საბერძნეთის კრიზისი

დაკარგული ევროსამოთხე

გასულ კვირას კანში ჩატარებული G-20-ის სხდომა შიდაბერძნულმა პოლიტიკამ გადაფარა. საბერძნეთის აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გეორგიოს პაპანდრეუს მოულოდნელი არჩევანი დაემუქრა. საფრთხის წინაშე მთლიანად ევროზონა და ევროკავშირი დადგა.

პანიკის დომინოს პირველი ქვა პაპანდრეუს რეფერენდუმის შესახებ განცხადება გახდა. რეფერენდუმზე პრემიერმა ევროზონის ლიდერების დამტკიცებული ეკონომიკური დახმარების გატანა გადაწყვიტა. გასული წლის გაზაფხულზე საბერძნეთისთვის 110 მილიარდი ევროს გამოყოფა დაიგეგმა – მთავარი პირობა ხარჯვის შემცირება იყო. ამას უზომო ხარჯვას მიჩვეული ბერძენი საჯარო მოხელეების აჯანყება მოჰყვა.

დახმარების ბოლო ნაწილი, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა მიეღო საბერძნეთს, ქვეყანას კრიზისის ჭაობიდან ვერ ამოიყვანდა. ევროზონის ლიდერები საბერძნეთის ვალის მფლობელებს, კერძო კომპანიებს შეხვდნენ, ეს უკანასკნელნი კი საბერძნეთის ვალის 50%-ზე უარის თქმას დათანხმდნენ.

სწორედ ამ პირობების გატანა გადაწყვიტა პაპანდრეუმ რეფერენდუმზე. მისი პოზიცია ადვილად გასაგებია, ათენის ქუჩაში ათიათასობით გამოსული მოქალაქისთვის ხარჯვის შემცირება განსაკუთრებით არაპოპულარულია. მან ხალხისთვის შანსის მიცემით რეიტინგის გაზრდა და პასუხისმგებლობის მოშორება გადაწყვიტა. თუმცა, საბოლოო ჯამში, თავად მოუწია თანამდებობას გამოთხოვებოდა. შიდაპოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგად კი გაირკვა, რომ საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლუკას პაპადიმოსი გახდება, რომელიც ევროპის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

პაპანდრეუს განცხადებამ მაინც იქონია თავისი შედეგი – ევროზონის ლიდერები განაწყენდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ საბერძნეთი ერთ ცენტსაც არ მიიღებდა, სანამ რეფერენდუმის საკითხი არ გაირკვეოდა. მერკელის თქმით კი, ევროზონიდან გასვლა მხოლოდ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. მაასტრიხტის და შემდგომ ხელშეკრულებებში საუბარი მხოლოდ ევროკავშირიდან გასვლაზეა, ევროზონიდან გასვლის წესი კი არ არსებობს. ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს არც კი დაუშვიათ, რომ ვიღაც ორგანიზაციიდან გასვლას მოინდომებდა.

ევროკავშირს რეფერენდუმების ეშინია. ირლანდიასა და დანიაში ჩატარებულმა რეფერენდუმებმა კინაღამ მთლიანად ევროზონის და ევროკავშირის არსებობა დააყენეს ეჭვქვეშ. გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ეროვნულ განსხვავებებსა და კონკურენციაზე” მაღლა იდგეს და მთლიანად ევროპული იდენტობა დაიცვას. თუმცა დემოკრატიული იმიჯიც უნდა შეინარჩუნოს.

დღეს უკვე ცნობილია, რომ საბერძნეთში რეფერენდუმი არ ჩატარდება. თუმცა ქვეყანა, სავარაუდოდ, მაინც ევროზონაში დარჩებოდა. უკანასკნელი გამოკითხვებით, ბერძენთა 60%-ს არ მოსწონს ევროზონის ლიდერების მიერ მიღებული პაკეტი, 70%-ს კი ევროზონაში დარჩენა სურს.

მაინც რა მოხდებოდა, საბერძნეთს ევროზონა და ევროკავშირი რომ დაეტოვებინა? ამის მაგალითად ხშირად არგენტინის პრეცედენტი მოჰყავთ, რომელმაც 2002 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, დღეს კი ეკონომიკური აღმავლობის გზაზე დგას. თავის გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში, საბერძნეთს თავისი ძველი ვალუტის, დრაჰმის დაბრუნება მოუწევდა. არგენტინის მსგავსად, პირველი რამდენიმე წელი განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, თუმცა თუ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებდა, რამდენიმე წელიწადში აღმავლობის გზას დაადგებოდა.

საბერძნეთში კავშირის დატოვებას ევროპული ბაზრის დაკარგვასთან აიგივებენ. შვეიცარია და ისლანდია არ არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა აქვთ. იგივე ეხება შენგენის რეჟიმსაც. საბერძნეთის მთავარი პრობლემა, მხოლოდ რამდენიმეწლიანი ეკონომიკური გაჭირვება და სწორი პოლიტიკის გატარება იქნებოდა.

ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის ძლიერ იდეოლოგიურ და ეკონომიკურ დარტყმად აღიქმებოდა. ბაზარი უარყოფით რეაგირებას მოახდენდა საბერძნეთის ამ ნაბიჯზე და შეიძლება მთლიანად ევროზონა ჩაეთრია ჭაობში. ევროკავშირს გაუჭირდებოდა აეხსნა, თუ რა გახდა ეკონომიკური სამოთხიდან საბერძნეთის გასვლის მიზეზი.

ბერძნებმა, კიდევ ერთხელ, მარტივი გამოსავალი იპოვეს და ევროზონაში დარჩენა გადაწყვიტეს.

როგორ მივიდა ასეთ მდგომარეობამდე საბერძნეთი და მთლიანად ევროზონა? 1975 წელსაც, როცა საბერძნეთი ევროკავშირს შეუერთდა, მისი ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მისი კავშირში შეშვება უმეტესწილად კომუნიზმის საშიშროებამ და მთავრობიდან სამხედრო ხუნტის გაძევებამ განაპირობა. მას შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა: განსაკუთრებით დიდი ხარჯვა, დიდი საჯარო სექტორი, კორუფცია. საჯარო ვალი 354 მილიარდი ევროა. საბერძნეთი რამდენიმე წლის განმავლობაში აყალბებდა თავის ფინანსურ მონაცემებს და ინვესტორებს ატყუებდა. მსოფლიო ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა და საბერძნეთის მთავრობასაც დიდად არ ადარდებდა ვალი. თუმცა 2008 წლის ეკონომიკურმა რეცესიამ საბერძნეთის პრობლემები აშკარა გახადა. ზოგიერთის ვარაუდით, ეს სწორედაც რომ ეკონომიკური დახმარებების ბრალია – საბერძნეთმა იცის, რომ ევროკავშირი არ ან ვერ „გაწირავს” და გაკოტრების უფლებას არ მისცემს და, შესაბამისად, ხარჯვის შემცირების აუცილებლობასაც ვერ ხედავს.

გარდა საბერძნეთისა, ბოლო დროს ინვესტორებს იტალიის ეკონომიკური მდგომარეობაც ადარდებთ. ბერლუსკონიმ რამდენჯერმე დადო პირობა, რომ ხარჯვას შეამცირებდა, თუმცა შედეგები ბაზრისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. უკეთეს მდგომარეობაში არც ესპანეთია. საფრანგეთი თავისი საკრედიტო შეფასების (AAA+) შენარჩუნებისთვის იბრძვის და ხარჯვის მნიშვნელოვან შემცირებას გეგმავს.

ევროზონის ბედი მნიშვნელოვანწილად გერმანიის ხელშია. თუმცა გერმანია ლიდერობის უცნაურ ფორმას იყენებს და ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს მნიშვნელობით ევროზონის ქვეყნების წევრების ტოლია. მერკელი სამშობლოში ყველას ევროსოლიდარობისკენ და ევროზონის კრიზისში მყოფი ქვეყნების დახმარებისკენ მოუწოდებს. ის თითქმის ყოველთვის 80%-იან მხარდაჭერას იღებს, როგორც საკუთარი პარტიის წევრებისგან, ასევე ოპოზიციისგან. ევროზონის სამიტებზე კი დუმილითა და სიმკაცრით გამოირჩევა. სახლში მას არ ეშინია ანტიევროპული ოპოზიციის გამოჩენის – ეს ყველაზე დიდი ტაბუა გერმანულ პოლიტიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ევროზონაში და საერთაშორისო ასპარეზზე კი კანცლერს პრობლემებიდან გარიდება სურს. ისტორიული გამოცდილებით, ორი მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანიამ ევროპული პოლიტიკის შეცვლა სცადა, დიდი ზიანი განიცადა. დღეს ის ერაყის ომს ან ლიბიაში კოალიციაში ჩართვას ერიდება. როცა სხვა „დასავლელები’’ თანხებს სამხედრო ოპერაციებში ხარჯავენ, გერმანია ფულს „აგროვებს”. ევროზონაში საკითხებზე თავის არიდება განსაკუთრებით ჭირს, მაგრამ მერკელი მაინც ახერხებს ლიდერობა ჩუმი პოზიციიდან განაგრძოს.

ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებს უკვე კარგა ხანია შორიდან უწევთ დაკვირვება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს „ელიტარული” ევროზონის სამიტები.

უკანასკნელმა კრიზისმა ევროკავშირის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მნიშვნელობა ეჭვქვეშ დააყენა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი უძლური გამოდგა. ევროზონის ქვეყნებმა დახმარებისთვის ჩინეთს მიმართეს და 100 მილიარდ დოლარს ელიან. ეს, ბევრი ეკონომისტის აზრით, მსოფლიო ეკონომიკაში დასავლეთის მიერ ჩინეთისთვის პოზიციის დათმობის ნიშანია.

 

კომენტარები