მადლიერების დღე

კაპიტალიზმის მადლიერების დღე

Charles Dharapak | AP / sacbee.com

ყოველი ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს, ამერიკელი ხალხი მადლიერების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული, წლის განმავლობაში ღვთის მიერ მინიჭებული წყალობისთვის, მადლიერების გამოხატვის რელიგიური ტრადიციაა. ამერიკელები ღმერთს მადლობას ოჯახთან ერთად, საზეიმო სუფრაზე სწირავენ და დღის მთავარ სიმბოლოს - ინდაურს შეექცევიან. მიუხედავად რელიგიური ფესვებისა, დღესასწაულის აღნიშვნა  საყოველთაოა. მას ისინიც ზეიმობენ, ვინც წლიურ ხვავსა და ბარაქას, ღვთიურ ძალას არ მიაწერს.

დღესასწაული საფუძველს  ქრისტიანი პილიგრიმებისგან იღებს. ისინი ინგლისიდან ამერიკაში გადასახლდნენ და დღევანდელ მასაჩუსეტსის შტატში, პლიმუტში, 1621 წელს კოლონია დაარსეს. თავდაპირველად მათ წარუმატებლობა ხვდათ წილად. თუმცა, შემდეგ ცხოვრების დონის გაუმჯობესება შეძლეს და ამასთან დაკავშირებით ღვთისადმი მადლიერების დიდი ზეიმი მოაწყვეს. პირველმა დღესასწაულმა 3 დღეს გასტანა, მას 50 პილიგრიმი და 90 მკვიდრი ამერიკელი ესწრებოდა. სუფრაზე თევზს, მოლუსკებსა, ფრინველებს, მარცვლეულს, ხილს, ბოსტნეულსა და სიმინდს შეექცეოდნენ. ინგლისელი კოლონისტებში, მადლიერების ყოველწლიურად აღნიშვნა ტრადიციად იქცა.

390 წლის წინ, პლიმუტის კოლონიაში პილიგრიმთა ჯგუფის ჩასვლა, ახალ მიწაზე „ბიბლიური სამართლიანობის“ მიხედვით, სოციალური და პოლიტიკური მოდელის შექმნას ემსახურებოდა. ისინი პირველქრისტიანული ეკლესიის მსგავსად, პირად საკუთრებას უარყოფდნენ. ყოველი მოსახლე ვალდებული იყო  საკუთარი მოსავალი საერთო სიკეთისთვის გაეცა, კარლ მარქსის იდეის მსგავსად „თითოეულისგან უნარის მიხედვით, თითოეულს საჭიროების მიხედვით“. გუბერნატორი უილიამ ბრედფორდი და საბჭოს სხვა წევრები, ამგვარ ეკონომიკურ სისტემას ყველაზე სამართლიანად თვლიდნენ.

ძალიან მალე კომუნალურმა სტრატეგიამ კოლონია კატასტროფამდე მიიყვანა. ექსპერიმენტის პირველ წელს, კოლექტიურად მოპოვებული და განაწილებული საკვები არავის ეყო. მოსახლეობის თითქმის ნახევარი შიმშილით დაიხოცა. კომუნის ვერც ერთი წევრი ვერ იღებდა იმდენს, რამდენ შრომასაც მოსავლის მოყვანაში დებდა. შესაბამისად, ყველაზე შრომისმოყვარე წევრებსაც კი მალე უქრებოდათ  მოტივაცია გარჯილიყვნენ იმ საერთო სიკეთისთვის, რაც შემდეგ ყოველ მოსახლეზე თანაბრად განაწილდებოდა. რატომ უნდა შეასრულო საკუთარი მოვალეობა და შრომა გასწიო, როცა გვერდით სახლში მცხოვრებ მუქთახორას, საბოლოოდ იგივე შეხვდება? ანაც, რომელ ადამიანს მოუნდება სხვისი ცოლებისა და შვილების რჩენა? მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი რელიგიურად ანგაჟირებულ ქრისტიანულ დაჯგუფებას წარმოადგენდა, რომელმაც ოკეანე საერთო ქონების იდეის განსახორციელებლად გადმოლახა, მათ მალევე შრომას  ქურდობა არჩიეს. „იპარავდნენ დღე და ღამ, სანამ პროდუქტი არ იქცა დეფიციტურად“ - წერდა ბრედფორდი. ასე იქცა სიწმინდის კუნძულად ჩაფიქრებული კომუნა, კრიმინალის მთავარ კერად.

მოგვიანებით,  „დასახლებულებმა დაიწყეს სიმინდის ვერცხლზე მეტად დაფასება“ -წერდა გუბერნატორი უილიამ ბრედფორდი. მათ ექსპერიმენტის წარუმატებლობა აღიარეს და კერძო საკუთრების იდეას მიემხრნენ. გუბერნატორმა მოსახლეებს კერძო საკუთრების უფლება მისცა. თითოეულ პირსა და ოჯახს კოლონიაში მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაში გადაეცა და ნება დაერთო, მოყვანილი მოსავალი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გამოეყენებინა. ინდივიდუალური წარმოების დამკვიდრებამ, გასაოცარი შედეგები მოიტანა და ეკონომიკური თავისუფლების უპირატესობა ცხადყო.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კოლონიაში იმდენი საკვები გაჩნდა, ინგლისელმა პილიგრიმებმა მისი გაყიდვა სხვა დასახლებებში დაიწყეს. დიდი რაოდენობის საკვები პროდუქტებისა და ვაჭრობიდან შემოსული თანხის დახმარებით, კოლონიის მოსახლეობა იზრდებოდა და გეოგრაფიულად ფართოვდებოდა. ბუნებრივია, სიკვდილის ზღვარზე მისული კომუნის ამგვარი წარმატება, მადლიერებისა და ლხინის საბაბს იძლეოდა.

მოგვიანებით დღესასწაულის წარმოშობის ისტორია მულტიკულტურალისტური მითით გადასხვაფერდა. თითქოს პლიმუტის მკვიდრები, პირველ მძიმე ზამთარს გულისხმიერმა ამერიკის მკვიდრმა მოსახლეობამ (ე.წ ინდიელებმა) იხსნეს, რომლებმაც ისინი საწებლით შეკმაზული ინდოურებით გამოკვებეს. ხოლო შემდეგ, სიმინდის მოყვანა ასწავლეს. მოსავლის მოწევვამ პლიმუტელი პილიგირიმები სიკვდილისგან იხსნა, ხოლო მათ მადლობა ინდიელებს გადაუხადეს და არა ღმერთს.

კომენტარები