რიშარ გალიანო

გალიანოს La Strada

0 კომენტარი

საქართველოში რომ რიშარ გალიანო ძალიან უყვართ, ისიც მოწმობს, რომ მსოფლიოს პირველი ჯაზაკორდეონისტი და საერთაშორისო ჯაზფესტივალების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარი, თბილისს წელს მეოთხედ ეწვია. გალიანომ ქართველ მსმენელს ამჯერად ნინო როტას კინომუსიკა ახალი ინტერპრეტაციით შესთავაზა. Tribute to Nino Rota რიშარ გალიანოს ბოლო ალბომია, რომლითაც მუსიკოსმა კვინტეტ La Strada-სთან ერთად ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის დაბადებიდან ასი წლის იუბილეს მიაგო პატივი. კლასიკად ქცეული მუსიკისთვის მეტი ინდივიდუალობის მისანიჭებლად და მისი სრულიად ახლებურად წაკითხვის მიზნით, გალიანომ საგანგებოდ მუსიკოსთა ინტერნაციონალური ჯგუფი შემოიკრიბა: ნორვეგიაში მცხოვრები ინგლისელი – საქსოფონისა და კლარნეტის უბადლო შემსრულებელი ჯონ სურმანი, ნიუ იორკში გადაბარგებული რუსი ბასისტი ბორის კოზლოვი და ორი უახლოესი ამერიკელი მეგობარი – პერკუსიონისტი კლარენს პენი და დეივ დაგლასი. La Strada იტალიურად „გზას” ნიშნავს და ფელინის ლეგენდარული ფილმის ორიგინალური სახელწოდებაა. ახლებურად აჟღერებულმა ნოსტალგიურმა მუსიკამ, ევროპელების მსგავსად, ვერც ქართველი მსმენელი დატოვა გულგრილი.

იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულ გალიანოს შემოქმედებაზე გავლენა ბევრმა ერთმანეთისგან განსხვავებულმა მუსიკოსმა იქონია. პირველ რიგში მამამ – ლუსიენ გალიანომ, თავადაც აკორდეონისტმა და მისმა პირველმა მასწავლებელმა. კლასიკური მუსიკა უმთავრესი გატაცებაა – განსაკუთრებით დებიუსი, შოპენი და ბახის პოლიფონიები უყვარს. თანამშრომლობდა ივ მონტანთან, ჟულიეტ გრეკოსთან და სხვა ცნობილ შანსონიეებთან. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუოზი ჯაზმუსიკოსია, კლასიკური ჯაზის შესრულება ნაკლებად მოსწონს. ამბობს, რომ მისთვის მშობლიური უფრო ედიტ პიაფის შანსონებია. 

თუმცა, თავისი დიდი მეგობრისა და მასწავლებლისგან – ასტორ პიაცოლასგან მაინც ყველაზე მეტადაა დავალებული. სამხრეთ საფრანგეთიდან ჩამოსული გალიანო და არგენტინელი ასტორ პიაცოლა ყველა ხელოვანისთვის საოცნებო ქალაქში – პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს. პარიზის ოლიმპიაში გამართული ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ არგენტინელმა მაესტრომ ახალგაზრდა მუსიკოსს საგრიმიოროში მიაკითხა წარმატებული გამოსვლის მისალოცად, მისი მენტორობა აიღო საკუთარ თავზე და გალიანოს მუსიკას ზედმეტად ამერიკული ჟღერადობა დაუწუნა. გალიანო ფრანგულ რეპერტუარსა და ე.წ. ვალს მუზეტს დაუბრუნდა და ამ პარიზულ, მონმარტრის კაფეებსა და ბისტროებში ყველაზე ხშირად გაჟღერებულ მუსიკას ახალი სიცოცხლე შესძინა. შემდგომში პიაცოლა მუდამ ამაყობდა იმით, რომ მისმა მოსწავლემ თანამედროვე ვალს მუზეტი – New Musette შექმნა და, ამასთან, ბანდონეონზე ნამდვილი არგენტინელივით შეეძლო დაკვრა.

ამ ორი მუსიკოსის მეგობრობა პიაცოლას სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. თავადაც იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულმა ასტორ პიაცოლამ, სხვა მრავალთან ერთად, რიშარ გალიანოს ისიც გაანდო, რომ მუსიკა ყველაზე ნამდვილი მაშინაა, როდესაც ის ოჯახურ გარემოსა და სიმყუდროვეში გაბრუნებს და ბავშვობის მოგონებებს აღგიძრავს. ამიტომ, დღემდე გალიანო მხოლოდ ბებიის ნაჩუქარ ძველისძველ აკორდეონზე უკრავს და მთელი გულით უფრთხილდება. რასაკვირველია, შეეძლო, თანამედროვე, უფრო დახვეწილი ინსტრუმენტი შეეძინა, მაგრამ ახალი ჟღერადობა ვერაფრით გადმოსცემს იმ განწყობას, რაც მისთვის ბავშვობისდროინდელი აკორდეონის გამოცემულ ბგერებს მოაქვს. 

ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება მისი ბოლო ალბომიც. პირველად ფელინის „გზა” ღრმა ბავშვობაში, მამასთან ერთად ნახა: „შვიდი-რვა წლის ვიქნებოდი, რომ ვუყურეთ. მახსოვს ფილმმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და დღესაც კი, სამოც წელს გადაცილებულ ასაკში, ამ კადრებს უემოციოდ ვერ ვიხსენებ”. ფედერიკო ფელინი მისი საყვარელი რეჟისორია, ნინო როტა კი გალიანოსთვის იმდენად მშობლიურია, რომ, როგორც კი ამ ლეგენდარული მუსიკოსის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ალბომის შექმნა შესთავაზეს, ამ წინადადებას დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა. თუმცა, პროგრამაში მხოლოდ ფელინის ფილმებისთვის დაწერილი მუსიკა არ შეუტანია: გალიანომ ახალ ალბომში როტას მიერ ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიისთვის” შექმნილი ვალსიც შეასრულა. მისი თქმით, ეს ნაწყვეტი, სახელად Love Theme, პროგრამის ყველაზე რომანტიკული ნაწარმოებია.

ამბობს, რომ სცენაზე დგომით, მაყურებლის წინაშე ყოველი გამოსვლისას, ბავშვობის ოცნებას ისრულებს. მისთვის მუსიკოსობა არასდროს ყოფილა პროფესია, ან სამსახური, მუსიკა მუდამ მისი უმთავრესი გატაცება იყო – თამაში, რომლის ხელახლა დაწყების სურვილიც არასდროს განელებია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები