ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილის გვარი – ახლა უკვე პარტიული ჟღერადობით

ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. ვინაიდან ის საქართველოს მოქალაქე არ არის, პარტიის დაფუძნება და დაფინანსება არ შეუძლია. ამ პირობებში გამოსავლად ის მიაჩნია, რომ პარტიის ნომინალური ლიდერი მისი რომელიმე ნათესავი, ან 19 წლის ვაჟი, უტა ივანიშვილი, გახდეს. ამაზე ივანიშვილმა „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა: „25 ნოემბერს ვაყალიბებთ საზოგადოებრივ მოძრაობას. თუნდაც, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, მე ამისი სრული უფლება მაქვს. რამდენიმე დღის დაგვიანებით და იმავე რეჟიმში კი ჩამოვაყალიბებთ პოლიტიკურ პარტიასაც, ოღონდ უჩემოდ და იქ ერთ-ერთი ჩემი ახლო ნათესავი, ან სულაც ჩემი ვაჟი უტა გამოჩნდება ჯგუფთან ერთად და შესაბამისად, გახმიანდება ივანიშვილის გვარიც”. 

ინტერვიუში ივანიშვილი ნათლად მიუთითებს, რომ მისი რომელიმე ნათესავის, ან ვაჟის მონაწილეობა პარტიის შექმნასა და შემდგომ პროცესებში, მხოლოდ ფორმალობა იქნება და ამ გზით პარტიის, ერთი მხრივ, საკუთარ თავთან იდენტიფიცირება, მეორე მხრივ კი, დაფინანსების საკითხის მოგვარება სურს. „უტა შეიძლება იყოს პოლიტიკაში, რათა მოხერხდეს დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა და გვარი – ივანიშვილი ჟღერდეს”, – პირდაპირ აცხადებს ივანიშვილი.

ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეობის არმქონეს არ შეუძლია პარტიის დაფინანსება, ლიმიტები არსებობს მოქალაქეობის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვისაც, პროცესების მონოპოლიზაციისა და კორუფციის თავიდან ასარიდებლად. თანხის მაქსიმალური ოდენობა ფიზიკური პირისთვის 30 ათასი ლარია წელიწადში, ხოლო იურიდიული პირისთვის – 100 ათასი. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარ პარტიას ეხმარები ფინანსურად, თუ – სხვისას.

აქამდე ივანიშვილი აცხადებდა, რომ პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებოდნენ. ის ალასანიას თავისუფალ დემოკრატებთან და რესპუბლიკელებთან თანამშრომლობას აპირებდა. „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კი ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. „არის რაღაც შეკითხვები ქალბატონ ნინოსთან, მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენ ამ შეკითხვებს მოვხსნით, პოზიციებს შევათანხმებთ და აუცილებლად ვითანამშრომლებთ”, – თქვა მან. ივანიშვილს მხოლოდ ბურჯანაძის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებთან აქვს პრეტენზიები და არა მიზნებთან – მან ყველაზე დიდ წინააღმდეგობად ის დაასახელა, რომ ნინო ბურჯანაძე ქუჩის აქციების უპირატესობას აღიარებს. 

ვინაიდან ამ განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა, მოგვიანებით ივანიშვილის პრესსამდივნომ განაცხადა, რომ თანამშრომლობაში არ გულისხმობენ რაიმე ტიპის პოლიტიკურ კავშირს. პრესსამდივნოს არგუმენტს იზიარებს რესპუბლიკური პარტიაც. „ივანიშვილმა დეტალურად განმარტა, რომ შეხვედრა და ურთიერთობა არ ნიშნავს პოლიტიკურ გაერთიანებას ყველასთან. რაც შეეხება პარტნიორობის თემას, მან უკვე ამ კუთხით არჩევანი რესპუბლიკურ პარტიასა და თავისუფალ დემოკრატებზე გააკეთა”, – თქვა დავით უსუფაშვილმა.

თავის მხრივ, ივანიშვილის მიერ თანამოაზრედ დასახელებული ალასანია გამორიცხავს ბურჯანაძესთან რამე პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბებას, ასევე იმ პარტიებთან, რომლებიც რადიკალური ცვლილებების მომხრეები არიან და არა – არჩევნების. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 24 ოქტომბერს „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მან განსხვავებული დამოკიდებულება გამოხატა. კითხვაზე, თუ ივანიშვილის პარტნიორები გაჩეჩილაძე და ბურჯანაძე გახდებიან, რა რეაქცია ექნება, უპასუხა: „ეს პრობლემა არ იქნება... პირიქით, ბიძინა ივანიშვილს ვურჩიე, რაც შეიძლება მეტ პოლიტიკურ ძალას შეხვდეს, რომ გაიგოს, ვინ შეიძლება იყოს მისი პარტნიორი და ვინ – არა”.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილიც ქუჩის აქციებსა და რადიკალურ გზებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს: „განსაზღვრულ ვითარებაში ხმებს აუცილებლად დავიცავ. თუ იმას გულისხმობთ, რომ სადღაც დავიმალები ტოტალური გაყალბების შემთხვევაში, ასე არ მოხდება – ხმებს აუცილებლად დავიცავთ”. თუმცა, დარწმუნებულია, რომ იმდენად დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, ნაციონალური მოძრაობის მცდელობებს აზრი არ ექნება და ხმების დაცვის საჭიროება არ იქნება. მისი რწმენით, „სააკაშვილს დღეს საკუთარი დედაც აღარ მისცემს ხმას”. 

კომენტარები