აბრამოვიჩი ბერეზოვსკის წინააღმდეგ

ოლიგარქიული პროცესი

0 კომენტარი

ლონდონის სასამართლო რუს ოლიგარქებს – რომან აბრამოვიჩსა და ბორის ბერეზოვსკის შორის არსებულ დავას განიხილავს. მოსარჩელე ბერეზოვსკი კონტრაქტის დარღვევისთვის აბრამოვიჩისგან 6 მლრდ აშშ დოლარს ითხოვს.

სასამართლოში წინასწარი მოსმენა 2008 წელს გაიმართა. აბრამოვიჩმა სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობის მოტივით საქმის განხილვის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო.

დავა რუსული ნავთობკომპანიის, Сибнефть-ისა და მსოფლიოს უმსხვილესი ალუმინის მწარმოებელი კომპანიის, РУСАЛ-ის აქციებს ეხება. ბერეზოვსკის მტკიცებით, როდესაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა დაეძაბა, აბრამოვიჩმა ამით ისარგებლა და 2000 წელს აიძულა Сибнефть-ის აქციები რვაას მილიონ ფუნტად გაეყიდა. აქციების ნამდვილი ღირებულება ოთხ მილიარდს აღემატებოდა. ბერეზოვსკის თქმით, აბრამოვიჩი მას რეალიზაციაზე უარის შემთხვევაში კონფისკაციით დაემუქრა. წილის გაყიდვის სანაცვლოდ კი, მეგობრის – ნიკოლაი გლუშკოვის პატიმრობიდან გათავისუფლებას დაპირდნენ. 

ბერეზოვსკი კომპენსაციას РУСАЛ-ის აქციების გაყიდვის შედეგად მიყენებული ზიანისთვისაც ითხოვს. სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, РУСАЛ-ის 50%-ს აბრამოვიჩი განკარგავდა, თუმცა ეს წილი, მასთან ერთად, ბადრი პატარკაციშვილის საკუთრებასაც წარმოადგენდა. სასამართლო პროცესზე ბერეზოვსკიმ აღნიშნა, რომ აბრამოვიჩს საკუთარი შვილივით ენდობოდა.

შეთანხმების თანახმად, თანამესაკუთრეების თანხმობის გარეშე აქციების გაყიდვა აბრამოვიჩს არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, მან დაარღვია ეს პირობა და 2003 წელს აქციების პაკეტის ნახევარი რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკას მიჰყიდა. 

სასამართლო მოწმის სტატუსით დაკითხავს დერიპასკას, რომელთან ერთადაც 2000 წელს აბრამოვიჩმა ალუმინის მწარმოებელი კომპანია РУСАЛ-ი შექმნა. 90-იან წლებში დერიპასკას ბერეზოვსკისთან და პატარკაციშვილთან ურთიერთობა დაეძაბა. აბრამოვიჩის ჩვენებაში ნათქვამია, რომ ბიზნესმენები მას ვალებს არ უბრუნებდნენ და კონკურენტ კომპანიებს მფარველობდნენ.

აბრამოვიჩი უარყოფს კომპანიების წილებთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობას. მან სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ბიზნესის მფარველობისთვის ბერეზოვსკის ფულს წლების განმავლობაში უხდიდა, თუმცა მათ კონტრაქტი არასოდეს დაუდიათ. 

შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, ამიტომ სასამართლო პროცესზე მხარეების დაკითხვას გაორმაგებული მნიშვნელობა ენიჭება. საფეხბურთო კლუბ ჩელსის მფლობელ, 45 წლის მილიარდერ აბრამოვიჩს პირველად მოუწია საჯაროდ საკუთარი პერსონის შესახებ დეტალური განმარტებების მიცემა. 

რუსულ მედიაში ბერეზოვსკის, აბრამოვიჩისა და პატარკაციშვილის საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. ამის საფუძველზეც შესაძლებელია დადასტურდეს, რომ ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა OPT ვლადიმირ პუტინის ზეწოლით გაყიდეს – ასევე ის, რომ პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი Сибнефть-ის აქციონერები იყვნენ.

ბორის ელცინთან დაახლოებული ბერეზოვსკის „პოლიტიკური მფარველობა” აბრამოვიჩს ნავთობის ბიზნესში დასამკვიდრებლად სჭირდებოდა. 90-იან წლებში ციმბირში წარმოებულ ნავთობს ის დაბალ ფასად ყიდულობდა და უცხოეთში ყიდდა. 1994 წელს აბრამოვიჩმა კარიბის კუნძულებზე მოგზაურობისას ბერეზოვსკი გაიცნო და საკუთარი ბიზნესგეგმები გაუმხილა. იმ პერიოდში ბერეზოვსკი OPT-დან მოგებას ვეღარ იღებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ოცი წლით უმცროს აბრამოვიჩთან ერთად ჩართულიყო ნავთობის ბიზნესში. 

Сибнефть-ი აბრამოვიჩმა ბერეზოვსკის ორგანიზებულ ფიქტიურ აუქციონზე საწყის ფასად, ას მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. შეთანხმების მიხედვით, ბერეზოვსკის თქმით, კომპანიის თანამესაკუთრეები თვითონ და პატარკაციშვილი იყვნენ.

2005 წელს აბრამოვიჩმა Сибнефть-ი 13,7 მლრდ აშშ დოლარად Газпром-ს მიჰყიდა. 

ლონდონის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ პროცესზე, ოლიგარქები  საკუთარი კაპიტალის დაგროვების დანაშაულებრივ გზებზე საჯაროდ ჰყვებიან. ისინი სასამართლოს წინაშე გამოსვლებში აღნიშნავენ, რომ კორუფციული გარიგებები მთავრობასთან, გამოძალვა, მექრთამეობა, გაყალბებული არჩევნები – 90-იანი წლების რუსეთში ბიზნესის კეთების განუყოფელი ნაწილი იყო. აბრამოვიჩის ადვოკატმა პროცესზე განაცხადა, რომ მისი კლიენტი მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში, რადგან რუსეთში ბიზნესი ამის გარეშე არ კეთდებოდა. მან 90-იანი წლების რუსეთი შუა საუკუნეების ინგლისს შეადარა.

ბორის ბერეზოვსკიმ კაპიტალი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დააგროვა. მან 1989 წელს, ბადრი პატარკაციშვილთან ერთად, ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი სადილერო კომპანია – АвтоВАЗ-ი – დააარსა.

კრემლთან მოგვიანებით, 1993 წელს დაახლოვდა. ოლიგარქმა ბორის ელცინის ქალიშვილი გაიცნო და დაუმეგობრდა, შემდეგ კი პრეზიდენტის მემუარების გამოცემა დააფინანსა.

რუსული მედიით ბერეზოვსკი 1994 წელს დაინტერესდა, მან OPT-ს აქციები შეიძინა. ტელეკომპანიას ძირითადად ელცინის პროპაგანდისთვის იყენებდნენ.

ბერეზოვსკი  შვიდი ბანკირის გაერთიანების წევრი იყო. ე.წ. семибанкиршина მნიშვნელოვან როლს თამაშობდა 90-იანი წლების რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1996 წელს, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში ოლიგარქებმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, მიხაილ ფრიდმანმა, ვლადიმირ გუსინსკიმ, ვლადიმირ პოტანინმა, ალექსანდრ სმოლენსკიმ და ვლადიმირ ვინოგრადოვმა ბერეზოვსკის თაოსნობით ბორის ელცინის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ალიანსი ჩამოაყალიბეს. The Guardian-ის ცნობით, შვიდმა ბანკირმა ელცინის კამპანიისთვის 140 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაიღო.

პუტინს 90-იან წლებში დაუახლოვდა. რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მაშინ სანკტ-პეტერბურგის მერის მოადგილე იყო და ბერეზოვსკის ავტომობილების ბიზნესში ეხმარებოდა. 

ბერეზოვსკიმ 2000 წლის არჩევნებში პუტინის მხარდამჭერი კამპანიისთვის 50 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. ამასთან ერთად, საკუთარ ტელეკომპანიას პუტინის ოპონენტების – პრიმაკოვისა და ლუჟკოვის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა.

უთანხმოება მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა ოლიგარქმა საჯაროდ გააკრიტიკა პრეზიდენტის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, კრემლს არჩეული გუბერნატორების დათხოვნა შეეძლო. ბერეზოვსკიმ ახალარჩეულ პრეზიდენტს რუსეთში ავტორიტარიზმის დაბრუნების მცდელობაში დასდო ბრალი. ამის შემდეგ, OPT-ზე გავიდა სიუჟეტი კურსკის შესახებ, სადაც მომხდარზე პასუხისმგებლობას პუტინს აკისრებდნენ.

2000 წლის ოქტომბერში ბერეზოვსკიმ რუსეთი დატოვა. ის ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან წავიდა, აბრამოვიჩმა ერთ-ერთ შეხვედრაზე ტელეკომპანიის წილის გაყიდვა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეგობრის დაპატიმრებითა და OPT-ს აქციების ჩამორთმევით დაემუქრა.

რუსული მედიით გავრცელებული აბრამოვიჩის, პატარკაციშვილისა და ბერეზოვსკის საუბრის ჩანაწერი ერთადერთი ნივთიერი მტკიცებულებაა, რომელმაც შესაძლოა ოლიგარქების საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. მანამდე კი, კორუფციული გარიგებებით დაგროვებულ კაპიტალზე დავა გრძელდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები