პარტიების დაფინანსება

ცვლილება პარტიების დაფინანსებაში

 იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაღება უნდა აეკრძალოთ; პარტიების შემოსავლებზე ლიმიტი დაწესდება; პოლიტიკური ორგანიზიციების ფინანსების მონიტორინგს კონტროლის პალატა განახორციელებს. 

შესაბამისი ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა შეიმუშავა. უწყების განმარტებით, კანონპროექტი  ითვალისწინებს რეკომენდაციებს, რომლებიც ევროპის საბჭოს სტრუქტურა GRECO-მ (Group of States against Corruption) საქართველოს ხელისუფლებას 1 ივლისს წარუდგინა. ასევე გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიისა და Transparency International-ის, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც.

ინიციატივის მიზანი პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის გაუმჯობესება და პოლიტიკური კორუფციის აღკვეთაა. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ჩარჩო-რეკომენდაციები ჯერ კიდევ 2000-2003 წლებში შეიმუშავა. ისინი შემოწირულობათა ლიმიტების დადგენას, ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ანონიმური და უცხოელი  დონორებისგან შემოწირულობების აკრძალვას გულისხმობს. დღემდე საქართველოში პარტიების დაფინანსების და წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების ზედა ზღვარი არ იყო განსაზღვრული. შეზღუდვები მხოლოდ შემოწირულობის თანხებზეა დაწესებული. პარტიების ხარჯების ანგარიშგების ფორმები არ მოქმედებს. 

ტაბულას იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ კახიძემ განუცხადა, რომ იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა საერთაშორისო ორგანიზაციების „პირდაპირი რეკომენდაცია არ ყოფილა”. თუმცა, ასეთ შესაძლებლობას ვენეციის კომისიის „პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების სახელმძღვანელო წესები” ითვალისწინებს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, იურიდიულ პირს პოლიტიკური პარტიების  დაფინანსება წელიწადში 100 ათასი ლარის ფარგლებში შეუძლია. ოთარ კახიძის განმარტებით, საქართველოში იურიდიული პირის დაფუძნება ძალიან ადვილია. შესაბამისად – იოლდება სხვადასხვა მანიპულაციები ამ შეზღუდვისგან თავის ასარიდებლად – კერძოდ, ერთი პირის მიერ რამდენიმე იურიდიული პირის დაფუძნებით. გარდა ამისა, დაფინანსების გამჭვირვალობას ართულებს ერთი იურიდიული პირის მიერ სხვა იურიდიული პირების წილის ფლობის შესაძლებლობა. დამფუძნებელი კომპანიის უკან შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქე ან უშუალოდ სხვა სახელმწიფოც კი იდგეს. 

ახალი ცვლილებით, იურიდიული პირების მფლობელებს შემოწირულობების გაღება ფიზიკური პირების სტატუსით შეეძლებათ. კანონპროექტი წელიწადში ერთი ფიზიკური პირის  შემოწირულობის მაქსიმალურ ოდენობას (ერთი ან რამდენიმე პარტიისთვის) 60 ათასი ლარით განსაზღვრავს, პარტიის თითოეული წევრის მიერ საწევრო შენატანის ლიმიტს კი – 1200 ლარით. ყველა შემოწირულობა პარტიას უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა მიეწოდოს. 

შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15 პროცენტზე მეტს, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით მიღებული შემოსავალი წარმოადგენს. 

მნიშვნელოვანი სიახლეა პარტიების  წლიური დაფინანსების ზედა ზღვარის დაწესება. ეს ზღვარი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტით უნდა განისაზღვროს. ეს მოიცავს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ასევე შემოწირულობებსა და საწევროებს. თუ ათვლის წერტილად გასული წლის მთლიან შიდა პროდუქტს ავიღებთ, თითოეულ სუბიექტს წელიწადში არაუმეტეს  41  მილიონი ლარის დაფინანსების მიღება შეუძლია. ამ თანხის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში, პარტიების დაფინანსების ფონდში უნდა გადაირიცხოს. 

კანონპროექტის თანახმად, მონიტორინგს პარტიების დაფინანსებაზე კონტროლის პალატა განახორციელებს. ის შეიმუშავებს პარტიების ფინანსური დეკლარაციის ფორმას, რომელიც პალატას ყოველწლიურად წარედგინება. ყველა პარტია  ვალდებული იქნება დეკლარაციასთან ერთად დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა წარმოადგინოს. კონტროლის პალატა შეისწავლის პარტიების დოკუმენტაციას, ინფორმაციას მათი ხარჯების შესახებ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და აღმოჩენილ კანონდარღვევებზე რეაგირებას მოახდენს. 

აკრძალვა იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე მრავალ სახელმწიფოში მოქმედებს – მათ შორის, საფრანგეთში, ბელგიაში, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში. 

არაერთგანაა განსაზღვრული ლიმიტები პარტიების და წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსებაზე. ბელგიაში და ბულგარეთში თითოეული პარტიის ხარჯების ლიმიტი საარჩევნო ციკლზე მხოლოდ 1 და 1,5 მილიონი ევროთი განისაზღვრება. დიდ ბრიტანეთში – წელიწადში 18 მილიონ 840 ათასი გირვანქა სტერლინგით, პორტუგალიაში – 3 მილიონ 86 ათასი ევროთი. ლატვიაში ლიმიტი თითოეულ ამომრჩეველზე 20 ცენტს შეადგენს. 

როგორც ტაბულასთან საუბრისას სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ახალი კანონის მიღებით პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობა გაიზრდება. მისი აზრით, ამ ამოცანას ხელს შეუწყობს იურიდიული პირებისთვის შემოწირულობის აკრძალვა, რადგან  ამჟამად „ძნელია იმ პირების დადგენა, ვინც თითოეული შემომწირველი იურიდიული პირის უკან დგას”. 

ჯაფარიძის აზრით, გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია პარტიების შემოსავლებზე ლიმიტების დაწესება და ფინანსური ანგარიშგების მონიტორინგი, რომელსაც კონტროლის პალატა განახორციელებს.  

ტაბულასთან საუბრისას საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამების დირექტორმა ნინა ხატისკაცმა განაცხადა, რომ პარტიების ხარჯების რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს მოქმედი კანონმდებლობით ისინი „თავის ნებაზე არიან მიშვებულები”. თუმცა, მისი თქმით, ხარჯების ლიმიტების საკითხში გაცილებით მეტი სიფრთხილეა საჭირო: „ლიმიტი იმდენად ოპტიმალური უნდა იყოს, რომ არ გაუჩინოს პარტიებს სტიმული არალეგალური თანხები მიიღონ”. 

ხატისკაცის თქმით, იურიდიული პირებისგან შემოწირულობების აკრძალვა  მართლაც არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში. „თუმცა, დღესდღეობით არ არსებობს რაიმე მონაცემები იმის შესახებ, რომ ამ ქვეყნებში სიტუაცია უკეთესია და პარტიების დაფინანსება უფრო გამჭვირვალეა”. მისი თქმით, ეს ქვეყნები არ გამოირჩევა პარტიების მიმართ საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით და იქაც არალეგალურ შემოწირულობებთან დაკავშირებული არაერთი სკანდალი მომხდარა. 

ხატისკაცი მიიჩნევს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში მოქმედი პარტიების მონაწილეობით უნდა მიიღონ. ასევე შესასწავლია, ამ აკრძალვის შემთხვევაში, რა ალტერნატიული გზები აქვთ პარტიებს საკმარისი დაფინანსების მისაღებად.  

როგორც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, IFES-ის კვლევაში „პოლიტიკური ფინანსების რეგულირება – გლობალური გამოცდილება” არის აღნიშნული, პარტიული ფინანსების გონივრულად განსაზღვრული ლიმიტები პოლიტიკაში პატიოსან კონკურენციას უწყობს ხელს.

თუმცა, ლიმიტების ზედმეტი გამკაცრება, განსაკუთრებით, არადემოკრატიული რეჟიმის პირობებში, ოპოზიციის შესაძლებლობებს ზღუდავს. იმ დროს, როდესაც სახელისუფლებო ძალებისთვის სხვა რესურსები – მაგალითად, ე. წ. ადმინისტრაციული რესურსი და მედია უფრო ხელმისაწვდომია, რაც ოპონენტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.  

არგუმენტად პარტიების ხარჯების შეზღუდვის სასარგებლოდ განვითარებულ ქვეყნებში ისიც მოჰყავთ, რომ ბევრ ქვეყანაში „დემოკრატიის ფასი” – ანუ საზოგადოების მიერ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიებისთვის გაღებული საერთო თანხები, გაუმართლებლად იზრდება. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ პარტიებისთვის გამოყოფილი თანხებია. 

კომენტარები