კრივი

მწვანე ჩაი

ჯო ფილადელფიაში, პატარა კლუბში პატარა ონავრებს მუშტის უკეთ მოქნევას ამუღამებინებს და ოდნავ მორყეულ, ღია კარს უყურებს. ვიღაც შემოვა, ჯოს ჩაუვლის, ტილოს პიჯაკზე ხელს დაადებს, მოიკითხავს. ჯო ხელის გულით კითხულობს. გაშლილი ხელი არ მოხვედრია და მაინც ხელის გულით კითხულობს. ჯოს სხვისი ნიჭი ხვდებოდა. ამ ნიჭმა წააბარბაცა, დაღალა და ჯო მაინც ღია კარს უყურებს. იმ კარში ვიღაც უნდა შემოვიდეს. დაცხა. ჯომ ტილოს პიჯაკი კიბეზე მიაგდო. გუშინ დარბაზში მტრედის ბუდე ჩამოვარდა და რებეკა პირსმა კიბე გამოიტანა. თავისი ცენტნერიანი უკანალი კიბეზე აიტანა და ბუდე თბილ, მტვრიან კუთხეში შედო. პატარები დიდებივით ფიქრობენ და ჯო ამ პატარებშიც პატარაა. ის, ერთი ამბავი ვერ გაიხსენა და რებეკას გადასძახა, შენი ძმისშვილი რომ გოგოებთან ჭორაობს, იმ საიტს რა ჰქვიაო. ჯომ დაიმახსოვრა – Fakebook. 
ჯომ გაზეთის გაცვეთილი, ყვითელი ფურცლებიდან ჯორჯ ფორმენი გაიხსენა. ძველი ამბები უფრო ახსენდება. ფორმენმა ორჯერ დააგდო. ერთხელ, ორ რაუნდში ექვსჯერ შემოარტყა. ფრეზერი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. მერე უთხრეს, ფორმენმა სახის ადგილზე ტკივილის ნიღაბი დაგიტოვა. ჯერ ვერ მოიხსნი, ორი-სამი თვე უნდა ატარო და მანამდე თუ გაქაჩავ, ცოტა წაივარჯიშე, დამშვიდდიო. 
ადრე ჯოს შემოსავალი როლს როისებს ფარავდა. დღეს ჯოს შემოსავალი კასტრირებული გრძნობები და შიში, ბევრი შიში, შიშებია. ფრეზერმა კიდევ ერთხელ გახედა კარს. არაფერი ახალი. 
ფრეზერმა როიალს გადახედა. ჯო უკრავდა. რაც ესმოდა, ის ახსოვდა და იმავეს უკრავდა. ფრეზერის თითები სწრაფად ამოძრავდებოდა კლავიშებზე და ბევრს ცოტაში გიყვებოდა. ჯოს კრივიც პატარა სეიშენი იყო. ბევრი, კარგი ინსტრუმენტალისტი იკრიბებოდა და ერთმანეთს უსმენდა. მერე ერთმანეთს ავსებდა და ხმის რეჟისორს არაფრის შესწორება, კორექტირება არ უნდა გაეკეთებინა. ისე, ბუნებრივად, ერთჯერადად უნდა დაეტოვებინა ყველაფერი. ფრეზერის კრივი თავისუფალი ამერიკელის მელოდია იყო. ჯოს კრივიც თავისუფალი იყო. 
ფრეზერი დაიღალა. სავარძელში ვეღარ ისვენებს და სულ იმ მეორეზე ფიქრობს. ის მეორე მუჰამედ ალია. ჯომ სამჯერ მოიკითხა ალი. პირველი მოკითხვის მერე სამი კვირა ჰოსპიტალში აწყობდნენ. მესამე მოკითხვამ ალის პარკინსონის ნიღაბი დაუტოვა. ჯოს ეს ახსოვს. ალის კრივში დიდი დოზით სერჟანტ პეპერის აგრესიაა. ჯო სერჟანტ პეპერს უსმენს. მესამე მოკითხვის მერე ალის ბოსტონის იპოდრომზე მიაკითხა და მწვანე ჩაიზე დაპატიჟა. თვითონაც დალია. 
ჯო ფრეზერი სამუდამოდ წავიდა. 
ვიღაც შემოვიდა, ჯოს ტილოს პიჯაკზე ხელი დაადო, მოიკითხა. ჯომ ხელის გულით წაიკითხა. ალის გაშლილი ხელი არ მოხვედრია და მაინც ხელის გულით წაიკითხა. მწვანე ჩაიც იქნება. 

კომენტარები