რუსეთთან ურთიერთობა

მედვედევის აღიარება:

2008 წელს უკან რომ დაგვეხია, დღეს სულ სხვა გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნებოდა. რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პრაქტიკულად ხელოვნურად შეთრევას ცდილობდნენ, ალბათ, უკვე იქ იქნებოდნენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა 21 ნოემბერს, ვლადიკავკაზში, რუსული 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრისას.

მოსკოვის მოტივაციის შესახებ ამავე შეხვედრაზე NATO-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმაც ისაუბრა. მისი თქმით, "რომ არ გაგვემარჯვა, ვფიქრობ, უკვე 2008 წლის ბოლოსთვის, NATO აღმოსავლეთით მნიშვნელოვნად გაფართოვდებოდა – საქართველოს და, შესაძლოა, უკრაინის ჩათვლით. ამიტომ, ყველაფერი სწორად გაკეთდა".

იმავე დღეს, უკვე როსტოვში ყოფნისას, დმიტრი მედვედევმა საკუთარი მოსაზრება კიდევ ერთხელ გამოხატა. „ზოგიერთი ჩვენი პარტნიორისათვის, მათ შორის NATO-სთვის, ეს იყო სიგნალი – სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფართოების შესახებ, უნდა იფიქრონ გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, „2008 წლის მოვლენები რომ არა, ახლა ჩრდილოეთ ოსეთთან NATO-ს საზღვარი იქნებოდა”.

მედვედევის განცხადებებზე კომენტარი საქართველოს საგარეო უწყებამ გააკეთა. ოფიციალური თბილისის აზრით, ის ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მიზნები რუსეთისათვის „ცივილიზებულ სამყაროში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა და მიმდინარე რეფორმების შეჩერება” იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიო Эхо Москвы-ს ეთერში განაცხადა, რომ მედვედევის განცხადება სიახლეს არავისთვის წარმოადგენდა. „დასავლეთის არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ სჯერა იმ განცხადებების, რასაც კრემლი აგვისტოს ომთან დაკავშირებით აკეთებს ხოლმე, თითქოს თავის მოქალაქეებს იცავდა. დასავლეთის დამოკიდებულებას კი ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ მიღებული რეზოლუციებიც მოწმობს", – განაცხადა მინისტრმა.

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რაც ბევრი ჩვენგანისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ისედაც ცნობილი იყო – თუ ვინ და რა მიზნით დაიწყო ომი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისი თქმით, „ეს იყო კიდევ ერთი ცინიკური გაცხადება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მიზეზების შესახებ” და „ამ აგრესიული რიტორიკის მიღმა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ნორმების მორიგი დაცინვა იმალება”.

მედვედევის განცხადება ომის რეალური მიზეზების აღიარებად არა მხოლოდ თბილისში, არამედ მოსკოვშიც აღიქვეს. „მედვედევმა საქართველოსთან ომის მიზეზებზე ისაუბრა” – ასე დაასათაურა პროსამთავრობო გამოცემა Московский комсомолец-მა სტატია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების შესახებ.

რადიო Эхо Москвы-ს მიმომხილველი ანტონ ორეხი კი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის განცხადებებმა საზოგადოებაში კითხვები წარმოშვა. „ქართველებთან ომი დავიწყეთ იმისთვის, რომ NATO-ში მათი შესვლა არ დაგვეშვა. გამოდის, ომისთვის რეალური მიზეზები არ არსებობდა და ჩვენ მისი პროვოცირება მოვახდინეთ?” – კითხულობს ჟურნალისტი. თუ ომი ცხინვალში რუსეთის მოქალაქეების ან მშვიდობისმყოფელების დასაცავად კი არ დაიწყო, არამედ ვაშინგტონში და ბრიუსელში „ქორებისთვის” ხელისშესაშლელად – გამოდის, ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს, რომ რაღაც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მზადაა ომი წამოიწყოს, – დასძენს ორეხი.

რუსული Независимая газета აღნიშნავს, რომ მედვედევი 2008 წლის კამპანიას წარმატებად ასაღებს, თუმცა ამ მოვლენებში ტრიუმფი ძალზე ცოტაა და ტრაგედიის შეგრძნება – უფრო მეტი. „სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროები დაიღუპნენ. ის, რომ თითქოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და მშვიდობისმყოფელებს იცავდნენ, დაღუპულთა ახლობლებისათვის მცირე, მაგრამ მაინც ნუგეშია. თუმცა ძალიან ძნელია წარმოიდგინო ნორმალური ადამიანი, რომელიც ტრაგიკულ ბედს შეეგუება გეოპოლიტიკისა და NATO-ს საფრთხის გამო”, – წერს გამოცემა.

აგვისტოს ომზე მედვედევის განცხადება NATO-ს საწინააღმდეგო რიტორიკის ნაწილი გახდა, რომლის საბაბი რუსეთსა და ალიანსს შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის თაობაზე უთანხმოებაა. 23 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ალიანსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაზე რუსეთის პასუხის შესახებ განაცხადა, რომელიც კალინინგრადის ოლქში “ისკანდერის” ტიპის რაკეტების განლაგებას და სტრატეგიული შეიარაღების ზრდას გულისხმობს.

 

კომენტარები