მუსიკა

ერთი ზომბი, ბევრი ტექნო და უფრო მეტი ვოდკა

0 კომენტარი

– ვიტანცავებთ, სხვა რა უნდა გავაკეთოთ?

 

საერთოდ, გასაკვირია, როგორ ახერხებენ კლუბებში მთელი დარბაზის გასაგონად  საუბარს. ახლა კლუბში კი არა, გრატო პასაჟის მეშვიდე სართულზე ვიყავით, ურემონტო, ძალიან დიდ და ცივ ოთახში, სადაც მხოლოდ ამ ღამეს კლუბური ატმოსფერო გამეფებულიყო. პულტთან ჟორჟიკა იდგა, ქართველი დიჯეი და ტექნოსიხშირეებზე ცდილობდა იქ მყოფ საზოგადოებასთან კავშირის დამყარებას.

რამდენიმე საათით ადრე მიქაელა დიპელს (ADA), მიხაელ შვანენს (Metope), სიდნი ლეროშს (Sid LeRock) ვხვდებით. ისინი თბილისში ელექტროდღეებზე ჩამოვიდნენ – ტექნო-ჰაუსის სტილის თაყვანისმცემლებისთვის ორი დღის განმავლობაში უნდა დაუკრან. საქართველოში პირველად არ არიან. სიდნი გასული ზაფხულის ბათუმის დღეებს იხსენებს, იქ მიღებულ დადებით ემოციებს, კარგ მასპინძლებს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, ბევრი ალკოჰოლური სასმელი დაალევინეს და შემდეგ ყველა ერთად მოდიოდა აზრზე. სიდნი ონტარიოდანაა, კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ძალიან ნიჭიერია თავის საქმეში, ანუ მუსიკის კეთებაში. 1998 წლის შემდეგ ექვსი ალბომი გამოუშვა, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი უკანასკნელია – Tout Va Bien, დახვეწილი ელექტრონული მუსიკა მინიმალის ესთეტიკით.

Metope-ს ტექნოსამყაროში სადებიუტო ალბომით, Kobol, იცნობენ. მუსიკაში ოც  წელზე მეტია მოღვაწეობს. როგორც თავად ჰყვება, დასაწყისში ძალიან იყო გატაცებული ინგლისური ელექტრონული მუსიკით, განსაკუთრებით Warp Records-ის პროდუქტით. ამბობს, რომ ქართულ ელექტრონულ მუსიკას კარგად არ იცნობს,  სამაგიეროდ საქართველო მოსწონთ, აქაური სამზარეულო, ხალხი, კულტურა, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად გრძნობენ.

მიქაელას კი თავისი მეორე სახელის ისტორიის მოყოლა უნდა, თუმცა ვერ გადაუწყვეტია, რომელ ვარიანტზე შეჩერდეს, მოკლესა თუ გრძელზე. ეს საყოველთაო მხიარულებას იწვევს. დიპელს იოლად შეატყობ, რომ მისთვის სახელის თემა მნიშვნელოვანია. საბოლოოდ გადაწყვიტა მოკლედ მოჰყვეს: ბავშვობაში აუდიოწიგნი ჰქონდა, სადაც ერთი ზომბის ისტორია იყო მოთხრობილი. მუსიკამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადაწყვიტა წიგნის გმირი ზომბი გოგო გამხდარიყო. ზომბ გოგოს კი ადა ერქვა. აი, ასე გახდა მიქაელა ზომბი. სიდნი ხუმრობს, რომ მიქაელა ზომბი ყოველი დილის ხუთ საათზე ხდება, როგორც საშინელებათა ფილმებშია. როდესაც პულტთან დგას, ამ ზომბს კილომეტრის რადიუსით შეუძლია მსმენელის ენერგიით დამუხტვა. ჰაუსით შთაგონებული მისი მუსიკა ერთდროულად მსუბუქიცაა, დაძაბულიც, ემოციურიც. ალბათ, ამიტომ მოსწონთ ერთნაირად პარიზშიც, ნიუ იორკშიც, ლისაბონშიც. მოგზაურობა, თავის მხრივ, ADA-ს ერთ-ერთი სერიოზული გატაცებაა, რადგან ახალი შთაბეჭდილებები მუსიკალურ ემოციაში ტრანსფორმირდება.

სამივეს ერთად კი ელექტრომუსიკა და Beachcoma აერთიანებთ. საკუთარი ლეიბლი ლეროშმა და შვანენმა ერთი უბრალო მიზეზის გამო შექმნეს – ის მათ მუსიკის შექმნაში თავისუფლებას აძლევს. Beachcoma თითოეული მუსიკოსისთვის საკუთარი თავის გამოხატვის მაქსიმალური საშუალების წყაროა. შვანენი ამბობს: „როდესაც ადა უკრავს, მე შემიძლია ზუსტად გამოვიცნო, რომ ეს ისაა. ჩვენთან ყველას საკუთარი სტილი, საკუთარი მიდგომა აქვს მუსიკის მიმართ”. ზოგადად კი საკუთარ სტილს მელანქოლიურ, ემოციურ ტექნოს უწოდებენ. 

LeRock-ის აზრით, მთავარი გამოწვევაა, ხალხი იგრძნობს თუ არა, რომ მიუხედავად ტექნიკურად ასე კარგად უზრუნველყოფილი მუსიკისა, კომპიუტერების უკან ადამიანი დგას. გამოსავალი ხანდახან შეიძლება ღიმილი იყოს, ან რაიმე ჟესტიკულაცია, ბოლოს და ბოლოს შეცდომა, რომელსაც პულტთან დგომის დროს დაუშვებ და ადამიანებს აგრძნობინებ, რომ მთლიანად ტექნოგენურ სამყაროში არ მოხვედრილან. აქ მუსიკა ადამიანური ემოციით არის გამთბარი.

თბილისში გამართული ელექტროდღეების მუსიკაში მელანქოლია და ემოციები ნაკლები დოზით იყო, ვიდრე ამის მოლოდინი. Beachcoma-ს ასეთი პოსტულატი აქვს: „ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ თქვენი ყურების, არამედ ტვინის სტიმულირებაც მოვახდინოთ. ტექნო ნამდვილად სხეულის მუსიკაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზედაპირული უნდა იყოს”. მუსიკას ისინი სპონტანურად ირჩევენ, მსმენელზე დაკვირვების შედეგად, წინასწარ არ გეგმავენ, რა უნდა დაუკრან. თბილისში არ მოგინდება რამე ჭეშმარიტად ჰიპნოტიკური დაუკრა – აქ ხალხი „სატანცაოდ” არის მოსული. 

სანამ ელექტრონულ მუსიკაზე არა მხოლოდ ძიგძიგს, არამედ ფიქრსაც ვისწავლით, მანამ ის ყოველთვის რედბულ-ვოდკაზე კარგი მისაყოლებელი ხმაური იქნება. 


ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები