ომანი

სულთანი ქაბუსი მძევალთა განმათავისუფლებელი

ომანი კვლავ გადამრჩენის როლშია. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავრობამ ფრანგი სამშვიდობოები ალ-ყაიდასგან დაიხსნა. 3 ჯარისკაცში ომანის ხელისუფლებამ და იემენელმა ბიზნესმენმა 12 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

ასეთი გაბედული და მეგობრული ნაბიჯისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ომანის სულთანს ქაბუს ბინ საიდ ალ საიდს “გულითადი” მადლობა გადაუხადა.

ბევრმა ეს საფრანგეთისადმი თბილი დამოკიდებულების კიდევ ერთ გამოხატულებად მიიჩნია. მართლაც, სულთანი ხშირად საუბრობს ორი ქვეყნის “გამორჩეული ურთიერთობების” შესახებ და ცდილობს მტკიცე ურთიერთობები დაამყაროს არა მარტო საფრანგეთთან, არამედ მთელ დასავლეთ სამყაროსთან.

2010 წელს ომანმა ნახევარი მილიონი გადაიხადა ამერიკელი მოგზაურის, სარა შოურდის სანაცვლოდ, რომელიც თავის საქმროსთან ერთად ირანელებს ჰყავდათ დატყვევებული. 1 წლით ადრე, იმავე რაოდენობის თანხა ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქის, ჯოშ ფატალის დასახსნელად, ომანის სულთანმა გაიღო. WikiLeaks-ი ირწმუნება, რომ 2007 წელს ბრიტანელი მეზღვაურების ირანელებისგან გათავისუფლებაც ომანის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

დასავლეთთან დაახლოების ერთ-ერთ გზად ომანი შუა აღმოსავლეთში საკუთარ გავლენებს იყენებს. უკანასკნელ წლებში ომანის სასულთნო რეგიონის ერთგვარ კონტროლიორად იქცა. იგი სამეზობლოში განვითარებული მოვლენების ეპიცენტრშია და, როგორც ყველაზე ძლიერი, მათზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

ქაბუსი – რომელსაც რობერტ კაპლანი “არაბულ სამყაროში ყველაზე კარგად ინფორმირებულ მმართველს” უწოდებს, ომანის სათავეში 1970 წელს მოვიდა და ძალიან მალე, იზოლირებული და არასტაბილური ქვეყანა რეგიონის წამყვან ძალად აქცია. 1980 წელს არსებული პოლიტიკური კრიზისის დროს ომანმა მოახერხა დიპლომატიური ურთიერთობები შეენარჩუნებინა როგორც ირანთან, ასევე ერაყთან. პარალელურად კი, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს კონფლიქტის აღმოფხვრისკენ მოუწოდებდა.

დიპლომატიური ბალანსირების პოლიტიკის წყალობით ომანმა მოახერხა, რომ დღეს ირანთანაც და ამერიკასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. თავის დროზე შაჰის მომხრე ქაბუსმა თავიდან აიცილა ირანის მხრიდან მტრული დამოკიდებულება. ამის ნაცვლად მან თეირანთან თანამშრომლობა დაიწყო ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სადაც მსოფლიო ნავთობის 40%-ის წარმოება ხდება.

ომანის მიზანი, რაღა თქმა უნდა, რეგიონში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებაა, ამისათვის ირანისა და აშშ-ის დალაგებული ურთიერთობები ერთ-ერთი მთავარი პირობაა. “ომანი ირანს განიხილავს, როგორც რეგიონის პოტენციურ საფრთხეს, მაგრამ ამის მიუხედავად, მასთან მაინც მტკიცე თანამშრომლურ ურთიერთობებს ირჩევს”, – განაცხადა 2010 წელს ამერიკის დიპლომატიურმა კაბინეტმა.

სამი ამერიკელი მოქალაქის ირანელებისგან დახსნის შემდეგ, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ორი ქვეყანა უახლოეს მომავალში საერთო ენის გამონახვას მოახერხებს.

თავის მხრივ, ომანის თბილი ურთიერთობები ამერიკასთან დაახლოებით 1841 წლიდან იწყება, როცა არაბული სახელმწიფოებიდან მან პირველმა აღიარა შეერთებული შტატები. დღეისათვის ომანს ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს დადებული. 2010 წელს სასულთნომ თანხმობა განაცხადა, ამერიკის სამხედრო ძალებს ომანის სამხედრო ბაზები გამოეყენებინათ.

ორი ქვეყნის ურთიერთობაში შედარებით კრიტიკული მომენტი ირანის მიერ საუდის ელჩის მკვლელობის დროს დადგა. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ომანის სასულთნოს მიმართ შენიშვნები გამოთქვა და განაცხადა: “ჩვენ ველოდით, რომ ირანის მიერ ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას ომანი საკუთარ კავშირებს გამოიყენებდა და ირანს ჩაფიქრებული დანაშაულის განხორციელებაში ხელს შეუშლიდა”.

კომენტარები