რეიგანის თავისუფლების ცენტრი

ინტერვიუ ჯონ ჰაუბუშთან

ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ რეიგანის მემკვიდრეობა, არამედ გავავრცელოთ ის

მალე საქართველოში რეიგანის თავისუფლების ცენტრი დაიდებს ბინას. შეთანხმება საინიციატივო ჯგუფსა და რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდს შორის 23 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მისაღებ დარბაზში შედგა. ცენტრის მიზანი იმ ფასეულობების გავრცელება იქნება, რასაც რონალდ რეიგანი ემსახურებოდა – პიროვნების თავისუფლება, საყოველთაო დემოკრატია, თავისუფალი ეკონომიკა, ეროვნული ღირსება.

ტაბულა რეიგანის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ჯონ ჰაუბუშს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით რონალდ რეიგანის მემკვიდრეობას?

რეიგანმა გლობალური ცვლილება განაპირობა. ასეთი მასშტაბის მიღწევით ცოტა პრეზიდენტი თუ დაიკვეხნის. გელაპის კვლევების მიხედვით, ის დღემდე, ამერიკელების ყველაზე საყვარელი პრეზიდენტია. მე ვიტყოდი, რომ რეიგანი მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში, ყველაზე დიდი სიმპათიით სარგებლობს. ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ რეიგანის ასი წლის იუბილესათვის, რომელიც წელს აღვნიშნეთ. გამოვკითხეთ მსოფლიო პოლიტიკური, მედია და სხვა წრეების წარმომადგენლები, გვინდოდა გვეპოვა სიტყვა ან ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ხალხის თვალში რონალდ რეიგანთან. ასე მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონი ხალხისთვის ამერიკის მამაა, აბრაამ ლინკოლნმა მონები გაათავისუფლა, რეიგანის შემთხვევაში ასეთი სიტყვა თავისუფლებაა. რონალდ რეიგანი ადამიანების მეხსიერებაში რჩება, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ასობით მილიონ ადამიანს თავისუფლება მოუტანა.

მარგარეტ თეტჩერი ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უპირველეს ყოვლისა რეიგანის დამსახურებაა…

რეიგანი თავმდაბალი ადამიანი იყო, ის იტყოდა და მეც დავეთანხმებოდი, რომ ბერლინის კედელი პირველ რიგში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მკვიდრი მამაცი ხალხის ძალისხმევამ დაანგრია. მთავარი ფაქტორი სწორედ ესაა – რეიგანმა, იოანე პავლე მეორემ და მარგარეტ თეტჩერმა კი განსაკუთრებული როლი ითამაშეს. რეიგანი ყველა დანარჩენისგან განსხვავებით მაშინ ამბობდა სიმართლეს, როცა სიმართლის თქმა ძალიან არაპოპულარული იყო. მან ნავსი გატეხა. თავისი საგარეო უწყების – სახელმწიფო დეპარტამენტის – ნების წინააღმდეგაც კი წავიდა და საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რეიგანმა ზუსტად იცოდა, რომ სწორად იქცეოდა.

რა განაპირობებს რეიგანის აქტუალურობას დღეს? ბოლო პერიოდში მისი ძეგლები დაიდგა ლონდონში, ბუდაპეშტში…

ვფიქრობ, ძეგლის აღმართვაზე მეტად მნიშვნელოვანი იმ ღირებულებებისთვის ბრძოლის გაგრძელებაა, რისთვისაც რეიგანი იღვწოდა. როგორც თავად ამბობდა, მნიშვნელოვანი ადამიანი კი არ არის, არამედ ის, თუ რისთვის იბრძვის იგი. რეიგანი თავისუფლების გამარჯვებისთვის იბრძოდა – ამიტომაა ის დღეს აქტუალური. ფონდის მიზანიც ეს არის, ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ რეიგანის მემკვიდრეობა, არამედ გავავრცელოთ ის. ამ მიზნით ფუძნდება რეიგანის თავისუფლების ცენტრი საქართველოში.

შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისთვის რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლების თემა?

ამერიკა, იმის მიუხედავად, თუ რა მსოფლმხედველობის პრეზიდენტი დგას მის სათავეში, დღემდე რჩება თავისუფალი სამყაროს ღირებულებების შუქურად. თუმცა ვთვლი, რომ შეერთებული შტატების დღევანდელ ხელისუფლებას წაადგებოდა, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის მაგალითით ეხელმძღვანელა. ვფიქრობ, ასე მსოფლიო უკეთესი გახდება.

რეიგანის ფონდის საქმიანობის შესახებ რას იტყოდით?

რეიგანის საპრეზიდენტო ფონდი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც თავად პრეზიდენტმა რეიგანმა დააარსა, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა. ორგანიზაცია იმ ღირებულებების გავრცელებას უწყობს ხელს, რასაც რონალდ რეიგანი ემსახურებოდა. ის ინახავს ყველაზე დიდ და პოპულარულ საპრეზიდენტო ბიბილიოთეკას შეერთებულ შტატებში. აფინანსებს სტიპენდიებს იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც რონალდ რეიგანის ღირებულებებს იზიარებს. აწყობს საჯარო ლექციებს. ახლა ვიწყებთ პარტნიორობას საქართველოსთან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. რეიგანის თავისუფლების ცენტრის შექმნა საქართველოში, სწორედ ამ პარტნიორობის შედეგია.

რეიგანის თავისუფლების ცენტრი პირველი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ფუძნდება. რა იქნება მისი მიზანი?

დღეს ხელი მოვაწერეთ განზრახვის წერილს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქართული მხარე დააკმაყოფილებს რეიგანის ფონდის მოთხოვნებს და დაარწმუნებს, რომ შეუძლია შექმნას და დააფინანსოს ორგანიზაცია, რომელიც რეიგანის მემკვიდრეობის გავრცელებას შეუწყობს ხელს – იგი შეძლებს რეიგანის სახელის გამოყენებას. თქვენ მართალი ხართ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეიგანის ფონდი შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ორგანიზაციის დაფუძნებით დაინტერესდა. იმედი მაქვს, შედეგსაც მალე ვიხილავთ. მსგავსი ცენტრების გახსნა ლიტვაში, უნგრეთსა და პოლონეთში იგეგმება.

ვინ და როგორ დააფინანსებს თავისუფლების ცენტრს?

დაფინანსება, სასურველია, კერძო სექტორისგან წამოვიდეს. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობის დახმარების გარეშე შეძლოს არსებობა. რეიგანის მსოფლმხედველობას თუ გავითვალისწინებთ, მას არ მოუნდებოდა, ეს ორგანიზაცია ამა თუ იმ ხელისუფლების ფილიალი ყოფილიყო.

 

კომენტარები