ახალი ზელანდია

მმართველ კოალიციაში არსებული ბზარი

პრემიერ-მინისტრს საარჩევნოდ თავსატეხი გაუჩნდა

26 ნოემბერს ახალ ზელანდიაში არჩევნებია დაგეგმილი. წინასწარი გამოკითხვებით, გამარჯვება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯონ კეის ნაციონალურ პარტიას დარჩება. თუმცა, მისთვის მთავარი გამოწვევა, არჩევნების შემდეგ, მთავრობის შესაქმნელად საჭირო მოლაპარაკებები იქნება. ამაზე დღევანდელი სამთავრობო კოალიციის წევრ პოლიტიკურ გაერთიანებებში არსებული უთანხმოებები და განხეთქილებებიც მიანიშნებს.

ამჟამინდელი მთავრობა 2008 წელს დაკომპლექტდა. 45%-იანი მხარდაჭერით, ნაციონალურმა პარტიამ ლეიბორისტები დაამარცხა (34%) და მისი ცხრაწლიანი დომინანტობა დაასრულა. ჯონ კეიმ ACT-ს, მაორისა (Maori) და გაერთიანებული მომავლის (United Future) პარტიებთან მიღწეული შეთანხმებით მთავრობა ჩამოაყალიბა. ეს მათ გარკვეული იდეოლოგიური მსგავსებით შეძლეს. 

კონსერვატიული, ნაციონალური პარტია გადასახადების, სახელმწიფო დანახარჯების შემცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ქომაგია. მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი ACT-ც იზიარებს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, მოითხოვს სამთავრობო ვალის მკაცრ კონტროლს და აქცენტს აკეთებს უმცირესობათა პრობლემებზე. ევროპელთა შთამომავლებით (77%) სავსე ახალ ზელანდიაში აზიელები (10%) და მაორები (15%) უმცირესობას წარმოადგენენ. ამ უკანასკნელთა ინტერესების დამცველად მაორის პარტია ითვლება. ეს გაერთიანება, უმცირესობებისთვის თანაბარი პირობების შექმნასთან ერთად, გადასახადების შემცირებასაც ემხრობა. კოალიციის მესამე პარტნიორი, პიტერ დუნის გაერთიანებული მომავლის პარტია ცენტრისტული ძალაა. ის, ბიზნესის განვითარების მიზნით, ამ სექტორისთვის საგადასახადო განაკვეთის შემცირებას უჭერს მხარს. საერთო ჯამში, 122-ადგილიან პარლამენტში მათ 69 მანდატი მოიპოვეს. ოპოზიციაში აღმოჩნდნენ ლეიბორისტები, მწვანეები და პროგრესული პარტია (Progressive). 

კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობას ქვეყანაში არსებული შერეული პროპორციული სისტემა განაპირობებს. საქართველოში მოქმედი პარალელური სისტემა პროპორციულ და მაჟორიტარულ შედეგებს აჯამებს. ახალი ზელანდიის შემთხვევაში კი, პარტიის მიერ სიით მიღებულ მანდატებს მაჟორიტარულ არჩევნებში ამავე პოლიტიკური გაერთიანების მიერ მიღებული ადგილების რიცხვი აკლდება. ეს ერთი რომელიმე პარტიის აბსოლუტური უმრავლესობით გამარჯვების შანსებს გამორიცხავს. წელს ქვეყანაში აღნიშნული საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდება. მოსახლეობა შერეული პროპორციული სისტემის ბედს გადაწყვეტს.

დღეისთვის კი კოალიციის წევრ პარტიებს პრობლემები დაუგროვდათ. ACT-მ დაცემული რეიტინგის გამოსასწორებლად პარტიის ლიდერად ყოფილი ბანკირი, დონ ბრაში დანიშნა. იგი 2003-2006 წლებში ნაციონალურ პარტიას ხელმძღვანელობდა. მისი ძალისხმევით პოლიტიკურმა გაერთიანებამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. თუმცა, პოლიტიკური სკანდალების გამო, 2007 წელს გადადგა და ეკონომიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი. ოპონენტები მას ხშირად აკრიტიკებენ უკიდურესად მემარჯვენე მიდგომების გამო: ბრაში კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეის საწინააღმდეგოდ, დანახარჯების შემცირებას და საჯარო სექტორის შეკვეცას მოითხოვს. პიტერ დუნის მტკიცებით, იგი ACT-სთან ერთად ქვეყნის მთავრობასაც უკიდურესად მემარჯვენე მიმართულებით წაიყვანს.

ბრაშის პოლიტიკაში დაბრუნებას სიხარულით არც მაორის პარტია შეხვდა. ACT-ის ახალმა ლიდერმა 2004 წლის გამოსვლისას მაორების მიმართ შეღავათების დაწესების პოლიტიკა დაგმო. შედეგად, იგი რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ორი პარტიის ურთიერთობაზე. გარდა ამისა, მაორის პარტიაში განხეთქილებაა. ერთი ნაწილი პარტიას, მაორების უფლებების უგულებელყოფის ფასად, მთავრობასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ამ ბრალდებით, მათმა ყოფილმა პარლამენტარმა პოლიტიკური გაერთიანება დატოვა და ახალი, მანას პარტიის შექმნა გადაწყვიტა.

ლეიბორისტები კოალიციაში გაჩენილი ბზარის გამოყენებას ცდილობენ. მათი მტკიცებით, კეი-ბრაშის კოალიცია ქვეყნის მოსახლეობას უკიდურეს სიღარიბემდე მიიყვანს. ამას კი ისინი შემდეგი პოლიტიკური დღის წესრიგით მოახერხებენ: განათლებაზე, ჯანდაცვასა და პენსიებზე გაღებული ხარჯებისა და მინიმალური სახელფასო განაკვეთის შემცირება. 

ახალი ზელანდია ეკონომიკური განვითარებით რეგიონში გამოირჩევა. ქვეყანაში მშპ (2010 წელს) 138 მილიარდი დოლარია. მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, 2010 წელს მისმა ეკონომიკამ 2,1%-ით იმატა. 2013 წლისთვის კი 4%-იან ზრდას ელოდებიან. ზელანდიისთვის კიდევ ერთი გამოწვევა თებერვალში მომხდარი მიწისძვრა იყო. თუმცა, დანახარჯებისადმი ხისტი პოლიტიკით, მთავრობამ დეფიციტის შეკვეცა მოახერხა. 2015 წლისთვის კი 1,3 მილიარდი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო პროფიციტს წინასწარმეტყველებენ. სახელმწიფოს თავისუფალი ეკონომიკური ინდექსი, Heritage Foundation-ის 2011 წლის მონაცემების მიხედვით, 82,3-ია, რითაც  მსოფლიოში – ჰონგკონგის, სინგაპურისა და ავსტრალიის შემდეგ – მეოთხე ადგილს იკავებს. ამით იგი რეგიონის საშუალო მაჩვენებელს – 57,4 ქულა – მკვეთრად აღემატება. 2010 წელს გაერომ ადამიანური განვითარების (Human Development Index) ინდექსით, ახალ ზელანდიას „ყველაზე განვითარებულ” ქვეყნებს შორის მესამე ადგილი მიანიჭა. 

ქვეყნის წარმატება 1980-90-იან წლებში გატარებული ეკონომიკური რეფორმების დამსახურებაა. მან ეკონომიკაში პროტექციონისტური პოლიტიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპებით ჩაანაცვლა, ბარიერების მოხსნით კი საგარეო ინვესტიციები მიიზიდა. სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი სუბსიდიების შეკვეცის პარალელურად, სახელმწიფომ ახალი ტექნოლოგიები ინდუსტრიულ სექტორში დანერგა. მთავრობამ შეწყვიტა საპროცენტო განაკვეთების, ხელფასებისა და ფასების კონტროლის პრაქტიკა. ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრა კი მკაცრი მონეტარული პოლიტიკით მოხერხდა. პარალელურად, ექსპორტზე ორიენტირებულმა ეკონომიკამ საზღვარგარეთ გატანილი საქონლის დივერსიფიკაციაზეც იზრუნა. 

დღეს ახალი ზელანდიის წამყვანი დარგებია – მომსახურება, ტურიზმი, მრეწველობა. მათ განვითარებას დაბალი სატარიფო განაკვეთი, კომერციული ოპერაციებისა და ინვესტიციების  განხორციელების სიმარტივე, კორუფციის არარსებობა და საკუთრების უფლების დაცვა უწყობს ხელს. ქვეყანას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს ავსტრალიასთან, აშშ-სა და იაპონიასთან. იგი პირველი დასავლური ქვეყანაა, რომელმაც 2008 წელს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთთან. სახელმწიფო წყნარი ოკეანის აუზში აქტიური პოლიტიკითაც გამოირჩევა. ახალი ზელანდიის სამხედრო შენაერთებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთ ტიმორისა (1999 წელი) და სოლომონის კუნძულებზე (2003 წელი) ძალადობის ჩახშობაში. ქვეყანას ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს. 

კომენტარები