ეგვიპტე

რევოლუციის შემდეგ ეგვიპტე 100 ათასმა კოპტმა დატოვა

0 კომენტარი

ნოემბრის ბოლოს, ეგვიპტეში რევოლუციის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. მოვლენას ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო მასშტაბით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს ქვეყანაში დემოკრატიის ბედი.

მოახლოებული არჩევნების ფონზე რელიგიური დაპირისპირება გამწვავდა. ქრისტიანი კოპტები შიშობენ, რომ არჩევნების შემდეგ ძალაუფლებას მუსლიმური საძმო აიღებს. კოპტები ქუჩაში თავიანთი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ. ოქტომბერში, ამას სამხედრო ძალებთან შეტაკება მოჰყვა. დაპირისპირებას 25 კოპტის სიცოცხლე შეეწირა. ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში ისინი პერმანენტულ აქციებს აწყობენ, სადაც მუსლიმებს დისკრიმინაციაში სდებენ ბრალს, მმართველ სამხედრო საბჭოს კი – უმოქმედობაში.

კოპტები ეგვიპტის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ და ქვეყანაში ყველაზე დიდი რელიგიური უმცირესობაა. მუბარაქის გადადგომის შემდეგ მათ მიმართ აგრესიამ იმატა, რასაც ისინი ხელისუფლებაში მუსლიმური საძმოს მოსვლას უკავშირებენ.

ეგვიპტეში კოპტებს მეხუთე კოლონად მოიაზრებდნენ. რევოლუციის შემდეგ ეს რიტორიკა განსაკუთრებით გამწვავდა. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ ქრისტიანი კოპტების მნიშვნელოვანი ნაწილი, მუსლიმური საძმოს შიშით, ღიად უჭერდა მხარს ჰოსნი მუბარაქს – ეს უკანასკნელი შედარებით სეკულარულ პოლიტიკას ატარებდა.

მუბარაქის გადადგომის შემდეგ სალაფიტ მუსლიმებსა და კოპტებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე შეტაკებაში გადაიზარდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე მსგავს შეტაკებებს 20-ზე მეტი კოპტის სიცოცხლე შეეწირა. ქრისტიანები მუსლიმებს 10-მდე ტაძრის გადაწვას მიაწერენ. 

კოპტების მძიმე მდგომარეობას ვატიკანის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები ადასტურებს – რევოლუციის შემდეგ ეგვიპტე 100 ათასამდე კოპტმა დატოვა.

კოპტები შიშობენ, რომ თუკი არჩევნების შემდეგ მუსლიმური საძმო მოვა, მათ უმრავლესობას ქვეყნის დატოვება მოუწევს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები