პერუ

ახალი გამოწვევების წინაშე

პერუს პრეზიდენტი, ოლანტა უმალა, ქვეყნის პირველ პირად არჩევიდან ოთხ თვეში მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მოქნილი პოლიტიკის წყალობით, მან ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და სოციალური პროგრამების განხორციელება ერთდროულად უნდა მოახერხოს. მანამდე კი ქვეყანაში სოციალური დაძაბულობა უნდა შემცირდეს, რაც, ერთი მხრივ, ადგილობრივებისა და, მეორე მხრივ, ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილებას გულისხმობს.

ქვეყანაში მოსახლეობის მღელვარების მიზეზი სამთო სამრეწველო პროექტების გაფართოებაა. დემონსტრაციები განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ეწყობა. ისინი პირველ რიგში ყველაზე მასშტაბიანი პროექტების – იანაკოჩა (Yanacocha) – მსოფლიოში ოქროს სიდიდით მეორე საბადო, მინას კონგას (Minas Conga) ოქროსა და სპილენძის საბადო, რომელშიც 4,8 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება – შეჩერებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ამ საბადოთა ამოქმედება ქვეყნის ბუნებრივ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი წყლის მარაგებზე უარყოფითად აისახება, მაშინ როცა აღნიშნული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

პერუ მსოფლიოში ვერცხლის სიდიდით პირველი, სპილენძის მეორე და ოქროს მეექვსე უდიდესი მწარმოებელია. შედეგად, საშინაო და საგარეო ინვესტიციების უმთავრესი ნაწილიც სწორედ ამ სექტორებზე მოდის – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მან 30 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ სექტორიდან აკრეფილი გადასახადი ყოველწლიური ბიუჯეტის 10%-ს წარმოადგენს. უმალას წინამორბედმა სწორედ ამ ინდუსტრიაში გატარებული ლიბერალური რეფორმებით, ინვესტიციების მოზიდვით, ვაჭრობის განვითარებით შეძლო 7%-იანი ზრდისთვის მიეღწია. სიღარიბის დონემ 45%-დან 31%-მდე იკლო. თუმცა ეს უკანასკნელი, კვლავაც მთავრობის მთავარ გამოწვევად რჩება. ამას გარდა, ინვესტორებისადმი ხელგაშლილ პოლიტიკას ბევრი არ ეთანხმება, რაც სოციალური უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

ახალმა მთავრობამ ზომიერი სტრატეგია აირჩია. ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების პარალელურად აქცენტი ღარიბი მოსახლეობისთვის სოციალური პროგრამების გაფართოებაზე, მინიმალური ხელფასის გაზრდაზე, საავადმყოფოების მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კეთილდღეობის თანაბარ განაწილებაზე გააკეთა. ამ ყველაფრის განხორციელებას კი 275 მილიონი დოლარი სჭირდება. ფონდების მთავარი წყარო ინვესტიციებიდან შემოსული თანხმებია – უმალას კაბინეტმა სამთო მრეწველობაში ჩართული კომპანიების საშემოსავლო გადასახადი გაზარდა. ამას ინვესტორებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ხალხი უნდა დაეშოშმინებინა. თანაც, რაც ყველაზე მთავარია, განვითარებისა და სოციალური ჩართულობის სამინისტრო შეიქმნა. მისი მეშვეობით, საბადოებზე საექსპლუატაციო სამუშაოები, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე ვერ დაიწყება. თუმცა, მოქალაქეების ჩართულობის დონე კვლავაც ბუნდოვანია – მათ პროექტების დაბლოკვის უფლება არ აქვთ და არც გადაწყვეტილების მიღების პროცედურებია დაკონკრეტებული. კანონის დეტალები იანვრისთვის უნდა დაზუსტდეს – გაირკვევა საკონსულტაციო ჯგუფების ვინაობა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების ფორმა. როგორც ჩანს, ვითარება გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუ აქამდე პრეზიდენტი მოქნილად ლავირებდა, მომავალში შესაძლოა რადიკალური არჩევანის გაკეთების წინაშე აღმოჩნდეს.

ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პერუს ლიდერს ადგილობრივებისა და ინვესტორების ინტერესების თანაბრად გათვალისწინება გაუჭირდება. აღსანიშნავია, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლა სწორედ ღარიბი და სამთო ინდუსტრიებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მქონე მოსახლეობის დამსახურებაა – ამ რეგიონებში 78%-იანი მხარდაჭერა მიიღო. დღეს ისინი უმალასგან დაპირებების შესრულებას ითხოვენ. დაგეგმილი სოციალური პრობლემების განსახორციელებლად კი ინვესტიციებს ცენტრალური ადგილი უჭირავს – 2016 წლისთვის მთავრობა ქვეყანაში 50 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის შემოსვლას ელის. თუმცა, სოციალური წინააღმდეგობის გადაუწყვეტელობის შემთხვევაში, ამის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

 

კომენტარები