ჯანმრთელობა

ახალი პრეპარატები C ჰეპატიტის წინააღმდეგ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 3%-ს (დაახლოებით 170 მილიონი ადამიანი) ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს, ყოველწლიურად კი ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდება. მართალია, C  ჰეპატიტს C ჰეპატიტის ვირუსი იწვევს, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რომელიც დაავადებისაგან დაგვიცავს. ხშირად დაავადებას სიმპტომები საერთოდ არ აქვს ან არასპეციფიკური ნიშნები ახასიათებს: სისუსტე, მადისა და წონის კლება, სახსრების ტკივილი, გულისრევა, გრიპის ნიშნები (სიცხე, თავის ტკივილი, ოფლიანობა). დაავადება ფარულად მიმდინარეობს, რაც მისი ამოცნობისა და მკურნალობის დროულად დაწყების შანსს ამცირებს. 

C ჰეპატიტი ხელის ჩამორთმევითა და ჰაერწვეთოვანი გზით (საუბრისას, ცემინებისას, ხველებისას) არ გადადის. ვირუსით ინფიცირება უმეტესად სისხლით ხდება – სისხლის სისხლთან უშუალო შეხებით ან იმ მჭრელი ნივთების საშუალებით, რომელზეც მანამდე ინფიცირებულის სისხლი მოხვდა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად ინტრავენური ნარკომომხმარებლები ინფიცირდებიან, თუ ისინი საერთო ნემსს იყენებენ. ნარკოტიკის მომხმარებელთა დაახლოებით 40%-ს კი C ჰეპატიტი აქვს. ინტრავენური C ჰეპატიტის მატარებელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს ინფიცირების შანსი 3-5%-ია. ინფიცირების რისკი არსებობს: ტატუირების, პირსინგის, მანიკიურის, სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებისას. პრევენციის ერთადერთი საშუალება სანიტარული ნორმების დაცვაა. 

თუ C ჰეპატიტით დაავადებულთან გქონიათ კონტაქტი, ერთადერთი გზა იმის გასარკვევად, დაავადება გაქვთ თუ არა, C ჰეპატიტის ტესტია. დადასტურების შემთხვევაში, მკურნალობა მედიკამენტებით მიმდინარეობს. ეს ხანგრძლივი პროცესია. ყველაფერი დაავადების აღმოჩენის დროულობასა და გენოტიპზეა დამოკიდებული. მკურნალობას ზოგი კარგად, ზოგიც კი რთულად ექვემდებარება. შესაბამისად, ჰეპატოლოგები არაკომბინირებულ ან კომბინირებულ მედიკამენტოზურ თერაპიას ნიშნავენ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში დაავადების გამოვლინებამ მოიმატა, შესაბამისად, სტატისტიკაც გაიზარდა. C ჰეპატიტი ყოველწლიურად დაახლოებით 2 ათას ადამიანს უდასტურდება. ჰეპატოლოგის, პროფესორ ლალი შარვაძის თქმით, დღესდღეობით მკურნალობა ორი პრეპარატით მიმდინარეობს. მკურნალობა ძვირი ჯდება. ერთთვიანი კურსი 2 ათასი ლარი ღირს. რთულად სამკურნალო გენოტიპის მედიკამენტოზური მკურნალობა კი თვეობით გრძელდება. მკურნალობის თანხას ყველა პაციენტი თავად იხდის ან სადაზღვევო კომპანია უნაზღაურებს. ორმაგი თერაპიით განკურნების შანსი დაახლოებით 40%-ია. 

4-8 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში ჰეპატოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჰეპატოლოგებმა C ჰეპატიტის სამკურნალოდ ახალი თაობის მედიკამენტები – Boceprevir-ი და Telaprevir-ი წარმოადგინეს. კონფერენციას ქართველი მედიკოსებიც დაესწრნენ. კლინიკურ კვლევებში ამ პრეპარატების გამოყენებამ დადებითი შედეგი აჩვენა. ახალი პრეპარატი ამერიკის წამლის სააგენტომ მაისში დაამტკიცა. ლალი შარვაძის თქმით, პრეპარატი ძვირადღირებულია, მაგრამ მკურნალობის კურსში ამ პრეპარატების დამატება C ჰეპატიტის განკურნების შანსს 40-დან 70%-მდე ზრდის. რთული გენოტიპის სამკურნალო ახალი პრეპარატები საქართველოში ჯერ არ შემოსულა. ამერიკასა და ევროპაში კი პაციენტების მკურნალობა სამმაგი თერაპიით უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 

კომენტარები