მუსიკა

გაურკვეველი წარმომავლობის მუსიკა

როცა მუსიკა გაურკვეველი წარმომავლობისაა, ზიგმარ პოლკე ერთ გამოსავალს გვთავაზობს: კარების დახშობას და ოთახში არშესვლას. ოღონდ, ამ რჩევას ოდნავ მოგვიანებით ვიღებთ, მაშინ, როდესაც კარის ზღურბლს უკვე გადავაბიჯეთ. გამოსავალი აღარაა, უფრო სწორად, კვლავ ერთია – გავაგრძელოთ ამ უჩვეულო გამოფენის თვალიერება, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი ეროვნულ მუზეუმთან ერთად, ისტორიის მუზეუმის გალერეაში გვთავაზობს.

ყველაზე უჩვეულო ამ გამოფენაზე გამეფებული ატმოსფეროა. შევდივართ და თავს ბორის ვიანის პატაფიზიკურ სამყაროში მოხვედრილად ვგრძნობთ, სადაც არაფერია ლოგიკური, განსაკუთრებით კი სურათებსა და მათ სათაურებს შორის კავშირი. მაგალითად, როდესაც ავტორი გვიყვება, თითქოს 60-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, 30 მილიარდი მარკა შესვლიათ სალაროში, თუმცა „ინოვაციური პრიორიტეტებისა და ერთეული სისტემების” გარდა ბევრი არაფერი შექმნილა, სურათზე გვხვდება ვიოლინომომარჯვებული კატა და ბიჭი ჩოგნით. თუმცა, გასაკვირი არაფერია. „რაც შეეხება სურათებს, მათ მხოლოდ რეცეპტორული ორგანო გააჩნიათ და არა პროდუქტიული. ისეთი რთული საქმისთვის, როგორიც ისტორიის დასურათებით მოყოლაა, მათი ტვინი სათანადოდ მარტივად არ გახლავთ აღჭურვილი”-ო – ამბობს პოლკე და ამით წინასწარ გვახვედრებს, რომ ნაპოლეონის კორონაციის ან რაიმე ისტორიული პროცესების პირდაპირ ამსახველ სურათებს აქ ნაკლებად შევხვდებით.

სამაგიეროდ, პოლკეს ნახატების თვალიერებისას პრაქტიკულ რჩევებს მივიღებთ. მაგალითად, იცოდით, რომ კოჭებამდე ფეხსაცმელის ჩაცმა შესაძლებელია სადილის კოვზის დახმარებითაც, თუ სპეციალური მაშველი არ გაგაჩნიათ? ან ყვავილების ლარნაკში წყალი არ ამყრალდება, თუ შიგ ქვანახშირს ჩავაგდებთ? დამლაშებული კერძები საჭმელად ისევ ვარგისი გახდება, თუ ხალიჩის ქვეშ გაზეთებს გავფენთ. ხალიჩები კი... ხალიჩები ახლებურ ელფერს იძენენ, თუ მათ მჟავე კომბოსტოთი გავხეხავთ.

მოკლედ, ამაზე რომ რიგიანად დაწერო, სულ ცოტა, ბორის ვიანი უნდა იყო. ამ შემთხვევაშიც კი, უმრავლესობისთვის გასაგები ტექსტის იმედი ბოლომდე არ უნდა გქონდეს. ამის მიზეზი თავად შემოქმედშია. ზიგმარ პოლკე ის არტისტია, რომელსაც გერმანელებიდან ალბათ ყველაზე მეტად უყვარს იდეებით და გამოსახულებებით თამაში და ინტერპრეტაციის ძალიან ფართო საშუალებას გვაძლევს. კიჩისა და კლიშეების, წერტილებისა და ორიგინალური სტილის წყალობით ის აბსტრაქტულ რეალობას ირონიული ელფერით წარმოგვიდგენს. პოლკე მუდამ ტრადიციული მხატვრობის ალტერნატივების ძიებაშია, რაც მის ნახატებს პოპარტისეულ ხიბლს სძენს. ათასგვარ ფორმატთან, ფერებსა და მასალებთან ექსპერიმენტულმა დამოკიდებულებამ კი ზიგმარ პოლკე თანამედროვე მხატვრობის ალქიმიკოსად აქცია. ხანდახან მას ხელოვნების დონ კიხოტსაც უწოდებენ, რომელსაც ტრადიციულ მეთოდებზე დამოკიდებული მხატვრობის დამარცხება განუზრახავს. ეს არასწორი შედარებაა, რადგან პოლკეს შემოქმედება გამომგონებლობისა და ინოვაციის წარმატებული მაგალითია. მისი ნახატები იშვიათად არის დასრულებული. ისინი ცოცხალივითაა – მათზე ფერებიც კი იცვლება, გააჩნია ხელოვნების ნიმუშს რომელი კუთხიდან შევხედავთ.

ზიგმარ პოლკე გერმანიაში, ქვემო სილეზიაში 1941 წელს დაიბადა და გასული წლის ივნისში გარდაიცვალა. 60-იანების დასაწყისში გერჰარდ რიხტერთან ერთად მხატვრობაში კაპიტალისტური რეალიზმის მიმდინარეობა ჩამოაყალიბა. გატაცებული იყო ძერწვითა და ფოტოგრაფიით. მიღებული აქვს ბევრი პრესტიჟული ჯილდო ხელოვნების სფეროში. თბილისის ისტორიის მუზეუმში ამჯერად 1996 წელს სპეციალურად IFA-სთვის შექმნილი პოლკეს ორმოცი გუაშია გამოფენილი.

გამოფენა „გაურკვეველი წარმომავლობის მუსიკა” ქარვასლის შენობაში 16 ნოემბერს გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

კომენტარები