იტალია

მარიო მონტის ტექნოკრატიული მთავრობა

0 კომენტარი

იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ იტალიის ახალ პრემიერად ყოფილი ევროკომისარი მარიო მონტი დანიშნა. ის ტექნოკრატიულ მინისტრთა კაბინეტს ჩაუდგა სათავეში, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ ჩამოაყალიბა. 68 წლის ეკონომისტი ქვეყნის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას შეეცდება, თუმცა ამისთვის მას ჯერ უზარმაზარ ვალთან გამკლავება და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა მოუწევს. მისი წინამორბედი, სილვიო ბერლუსკონი, პარლამენტის მიერ ახალი ეკონომიკური რეფორმების პაკეტის მიღების შემდეგ გადადგა.

მონტის მინისტრთა კაბინეტი ძირითადად სამეცნიერო და კერძო სექტორიდანაა დაკომპლექტებული. მაგალითად, მრეწველობის სამინისტროს ერთ-ერთი იტალიური ბანკის ხელმძღვანელი, კორადო პასერა ჩაუდგება სათავეში. მონტიმ იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროებში სამი ქალი დანიშნა – აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრი პაოლა სევერინო სამართლის პროფესორია. ამერიკასა და ისრაელში ყოფილი ელჩი, კარიერული დიპლომატი ჯულიო ტერძი დი სანტ' აგატა საგარეო სამინისტროს ჩაუდგება სათავეში. ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა, რომელიც მანამდე იტალიის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი და NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, თავდაცვის მინისტრი გახდა. ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა თავად მონტიმ დაიკავა. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ მონტისა და მისი მთავრობის არაპარტიული კუთვნილება და, შესაბამისად, ვალდებულების არქონა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, გააადვილებს მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარებას ქვეყანაში. თუმცა, რამდენიმე დღეში მონტის კაბინეტს მაინც მოუწევს დეპუტატთა ხმების მოზიდვისთვის ბრძოლა.

რომის ლუისის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის ექსპერტი, ჯოვანი ორსინა ფიქრობს, რომ ახალ პრემიერს მოუწევს პოლიტიკურ არენაზე გარკვეული ბალანსის დაცვა. ერთი მხრივ, მან უნდა მოახერხოს საპარლამენტო მხარდაჭერის მოპოვება და, მეორე მხრივ, დაიკავოს დისტანცია პოლიტიკოსებისგან, რათა ეჭვქვეშ არ დააყენოს რეფორმების გატარების მნიშვნელობა. ორსინას შეხედულებით, თუ ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთის ზრდა ბერლუსკონის მთავრობისათვის საბედისწერო აღმოჩნდა, მონტის ხელისუფლებისათვის, შეიძლება, სიძლიერის მთავარი წყაროდ იქცეს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ მიიღებს მონტის შეთავაზებას, პრემიერი პრობლემებზე პასუხისმგებლობას მათზე გადაიტანს. 

 პრემიერის შეცვლამ საფონდო ბირჟებზე პოზიტიური გავლენა იქონია. ორშაბათს ჩატარებულ აუქციონზე კი, 4.1 მილიარდი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები, 5 წლის ვადით, 6.3%-ად გაიყიდა – რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1997 წლიდან, როცა აქციები დაეცა. თუ მონტი ვერ შეძლებს ბაზრის ნდობის აღდგენას იტალიისადმი, მაშინ შეიძლება ობლიგაციებზე გადასახდელი პროცენტი 7 კოეფიციენტზე მაღლა ავიდეს, როგორც გასულ კვირას. ეს კი არამყარი მაჩვენებელია, რამაც, ექსპერტების აზრით, შეიძლება იტალია მხოლოდ ევროკავშირის იმედად დატოვოს. ამ უკანასკნელს არ შესწევს უნარი მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს ქვეყნის ვალი. ბაზრის  ფინანსებისა და ევროდახმარების გარეშე კი იტალიას გარდაუვლად დეფოლტი ემუქრება, რაც ერთიანი სავალუტო სისტემის ნგრევის მანიშნებელი გახდება.

ახალ მთავრობას არაპოპულარული ქმედებების გატარება მოუწევს – ეს გამოიხატება  სახელმწიფო ხარჯების შეკვეცაში, გადასახადების გაზრდასა და მკაცრი შრომის ბაზრის რეფორმირებაში, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას და კონკურენტულობას აფერხებს. „ბერლუსკონის ეპოქის ფინანსურმა უპასუხისმგებლობამ, აიძულა იტალიელები გაეღოთ მსხვერპლი, იმისთვის რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრების წესს დაუბრუნდეს”, – ამბობს იტალიელი პოლიტიკის ექსპერტი ბეპე სევერნინი, Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მარიო მონტი, ისევე როგორც საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლუკას პაპადიმოსი,  ევროკავშირში პატივსაცემ ფიგურებად ითვლებიან. თუმცა ანალიტიკოსები სვამენ კითხვას, თუ რამდენად შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს ის, რომ ეს ადამიანები არ აურჩევიათ და მხოლოდ მათი პროფესიული ღირსებებისთვის დაინიშნენ ამ თანამდებობებზე. ათენსა და რომში, საზოგადოებას დიდად არ აღელვებს ეს ფაქტი, რადგან დემოკრატიულად არჩეულმა ლიდერებმა იმედი გაუცრუეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები