ეგვიპტე

ჯანყი პოსტრევოლუციურ ეგვიპტეში

ჰოსნი მუბარაქის ავტორიტარული მმართველობის დასრულებიდან 9 თვე გავიდა, თუმცა ეგვიპტემ პოლიტიკური არასტაბილურობის მორევს თავი ჯერ ვერ დააღწია. 18 ნოემბერს დედაქალაქ კაიროში ახალმა საპროტესტო აქციებმა იფეთქა და დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სამართალდამცავები აქციაზე გამოსულ მოსახლეობას ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით გაუმასპინძლდნენ. დაახლოებით 40 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი – დაშავდა. 

მუბარაქის გაძევების შემდეგ, ეგვიპტეში ძალაუფლებას სამხედროები ფლობენ, რომლებიც ქვეყანას სამხედრო ძალების უმაღლესი საბჭოს მეშვეობით მართავენ. დემონსტრაციები სამხედროებისგან სამოქალაქო ხელისუფლებისათვის ძალაუფლების გადაცემის გაჭიანურებამ გამოიწვია. მოსახლეობის მოთმინების ფიალა ახალი კონსტიტუციის წინასწარი ვარიანტის პუნქტმა აავსო, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ბიუჯეტი პრაქტიკულად აღარ ექვემდებარებოდა საპარლამენტო კონტროლს. ამას გარდა, სამხედროებს სურდათ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლამდე გადაედოთ. 

საპროტესტო აქციებზე მდგომარეობის გამწვავების შემდეგ, 21 ნოემბერს ეგვიპტის დროებითმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ესამ შარაფის ხელმძღვანელობით, გადადგომის შესახებ განაცხადა. თავის მიერვე დანიშნული მთავრობის გადადგომა სამხედრო საბჭომ 22 ნოემბერს დაადასტურა. საბჭომ დემონსტრანტების დაშოშმინება ყოფილი მმართველი პარტიის წევრებისთვის 28 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების აკრძალვით სცადა. თუმცა ამ სვლამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო.

22 ნოემბერს სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე მოჰამედ ჰუსეინ ტანტავი ეგვიპტელებს დაჰპირდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 1 ივლისამდე გაიმართება. მან სცადა დემონსტრანტების დარწმუნება, რომ სამხედროებს ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი არ აქვთ. ტანტავიმ მზადყოფნა გამოთქვა რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომელიც სამოქალაქო მთავრობისათვის ხელისუფლების დაუყოვნებლივ გადაცემას გადაწყვეტდა. შესაძლოა, მისი ეს განცხადება აქციის მონაწილეების ტონის შერბილებასა და მდგომარეობის განმუხტვისთვის გარკვეული დროის მოგებას ისახავდეს მიზნად.

მუბარაქის პრეზიდენტობის დროს, ეგვიპტის სამხედრო ძალების მეთაურს, 76 წლის ფელდმარშალ ტანტავის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. თებერვალში ის დემონსტრანტების მხარეს დადგა, თუმცა ახლა თავად იქცა მათ სამიზნედ – გამომსვლელები მის გადადგომასაც ითხოვენ.

28 ნოემბერს ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ ის სამ ეტაპად ჩატარდება და იანვარში დასრულდება. დემონსტრაციებმა მის ჩატარებას, შესაძლოა, ხელი შეუშალონ. თუმცა არჩევნების გადადებით ისლამისტური პოლიტიკური ძალები დაინტერესებული არ არიან. მუსლიმურ საძმოს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში ყველაზე ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსები აქვს. მან გადაწყვიტა დემონსტრაციებში მონაწილეობა არ მიეღო. შედარებით ზომიერ პოლიტიკურ ჯგუფებს შეიძლება ხელს აძლევდეთ საპარლამენტო არჩევნების გადადება. მოჰამედ ალ-ბარადეიმ მოითხოვა ახალი სამოქალაქო მთავრობის ჩამოყალიბება, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს სამხედრო საბჭო.

სამხედრო საბჭოს გეგმით, 28 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 100 წევრის შემადგენლობით საკონსტიტუციო ასამბლეა უნდა შექმნილიყო, რომელიც ქვეყნის ახალ კონსტიტუციაზე იმუშავებდა. შემდეგ კონსტიტუცია რეფერენდუმზე უნდა გაეტანათ, საპრეზიდენტო არჩევნები კი რეფერენდუმის შემდეგ უნდა გამართულიყო, რაც 2013 წლამდე გაიწელებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, პროცესი დაჩქარდება და ეგვიპტეს ახალი კონსტიტუცია და სამოქალაქო მთავრობა რამდენიმე თვეში ეყოლება.

ტანტავისა და სამხედრო საბჭოს დაპირებებმა დემონსტრანტები ვერ დააშოშმინეს. კაიროს ტაჰრირის მოედანზე ათეულ ათასობით ადამიანი დარჩა. თებერვლის შემდეგ მათი სლოგანი – ხალხი, არმია, ერთი ხელი – შეიცვალა და ამჟამად ჟღერს როგორც “პოლიცია, არმია, ბინძური ხელი”. საპროტესტო აქციები ეგვიპტის სხვა ქალაქებსაც გადაედო. ხალხი ალექსანდრიაში, სუეცსა და პორტ-საიდში ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრანტები აქციებზე დაღუპული და დაშავებული ადამიანების საქმეთა გამოძიებას ითხოვენ.

ხალხის ნაწილს რევოლუციური განწყობა დღემდე გამოჰყვა. მათ არ სურთ დაიჯერონ, რომ ერთი ავტორიტარული ხელისუფლება მეორით შეცვალეს. მოსახლეობის პოლიტიკური ნების გამოცდა 28 ნოემბერს დაიწყება, პასუხი კი ყველა კითხვას 2012 წლის ზაფხულამდე უნდა გაეცეს. 

 

კომენტარები