მონაცემებით, ნიკარაგუა ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ქვეყანა იქნება. ამის მიუხედავად, დასავლეთ ნახევარსფეროში, ჰაიტის შემდეგ, სიღარიბის მაჩვენებლებით ის მაინც მეორე ქვეყნად რჩება.

საგარეო ურთიერთობებში ორტეგა ანტიამერიკული ბანაკის წევრად მიიჩნევა. მისი მთავრობა ირანთან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს და კუბის, ვენესუელისა და ბოლივიის ლიდერებს ანტიამერიკულ რიტორიკაში ენთუზიაზმით უბამს მხარს. ორტეგა სოლიდარობას უცხადებდა მუამარ კადაფის და დღესაც განაგრძობს NATO-ს დადანაშაულებას მის სიკვდილში. პარალელურად, ნიკარაგუა ყოველწლიურად აშშ-ის განვითარების ფონდიდან (USAID) მილიონობით დოლარს იღებს. ამერიკული კომპანიები თავისუფლად მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში (ამჟამად 100 ამერიკულ კომპანიაზე მეტი ოპერირებს ქვეყანაში). წინასწარი მონაცემებით, წელს ნიკარაგუა აშშ-ში ტანსაცმლის იმპორტის კუთხით ჩინეთის მაჩვენებელსაც კი გაუსწრებს.  

პრეზიდენტმა სამშაბათს, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ მის ახალ ადმინისტრაციაში რადიკალური ცვლილებები არ იქნება და ისევ გააგრძელებს ნიკარაგუის ტარებას „ქრისტიანობის, სოციალიზმისა და სოლიდარობის” გზაზე. გამარჯვების შემდეგ, თავის პირველ საჯარო გამოსვლაში მან უარყო პოლიტიკური კურსის ცვლილებების შესაძლებლობა. ორტეგამ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკაც კარგად მუშაობს და სამუშაო ადგილებს ქმნის. 

კომენტარები