პოლიტიკური სპექტრი

ქართულად ოცნება — სტრატეგიული გეგმა და ბიუჯეტი

თქვენ მე არ მიცნობთ. მე ტაბულას ერთგული მკითხველი ვარ, ჯუანშერ (იურა) შოშითარაშვილი. ვარ მეცნიერი (ექსპერტი-ფილოსოფოსი), და ამჟამად (და იმედია სამუდამოდ) მოძრაობა „ქართულად ოცნების” წევრი, „საქართველოს შემდგომი განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” თანაშემქმნელი.

ჩვენ ძალიან გვაწუხებს, რომ ორ ათეულ წელზე მეტია, ქვეყანა ერთსა და იმავე მანკიერ წრეზე ტრიალებს და ტრიალებს. ხალხი გაბრუვდა.

ჩვენი მიზანი არის კიდევ ერთი ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის დაწერა, მაგრამ ისეთის, რომ შეესაბამებოდეს თანამედროვე ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით ინტელიგენციის, მისწრაფებებს და წარმოდგენებს, წუხილსა და მოლოდინს.

ჩვენ განვსაზღვრეთ რეფორმების პრიორიტეტული მიმართულებები, მოვამზადეთ მეცნიერულად დასაბუთებული სათანადო პროგრამები. ჩვენი შრომის შედეგი უნდა ეკუთვნოდეს მთელ ჩვენს საზოგადოებას და ამიტომ მე გადავწყვიტე გამერისკა და ჩვენი მთავარი დოკუმენტის პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მისი საჯარო პრეზენტაცია-განხილვა დინამოს სტადიონზე არ მომხდარა, ტაბულას რედაქციისათვის (ანუ თქვენთვის) გამომეგზავნა.

● მოხდება საქართველოს პარლამენტის 75% პლუს ერთი აქციის შეძენა, იმ პირობით, რომ 2 წლის შემდეგ ეს პაკეტი დაუბრუნდება ხალხს სიმბოლურ ფასად, 15%-ით გაზრდილი მშპ-თი – 1 875 310 ლარი

● კაი საქმეების კეთება მყისიერად მოიცავს მთელ საქართველოს – 1 234 567 890 ლარი

● მყისიერად აშენდება ბევრი ქარხანა და დასაქმდება ბევრი ქართველი – 987 654 321 ლარი

● თითოეულ ქართულ ოჯახს გამოეყოფა უფასო საწოლი უფასო საავადმყოფოში, როგორც მკურნალობის, ასევე ნებისმიერი სხვა გამოყენების უფლებით – 765 432 199 ლარი

● საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტებს (მათ შორის, გარდაცვლილებს) დაენიშნება სამუდამო პენსია, რომელიც მემკვიდრეობით გადავა მათ შვილებზე და შვილიშვილებზე – 538 383 838 ლარი

● მყისიერად შეიქმნება უპატრონო გარეული ცხოველების უფასო თავშესაფარი თავისი უფასო ზოოპარკით – 482 102 030 ლარი

● საქართველოს მოსახლეობის სრული უუნარობის გამო, რამე გააკეთონ, მათ დენი, წყალი და გაზი მიეცემა უფასოდ – 323 456 789 ლარი

● ქართველი ხალხის ოცნების შესაბამისად, ყოველი პარასკევი დადგინდება უქმე დღედ – 131 786 543 ლარი

● შეიქმნება ქართული გაგების, კაცობის და სიყვარულის მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი – 78 456 377 ლარი

● საშობაოდ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ დაურიგდება ნიგოზი და თაფლი, ხოლო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტებს, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრებს გაუგრძელდებათ ინდაურების დარიგება – 40 456 782 ლარი

● სარვამარტოდ ყოველ ქართველ ქალს გადაეცემა უფასოდ რამე კარგი – 24 983 743 ლარი

● სააღდგომოდ საქართველოს ყოველ მამაკაცს მივცემთ უფასოდ ორ კვერცხს – 2 982 222 ლარი

● ქართული სოფლის ფეხზე მყისიერად წამოსაყენებლად, გზას მივცემთ ეროვნულ მეზებრეობას და მეპინგვინეობას – 1 789 510 ლარი

● თბილისში შევქმნით თანამედროვე ხელოვანთა პანთეონს (სასაფლაოს), სადაც უფასოდ დავასაფლავებთ ცნობილ უცხოელ მხატვრებს, სკულპტორებს, დიზაინერებს – 1 200 838 ლარი

● ყოველ ქართველ ოჯახს, მეოთხე ვაჟის დაბადების შემთხვევაში, მყისიერად მივცემთ უფასო გაზის გამათბობელს – 459 712 ლარი

● ქართული სულიერების, ცნობიერების, ხედვის შემდეგი განვითარებისათვის:

 • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობის მესამედი დაინიშნება უშუალოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის მიერ – 800 ლარი

• რუსთაველის თეატრის სამხატვრო საბჭოს შემადგენლობის მესამედი დაინიშნება ქაშუეთის ეკლესიის მრევლის შემადგენლობიდან – 600 ლარი

• ეთხოვოს საპატრიარქოს მოახდინოს სინოდის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის გმირების, ლენინის პრემიის ლაურეატების და სოციალისტური შრომის გმირების კოოპტირება – 500 ლარი

 ● დაწესდება ქართული ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენლის წოდება და ფულადი ჯილდო – 300 ლარი

● მყისიერად აღდგება თბილისი-მოსკოვის ავიარეისებზე ბილეთის ფასი 37 ლარი – 37 ლარი

● რუსეთთან ურთიერთობების დალაგების წინა- და შემდეგ პერიოდში, ყველა ქართველს მიეცემა საშუალება, ჰქონდეს რუსულად კარგად ჟღერადი დამატებითი (სათადარიგო) სახელი – უფასოდ

თენქ იუ

ჯუანშერ (იურა) შოშითარაშვილი

გაგრძელება იქნება...

კომენტარები