ფეხბურთი

აბრამოვიჩი და მარკერი

0 კომენტარი

რომან აბრამოვიჩმა ჩუკოტკა შეცვალა. რომანმა ფეხბურთის სატრანსფერო წესებიც შეცვალა. ახალ, საჭირო ტიპში იხდის იმდენს, რამდენსაც გაწვდება და ძირითადად, აბრამოვიჩზე მეტს ვერავინ იხდის. რომანს ხელზე სულ სხვაზე მეტი ქეში აქვს. აბრამოვიჩი ლონდონშიც აბრამოვიჩია. ჩუკოტკაზეც, სან დიეგოშიც. რომანს მალე ჩელსის მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში მიადგება. ჯერ მოიკითხავს, ოქროს თასიდან შავ ხიზილალას მიირთმევს და რომანს კიდევ ერთ სიას მისცემს. აბრამოვიჩმა მოურინიო ჯუნიორის ახალი სასურველი ბიჭები უნდა ნახოს. ან, არც ნახოს და უბრალოდ, საბანკო ანგარიში გახსნას. ჩელსის რომანის მილიონები იანვარში უნდა. იანვარში სატრანსფერო ამბები ცოტა ხნით იხსნება.

რომანი უყურებს სიას. გენკის 20 წლის უნივერსალი კევინ დე ბრიუინი. კარგი ბიჭია, დგას ყველგან, სადაც აყენებენ და სტემფორდ ბრიჯზე ზედმეტი არ იქნება. უკვე ჩემპიონთა ლიგაში სირბილის აზრზეა და გენკის მენეჯერი, მარიო ბინი მხოლოდ 15 მილიონს ითხოვს. რომანმა წითელი მარკერით დე ბრიუინი შემოხაზა. იქნება.

მერე გარი კეჰილი მოდის. ეს ტიპი ყველას უნდა. იანვარში ბარსელონაც ვიღაცების ყიდვას აპირებს და კეჰილი გვარდიოლას სასურველთა სიაშიცაა. უფრო ჩელსი აქტიურობს და თუ რომანი მწვანეს აანთებს, ბარსელონა სხვაზე გადავა. გვარდიოლას ყველა ერთად არ უნდა. მილიონებით აშენებული საფეხბურთო ჰარამხანა სტემფორდზეა. ბარსელონაში უფრო მშვიდი სიტუაციაა. 25 წლის კეჰილი ბოლტონში დაცვას კრავს, ბოლტონი ბოლტონია და აბრამოვიჩი ჯერ ფიქრობს.

გვარდიოლამ კრისტიან ერიქსონი ნახა. დანიელია. აიაქსშია. ცუდი არ არის. გვარდიოლამ ძველი დანიელები, მიქაელი და ბრაიანი იცის. ლაუდრუპები ბურთთან ძმაკაცობდნენ. ერიქსონი ჯერ მორიდებული ბიჭია. ბარსელონაში რიდი მხოლოდ უფროსებთან საუბრის დროს მოსულა. ფეხბურთში რიდი ტემპს გიგდებს. იტალიელები სხვის ტემპს კლავენ. ბარსელონა ტემპს გიმალავს. ერიქსონთან ერთად, გვარდიოლას გარეთ ბეილიც უნდა. ბეილი ყველას უნდა.

აბრამოვიჩსაც. ჩელსიმ ერთხელ მიუმესიჯა ბეილს, ჩვენთან ტოტენჰემზე ბევრ მილიონს მოგცემთ და თან, მისტერ რომანის იახტაზე ორი წუთით აგიშვებთო. ბეილს იახტაზე ასვლა რვა წუთით უნდოდა და კონტრაქტი ამან ვერ გამოიყვანა. ბეილი უელსში უკვე იან რაშია. მალე რაიან გიგზის იარლიყს მოიპარავს და შორტზე ჩამოიკიდებს. ბეილი სერიოზული ტიპია. და სერიოზული თანხით არის შეფასებული. ბარსელონას პრეზიდენტს, სანდრო როსელს მიწერეს, გარეთში 45 მილიონი ევრო გვინდაო. ბარსა ამ თანხას დეკადაში ერთხელ, მარტო იბრაჰიმოვიჩში იხდის. ბეილი შვედამდე ვერ მიდის.

აბრამოვიჩს ჯორჯ მაიკლის საღამოზე ეჩქარება. სიაში მერე ვინც წერია, ვერ იცნო და ვილაშ-ბოაშს როჯერ მურივით, წარბით დაუსვა კითხვა, და ეს ვინ არისო. სიაში იოვეტიჩი წერია. სტეფან იოვეტიჩი. ფიორენტინაში თითქმის ბატისტუტაა. მონტენეგროში პატივს სცემენ. უყვარს სწრაფი მანქანები, რომანების კითხვა და იახტები. აბრამოვიჩი ვერ მიხვდა, ვილაშ-ბოაშის სიაში ვინ ეწერა, იოვეტიჩი თუ აბრამოვიჩი. ჩელსიში სწრაფი მანქანები და იახტები მარტო რომანს უყვარს. რომანს რომანები ღლის და იოვეტიჩმაც დაღალა. მერე, სხვა დროს იყოს. ნეიმარზე რუსს გაეცინა. მაგარია, თუ ჯონ ტერი სიბერეში არ ილოთებს და კარგი ბიჭი გახდება, კაპიტანს ნეიმარს ვუყიდი და თავს დამანებებს, ფიქრობს რომანი. თან პერანგზე ზედა ღილს იხსნის. დაცხა.

ნეიმარი გვარდიოლასაც უნდა. სერიოზულად უნდა. ნეიმარი რეალშიც მიდის, სხვა საინტერესო ექსკურსიებზეც უძახიან და გვარდიოლას გუნდი უფრო ფავორიტია, ვიდრე რეალი. ან აბრამოვიჩი. მოურინიომ ნეიმარის აგენტს Facebook-ზე მისწერა, თუ ჩვენთან წამოვა, რესპექტაბელური ვარცხნილობა უნდა დაიბრუნოს, აი, როგორც იულ ბრინერს ჰქონდაო. ბარსელონამ ნეიმარს უკეთესი პირობები გაუგზავნა – ნაკლებს გადაუხდიან, მაგრამ კონტრაქტის ბოლო პუნქტში წერია, იროკეზი დაიტოვე და მშვიდად ისწავლე კატალონიური. ნეიმარის დღევანდელი კლუბის, სანტოსის ბოსმა ლუის ალვარო რიბეირომ ეს ამბავი მოიწონა, მაწყობსო.

ბარსელონას ერთი კარგი ბიჭი ჰყავს. სერხი რობერტო. აბრამოვიჩმა გრაფაში „კლუბი” ბარსელონა წაიკითხა. მოთამაშე აღარ აინტერესებს. თუ ის ბარსელონაშია, უნდა წამოვიყვანოთ, ჩელსისთვის ბონუსი იქნება. თან, ვილაშ-ბოაში უყვება, რომ გვარდიოლას ორიოლ რომეუც ჰყავს და ამდენი ახალი მესი ერთ გუნდში ზედმეტია. რომანმა ვერაფერი გაიგო, მაგრამ მაინც მოეწონა აზრი. სერხი რობერტოც დამარკერებულია. 19 წლის ნახევარმცველში რამდენიმე მილიონი ევროს გადახდა მოსულა. ვილაშ-ბოაშმა თან ჩაარტყა, თუ მაგათ დავიდ ლუიზს მივცემთ, ამ ბიჭში ნაკლებს მოგვთხოვენო. ლუიზიც სანდო ელემენტია, მაგრამ ვილაშ-ბოაშს ბარსელონას ყვავის ტუზი უფრო მოსწონს. სერხი რობერტო, The Ace of Spades. აბრამოვიჩი უკვე გადის, მძღოლმა ტვინი წაიღო. ვილაშ-ბოაშმაც.

აბრამოვიჩს უკვე ჯორჯის საღამოზე პორტუგალიელის ტექსტური შეტყობინება მიუვიდა – ბოს, ერთი კარგი ამერიკელი ვნახე. 21 წლის, დადის სათევზაოდ, იახტაზე მხოლოდ სამი წუთით გაჩერდება და თან, კალიფორნიაში უკვე კალიფორნიის გუბერნატორზე პოპულარულია. რომანმა დიდი YES დააბრუნა. ვილაშ-ბოაში დამშვიდდა. იანვარში რომანი ბევრ მილიონს აძლევს. სტემფორდზე რამდენიმე პრეზენტაცია იქნება.

ბარსელონაში პაკო ალკასერი გაახსენდათ. ვალენსიაში და მთელ ესპანეთში 18 წლის ბიჭს, ძალიან კარგ ფორვარდს იცნობენ, უსმენენ, ეფერებიან. ორი წლის წინ, ესპანეთის ჩვიდმეტწლამდელებში 13 ტესტში 15 გოლი აკრიფა და პირველი სვირინგიც მიირტყა. ცოტა ბრექია, მაგრამ გვარდიოლა ამას გამოასწორებს. გვარდიოლა ყველაფერს აგვარებს. ბარსელონა ყველაფერს მოაგვარებს.

აბრამოვიჩი ჯორჯ მაიკლთან გაერთო. ახალი ამბები კიდევ მისდის. ამბობენ, რომ არსენ ვენგერს მთელი დორტმუნდის ყიდვა უნდა. გვარებიც ჩამოთვალეს – გიოტცე, გროსკროიცი, კიდევ ერთი ვიღაც ახსენეს. რომანს გაეცინა.

და წითელი მარკერით კიდევ ერთი კაცი შემოხაზა. თუ ვილაშ-ბოაში წელს ცოტას მოიგებს, ის ტიპი თავისი გროსკროიცებით რომანთან ავა. აბრამოვიჩმა არსენ ვენგერი შემოხაზა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები