პოლონური თეატრი

რომან პავლოვსკი პოლონურ თეატრზე

და 25 ნოემბერს, საქართველოში, კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციებს წაიკითხავს ცნობილი პოლონელი კრიტიკოსი – რომან პავლოვსკი, რომელთან შეხვედრაც, პროფესიონალების გარდა, თეატრალური ხელოვნების მოყვარულებსაც დააინტერესებს.  

პროფესორის მოწვევის ინიციატორია ილიაუნის ხელოვნების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ასეთი ტიპის პროექტებს აქტიურად ახორციელებს და ქართულ აუდიტორიას განსახილველად სხვადასხვა თემებს სთავაზობს.  

რომან პავლოვსკის ორდღიანი ლექციები 11:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია. 24 და 25 ნოემბერს პოლონელი კრიტიკოსი განიხილავს თემებს: „პოლიტიკური თეატრი პოლონეთში“ და ,,წარსული და მეხსიერება თანამედროვე პოლონურ დრამატურგიაში“. მისი ლექციების დასრულებისა და მცირე შესვენების შემდეგ, იან კლატასა და გჟეგოზ იაჟინას სპექტაკლების ვიდეოჩვენებები გაიმართება. ლექციებს, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101–ე აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N32) უმასპინძლებს, ქართული თარგმანით წარიმართება.

რომან პავლოვსკი არის თეატრისა და კულტურის კრიტიკოსი, პოლონეთის წამყვანი გამოცემის „გაზეტა ვიბორჩას“ ჟურნალისტი. იგი თეატრმცოდნეობას კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში სწავლობდა. თეატრსა და კულტურაზე 1990 წლიდან მოყოლებული წერს. გასული საუკუნის 70–80–იანი წლების ისეთმა პოლონურმა ალტერნატიულმა გაერთიანებებმა  როგორებიც იყვნენ Akademia Ruchu, Provisorium, Teatr Ósmego Dnia, ისევე როგორც 90–იანების ახალმა ბრიტანულმა და გერმანულმა დრამატურგიამ, თეატრის მისეულ აღქმაზე დიდი გავლენა მოახდინა. საკუთარ შრომებში კრიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე დრამატურგიასა და კულტურის პოლიტიკაზე. მას გამოცემული აქვს ახალი პოლონური დრამის ორი კრებული: ,,პორნო თაობა და სხვა უგემოვნო თეატრალური ქმნილებანი“ (2003) და ,,დამზადებულია პოლონეთში“ (2005). ორივე კრებულმა პოლონეთში ახალი დრამატურგიის განვითარებას მისცა ბიძგი. მისი ავტორობით გამოცემულ ნამუშევრებს შორისაა: „ახალი პოლონური დრამის“ ლექსიკონი (2008), პოლონური თანამედროვე თეატრის ლექსიკონი, სახელწოდებით ,,ღვიძლი, ანუ 1997 წლიდან პოლონური თეატრის ძიებაში“ (2010). რომან პავლოვსკი გახლავთ პოლონეთში პირველი დრამატურგიული სკოლის ,,დრამის სკოლა/ლაბორატორიის“ თანადამაარსებელი და ლექტორი. ის არის ზბინიევ რასზევსკის პრემიის ლაურეატი საუკეთესო პოლონური ჟურნალისტური კრიტიკისათვის, ასევე გახლავთ ვროცლავში არსებული კვარტალური გამოცემა „ნოტატნიკ ტეატრალნის“ რეგულარული მიმომხილეველი. ცხოვრობს ქალაქ ტიკოცინში.

რომან პავლოვსკის არ არის პირველი, რომელიც საქართველოში ხელოვნების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივითა და მოწვევით ჩამოვიდა. მაგალითად, ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა პეკინის საშემსრულებლო ხელოვნების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი შენ ლი, რომელმაც ქართულ აუდიტორიას ჩინური ტრადიციული თეატრის მოკლე ისტორია გააცნო. პროფესორი შეეცადა ნათელი წარმოდგენა შეექმნა ჩინური თეატრის განვითარების პროცესებზე, რომელიც კულტურათაშორისი დიალოგით, რეგიონალური მრავალფეროვნებით, ხელოვნების სხვადასხვა დარგების, მაგალითად: მუსიკის, რთული კოსტიუმებისა და აკრობატიკის სინთეზით ხასიათდება.  

კომენტარები