საკრედიტო რეიტინგი

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა

0 კომენტარი

სარეიტინგო კომპანიამ – Standard & Poor’s – საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა B+-დან BB--მდე. თუ აქამდე გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა კრედიტისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის მაღალი საგარეო და საშინაო რისკების მქონედ ფასდებოდა, დღეს, საერთაშორისო კომპანიის შეფასებით, ეს რისკები საგრძნობლად არის შემცირებული. საქართველოს საინვესტიციო გარემო სტაბილურია.

Standard & Poor’s-ის მიერ გაზრდილი რეიტინგი მნიშვნელოვანია როგორც უცხოელი ინვესტორების, ისე ადგილობრივი კომპანიებისთვისაც: საქართველოსთვის გაზრდილი კრედიტუნარიანობის გამო, ადგილობრივ კომპანიებს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გრძელვადიანი, იაფი საკრედიტო რესურსის მოზიდვა გაუადვილდებათ.

საკრედიტო რეიტინგის გაზრდას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საკრედიტო რეიტინგი მსოფლიოში 200 ქვეყნიდან მხოლოდ ორ ქვეყანას გაეზარდა: „ეს არის ყაზახეთი, რომელსაც აქვს ბევრი ნავთობი და საქართველო”.

Standard & Poor’s-ის ოფიციალურ დასკვნაში ნათქვამია, რომ საკრედიტო რეიტინგის აწევა მაკროეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სტაბილურობამ განაპირობა. ამ უკანასკნელი მიმართულებით, დასკვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთისა და საქართველოს მიერ ხელმოწერილ ორმხრივ დოკუმენტს. „2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მხარეებმა მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რეგიონში განხორციელდეს საბაჟო მონიტორინგი და იქ არსებულ მდგომარეობას, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი გაეცნოს”, – აღნიშნულია დასკვნაში.

მაკროეკონომიკური კუთხით, Standard & Poor’s-ის დასკვნის მიხედვით, საქართველო საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ერთგულია; ხოლო ქვეყნის საბიუჯეტო ფისკალური პოლიტიკა – გონივრული. ამ გზაზე საერთაშორისო სააგენტო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეკონომიკური თავისუფლების აქტს და მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას: 2013 წლამდე საბიუჯეტო დეფიციტი 3%-მდე უნდა შემცირდეს.

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოს შეფასებით, 2011 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ჯერ კიდევ დაბალი – 3.3 ათასი აშშ დოლარი იქნება. თუმცა 2005-2014 წლებში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო მშპ 6%-ით გაიზრდება. 2014 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 6%-ს გადააჭარბებს. ამ ზრდის მთავარ მამოძრავებლებად Standard & Poor’s-ი სამშენებლო, აგრარულ, ტურისტულ და ენერგეტიკულ სექტორებს ასახელებს.

Standard & Poor’s-ს მიაჩნია, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი კიდევ უფრო ამაღლდება, თუ ენერგეტიკისა და ტურიზმის ექსპორტი გაიზრდება ან უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოედინება. ამ ეტაპზე, სააგენტოს შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში ყოველწლიურად საშუალოდ 6% იქნება. მისივე აზრით, რეიტინგის შემდგომი ზრდა საქართველოსთვის გაცილებით რეალისტური იქნება, თუ ქვეყანა პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარებას გააგრძელებს და 2012-2013 წლების საარჩევნო გამოწვევებს თავს წარმატებით გაართმევს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები