ილია მეორე

პატრიარქის „გაუგებრობა”

0 კომენტარი

წინა კვირას, კათოლიკოსი ილია მეორე, რუსეთის პატრიარქ კირილის 65-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, მოსკოვს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქართველი პირველიერარქი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად, პრეზიდენტ მედვედევსაც შეხვდა. რუსეთში მართლმადიდებელი პირველიერარქის ვიზიტმა, კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა: რა პოლიტიკური ორიენტაცია აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას?

საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკური კურსი დასავლურია. ეკლესიის წიაღში კი საპირისპირო – ანტიდასავლური და რუსოფილური ტენდენცია მძლავრობს. ამის დასტური უამრავი ქსენოფობიური და შეუწყნარებელი ქადაგებაა. დასავლეთისა და დასავლური ფასეულობების მიუღებლობა, კვლავ ერთმორწმუნეობის მითზე ფუძნდება:

„თბილი და მეგობრული ურთიერთობები ყოველთვის აკავშირებდნენ მართლმადიდებელ რუსებსა და მართლმადიდებელ ქართველებს. ჩვენ ვლოცულობთ და ვშრომობთ, რათა ეს სიყვარული კვლავ დაბრუნდეს”, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა ილია მეორესთან შეხვედრისას.

რუსეთის ეკლესიის მეთაურის სიტყვების გაზიარება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც წარსული არ ახსოვს და დღევანდელობას მოწყვეტილია. ერთმორწმუნეობაზე დაყრდნობილმა საგარეო პოლიტიკამ თავის დროზე ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი – ხოლო ქართულ ეკლესიას, ავტოკეფალია დააკარგვინა. მაშინაც და დღესაც, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოსთან შეზრდილი და მისი ინტერესების განხორციელების მექანიზმი იყო. ეს ფაქტი ცოტა ხნის წინ კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში: როგორც WikiLeaks-ი გვამცნობს, რუსეთის სასულიერო იერარქიის მეორე პირმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა ამერიკის ელჩს, ჯონ ბეირლის განუცხადა, რომ თავისი ეკლესიის მთავარ როლს მოქმედი ხელისუფლების პროპაგანდაში ხედავს. ამის კიდევ ერთი დადასტურება ილია მეორის ვიზიტის დროს ვიხილეთ: რუსეთის ეკლესიის სამუშაო ადგილი კვლავ კრემლი ხდება, სადაც პატრიარქ კირილს ფართი გამოუყვეს. ეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ერთობის – ბიზანტიური „სიმფონიის” – სიმბოლური დემონსტრირებაა.

„ჩვენ – პატრიარქებმა და ეკლესიებმა – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს. ის კონფლიქტები, რომელთაც ჩვენს სახელმწიფოებს შორის ჰქონდა ადგილი, ღია ჭრილობებად რჩება. ისინი უნდა მოშუშდეს. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას”, – აცხადებს ილია მეორე. პატრიარქს არაერთხელ უთქვამს და კვლავ გაიმეორა, რომ ქვეყნებს შორის გაჩენილი ურთიერთობის დეფიციტი ეკლესიებმა უნდა შეავსონ.

ზოგადად, სახალხო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სახალხო დიპლომატიის ნაწილია ეკლესიის დიპლომატიური მოქმედებებიც. თუმცა, ამას პერსპექტივა დემოკრატიულ ქვეყნებში აქვს, სადაც ხელისუფლების წყარო ხალხია და მთავრობა მის წინაშეა ანგარიშვალდებული. რუსეთის შემთხვევაში, საქმე გვაქვს არადემოკრატიულ, ავტორიტარული ტიპის რეჟიმთან, სადაც საზოგადოებას არ აქვს საშუალება, ზეგავლენა მოახდინოს არსებულ ხელისუფლებაზე და პოლიტიკურ პროცესებზე. შესაბამისად, არც ამ ქვეყნის პატრიარქი წარმოადგენს საზოგადოებრივ დაწესებულებას. მასთან ლაპარაკი არ განსხვავდება რუსული სახელმწიფოს ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელთან ურთიერთობისგან.

სასურველია, ქვეყანა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ერთი პირით საუბრობდეს, რადგან „ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა”. ლუკა 11;17.

სახარებისეულ სიბრძნეს ვერ შევხვდებით ფრაზაში, რომელიც ილია მეორემ მოსკოვში წარმოთქვა: „ის გაუგებრობა, რომელსაც ჩვენს სახელმწიფოებს შორის ჰქონდა ადგილი, მოგვარებადია”. პატრიარქი სიტყვა “გაუგებრობით” ახასიათებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდას, ტერორისტულ აქტებს, ეკონომიკურ ემბარგოს, ქართველების დეპორტაციას და ნახევარ მილიონ დევნილს.

პატრიარქის ლექსიკონში ყოველივე ამის „გაუგებრობად” დამკვიდრება ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას სწორედ ჩრდილოელი მეზობლის ვერსიით ხედავს. თუ გავიხსენებთ კიევში, კირილთან წინა შეხვედრის დროს პატრიარქის გამოთქმულ მოსაზრებას, სურათი უფრო ნათელი გახდება: „ჩვენ ახლობელი მართლმადიდებელი ხალხი ვართ და ეს ურთიერთობა ჩვენი მტრების მოშურნეობით შეიქმნა”. მაშინ პატრიარქმა პასუხისმგებლობა არც რუსეთსა და არც საქართველოს – არამედ მის მიერვე არაერთხელ დაგმობილ „მატერიალისტ” დასავლეთს დააკისრა. ომისა და მშვიდობის მისეული ხედვა, კრემლის ოფიციალურ ვერსიას დაემთხვა.

როგორც ამ ვიზიტმაც აჩვენა, საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის გარეთ საკუთარ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. საეკლესიო დიპლომატიის რესურსებით საპატრიარქო ქვეყნის შიგნით საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამყარებას ცდილობს. გარდა ამისა, რუსეთის მიმართ დამშოშმინებელი და შემრიგებლური კურსი არც ეკლესიის ობიექტურ ინტერესებს ემსახურება: საქართველოს ეკლესია ვერ ახერხებს ორ უძველეს ეპარქიაში შესვლას – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე აკრძალულია ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა, ეთნიკურად ქართველ სასულიერო პირებს კი დევნიან. ეპარქიებს არაოფიციალურად მართავს რუსეთის ეკლესია, რომელიც ადგილობრივ სქიზმატურ ეკლესიას სასულიერო პირებს უკურთხებს. შენდება ტაძრები, სადაც რუსი მღვდლები რუსულად წირავენ. არაკანონიკურ მოქმედებებს საპატრიარქო უმოქმედობით პასუხობს. შესაბამისად, ეს ვიზიტი არც უშუალოდ ეკლესიის ინტერესებს შეესაბამება:

წელს, ერთ ტაძართან დაკავშირებული უთანხმოების გამო, იერუსალიმის საპატრიარქომ რუმინეთის ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. პატრიარქმა თეოფილემ ვერ აიტანა მის იურისდიქციაში სხვა ეკლესიის მიერ უნებართვოდ მშენებლობის წამოწყება. მაგალითი ცხადყოფს, რომ მოჩვენებითი ძმობის დემონსტრირება მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობის ერთადერთი ფორმა არ არის.

საპირისპიროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აქცენტს კვლავ ძმობაზე, მეგობრობასა და რუსული ლიტერატურის სიყვარულზე აკეთებს. მეტიც, პატრიარქს იმდენად აკმაყოფილებს ორ ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობა, რომ მას უწოდებს „მყარ ფუნდამენტს ჩვენი ქვეყნებისთვის და მთავრობებისთვის – მათ ჩვენი ეკლესიებისგან უნდა აიღონ მაგალითი”. ეს ურთიერთობები მაშინაც ისეთივე მყარია, როცა პატრიარქი კირილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერებს პრეზიდენტებად მოიხსენიებს, რუსულ ოკუპაციას კი ქართული სამხედრო ძალებისგან სამხრეთ ოსეთის ხალხის დასაცავად წარმოებულ ოპერაციას უწოდებს. ქართულმა სახელმწიფომ მართლა რომ გაითვალისწინოს პატრიარქის ეს რჩევა, რეგიონების ოკუპაციაზე თვალები ისევე უნდა დახუჭოს, როგორც საპატრიარქო დუმს საეკლესიო ექსპანსიაზე.

საქართველოს პატრიარქის მხრიდან „მეგობრული პოლიტიკის” გატარების მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის წარსულ გამოცდილებას გვახსენებს. საქართველოს წინა პრეზიდენტის პოლიტიკაც ამგვარი იყო: თუ დამპყრობელს ტკბილად დაელაპარაკები და დაუყვავებ – ის პოზიციას შეცვლის. რუსები არარაციონალურ, ემოციებს აყოლილ პირებად აღიქმებიან, რომლებიც ძმური საუბრის შემდეგ საკუთარ ინტერესებზე უარს ამბობენ.

საბოლოოდ, პატრიარქის ვიზიტმა ვერც სახელმწიფოს არგო რამე და ვერც ეკლესიას – სამაგიეროდ, რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მისცა საშუალება ერთმორწმუნეობის ფაქტორი აემუშავებინა: „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შეიძლება წარმოიშვას სირთულეები, გლობალური პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და იდეოლოგიური, ეკლესია, შესაძლოა, ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც განამტკიცებს ხალხებს შორის ურთიერთობებს და გვეხმარება რთულ დროს”, – განაცხადა მედვედევმა ილია მეორესთან შეხვედრისას. რა უპასუხა აღნიშნულ შეხვედრაზე პატრიარქმა პრეზიდენტს, ან უპასუხა თუ არა საერთოდ – ცნობილი არ არის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები